Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების, "ტორინოსა" და "იუვენტუსის" საზიარო ფეხბურთელი ჩირო იმობილე დორტმუნდის "ბორუსიაში" ითამაშებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობის თანახმად, გერმანელები მზად იყვნენ 24 წლის თავდამსხმელში 19 მილიონი ევრო გადაეხადათ. ტურინული კლუბები კი 25 მილიონ ევროს ითხოვდნენ.
თუ იტალიურ გამოცემას დავუჯერებთ, კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ და უახლოეს მომავალში იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გერმანულ გრანდში ითამაშებს. "დორტმუნდი" იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტს და წლიურ ანაზღაურებას 2 მილიონ ევროს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ჩირო იმობილე 2013/14 წლების სეზონში 22 გოლით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. იტალიელმა სამი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
გიორგი ბალახაძე