გულშემატკივრის სვეტი

11:58 | 3.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

იმერეთში

-    პაწა შევისვენოთ ახლა, პლატონ ბატონო, თორემ გადავწყდით უკვე აღმა-დაღმა ამდენი წანწალით. აგერ, ახლოს, ჩემი მოკეთეს სახლი მეგულება და ერთ დოქ ცოლიკოურს რაფერ დაინანებს ჩვენთვის?!
-    ჯერ ადრეა დასვენებაზე ფიქრი, კირილე. სანამ მთელს იმერეთს ბოლომდე არ დავივლით და სირბილი რომ არ ეზარებთ, იმფერ ფეხურთელებს არ ვნახავთ, მე არ ვაპირებ დასვენებას. შენ თუ გინდა, დეისვენე, ჩემო ბატონო. მე კი, გოვუყვები გზას...
-    რავარი უცნაური კაცი ხარ, ჩემო პლატონ. იმას ხომ არ გეუბნები, არ გავაგრძელოთ ძებნა-თქვა. ჩავხაროთ მუხლი პაწა და მერე გავაგრძელოთ გზა. თანაც, ხომ ხედავ, ამდენს დავდივართ და ჩვენ რომ გვჭირია, იმფერი ფეხბურთელები ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ. რა უბედურება გვჭირს ნეტა ასეთი...…
-    უბედურება კი არა, სიზარმაცე ქვია ამას. ახლა ყველას ლეო მესობა და რონალდუობა უნდა, მარა გამძლეობა ამათ არა აქვთ და მონდომება. ამათხელა რომ ვიყავი, მამაჩემი ბეკინა ათ წრეს მარტყევინებდა მთელი სოფლის გარშემო და მაინც ვიყავი მხნედ და დოუღალავად. ესენი კიდო რამ დაასირისტიანა, არ ვიცი. ხომ ნახე, ჭიათურაში რავარი ნიჭიერი ბოვში ვნახეთ. რაფერ კარგი ტექნიკა ჰქონდა, მარა რად გინდა?! გეირბინა ვორი მეტრი და გადმოაგდო ენა ჯაგლაგი ცხენივით. ეტანება, ალბათ, პაპიროზებს და მიტო.
-    მარტო პაპიროზის ამბავი არ მგონია ეს მე. არასწორი კვების ამბავია ეგ ყველაფრი. 18 წლის ბაღანე ყანწებს რომ დაატრიალებს ბაბუაჩემი სერგიასავით, რა ფეხბურთლი გამოვა მისგან? თან, მე შენ გეტყვი და, სულ ნატური ღვინო არ დაალევიონ. დოუსხამენ რაცხა შვლაპს და გოუხეთქავენ კუჭს ბაღანას. შენ კი მაინც გიკვირს, რეიზა ვერ თამაშობენო. ადრე, კაცი ბურთს რომ თამაშობდა, იმას თავისი კვების რეჟიმი და ამბები ჰქონდა, აპა?! კაი დედის შვილი იყო და, ამოეყორა მუცელი თიმთიმა ხორცებით. მწვრთნელი ეგრევე გააგდებდა სახლში ობოლი ხბოსავით. ახლა კიდო, პატრონი არ ყავს ჩვენს ფეხბურთს და მიტომ ვართ ასთე...
-    მთლად ბოლომდეც ნუ გადეიწურავ იმედს კირილე. არც ისე დაქცეულები ვართ, შენ რო გგონია. გამოჩნდება ვინცხა ნიჭიერი ბაღანე, აპა რა იქნება...
-    მეც მაგი მინდა რომ გამოჩნდეს. თვარა, უკვე ისე ვარ დაქანცული, ჩამოვალ ამ ბეხრეკი ცხენიდან და წოვუძინებ საცხა ხის ჩეროში. აპა, მოკეთესთან პურის საჭმელად შენ მაინც არ მომყვები და...
-    სირცხვილია, შეკაცო. სულ ჩანგალზე რაფერ უნდა დადიოდე სტუმრად? ხალხის შეწუხება არ მიყვარს მე. თან, საქმიზა ვართ წამოსულები.
-    მშიერი კაცის გაკეთებული საქმე არ გეიშვას არსად. თანაც, რაფერც მახსოვს, იმ ჩემს მოკეთეს, აქ რომ ცხოვრობს, კაი ჯანიანი ბიჭი ჰყავს. იქნება ასე, 20 წლის. ჰოდა, იქნებ გამოგვადგეს მაი ბაღანა. ხო იცი, თავის დროზე, ბევრი დიდი ფეხბურთელი ასთე, სულ შემთხვევით აღმოაჩინეს და მერე ქე ათამაშეს დიდი ფეხბურთი.
-    მატყუებ ახლა რაღაცას შენ, კირილე...
-    არ მენდობი თუ რაია? ხო იცი, ცუდ საქმეს არ მევინდომებ შენთვის. უცხო ხომ არ ხარ ბოლო-ბოლო, შეკაცო.
-    ვითომ უხერხული არ იქნება ამ შუადღისით რომ მივადგეთ იმ პატიოსან კაცს? იქნებ, მუშაობს კაცი და საქმეს რეიზა უნდა მოვწყვიტოთ?!
-    აი საქმე მე მომანდე, ჩემო პლატონ. უხერხული რა არის და რა არა, მაგი მე უფრო კარგად ვიცი, შენ ნუ მომიკვდები. რაც მაგ კაცს დედაჩემის გამომცხვარი ხაჭაპური აქვს ნაჭამი, ვორ ჭიქა ღვინოს და მჭლე დედალს რავა დაგვამადლის. თან, საქმეზე მივდივართ, გასართობად ხო არა...
-    ეგება, ბიჭი არ ჰყავს ემ მინუტში სახლში და ტყვილა მოგვიწიოს მისვლა. ამეიღე მაი მობილური და დოურეკე წინდაწინ.
-    არ უნდა ამ საქმეს მობილური და რაცხა ეშმაკის გამოგონებები. მივიდეთ პატიოსნად და დევილაპარაკოთ საქმეზე. ჰა, წამო ახლა, თვარა, მიმეკრო კუჭი მუცელზე.
-    ეჰ, შენ რომ კაცს გადაეკიდები კირილე მიმინოშვილო... ვიცი, ახლაც რაღაც შარში უნდა გამხვიო, მარა, ხათრიანი ვარ და ეგია ჩემი უბედურება...

ლევან სეფისკვერაძე
 

0.11312