ჩოგბურთი

11:24 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინდიანუელსური მოულოდნელობანი

მსოფლიო კლასიფიკაციის მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მესამე წრეში რუმინელი ვიქტორ ჰანესკუს 7:6, 6:2 დამარცხების შემდეგ გავიდა. 26 წლის სერბის შემდეგი მოწინააღმდეგე რეიტინგსიის 87-ე ადგილზე მყოფი კოლუმბიელი ალეხანდრო გონსალესია.

ჯოკოვიჩმა 32 წლის ჰანესკუს დამარცხება საათსა და 24 წუთში “მოასწრო”. “ნოლემ” 2 ბრეიკი და 5 ეისი განახორციელა და პირად შეხვედრებში ზედიზედ მეშვიდედ გააწბილა რუმინელი. მატჩის დასრულების შემდეგ ჯოკოვიჩი თავისი თამაშით კმაყოფილი არ იყო – ინდიან უელსში პირველი მატჩი ჩავატარე, ცენტრალურ კორტზე ასპარეზობისას საადაპტაციოდ დროის გარკვეული მონაკვეთი დამჭირდა და მომდევნო ეტაპებზე უკეთ გამოსვლას ვაპირებო.

ინდიან უელსში მესამე წრეში ვერ გავიდნენ რეიტინგსიის მეხუთე და მეათე ნომრები ჩეხი ტომაშ ბერდიხი და ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა. ბერდიხი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან 6:4, 2:6, 4:6 დამარცხდა, ნამატჩევს კი განაცხადა, წლეულს ჩემი ყველაზე სუსტი თამაში ვაჩვენე, ამასთან მეტოქე ბრწყინვალედ მოქმედებდაო. ცონგას რაც შეეხება, 28 წლის აფროფრანგმა 4 წლით უფროს თანამემამულე ჟულიენ ბენეტოსთან 4:6, 4:6 წააგო.

ამასობაში ტრავმის გამო კალიფორნიის შტატში გამოსვლაზე უარი განაცხადა კლასიფიკაციის მეშვიდე ნომერმა ხუან მარტინ დელ პოტრომ. ამასთან დაკავშირებით არგენტინელმა სინანული გამოთქვა, თუმცა დაამატა, იმედია მაიამიში ასპარეზობას შევძლებო. 

0.11726