ფეხბურთი

14:56 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილურიძე “ჰაიდუკს” დაუბრუნდა

კვიპროსის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-10 ტურშო, კვიპროსის “ანორთოსისმა”, სადაც შოთა გრიგალაშვილი ირიცხება, თავის მოედანზე ლარნაკას აეკ-ს ვერ მოუგო – 1:1.

გრიგალაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 79-ე წუთიდან ჩაერთო. “ანორთოსისს” 19 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-5 ადგილზეა.

ხორვატიის პირველ ნაციონალურ ლიგაში სპლიტის “ჰაიდუკმა” შინ “ოსიეკს” ვერ აჯობა – 1:1. გამოჯანმრთელებული ილურიძე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ სპლიტელთა ქართველმა შემტევმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში შოტლანდიისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ იასპარეზა. “ჰაიდუკს” 35 ქულა აქვს და 10 გუნდში მეორეა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-10 ტურში “ჟილ ვისენტე” გასვლაზე “მარიტიმუსთან” 2:3 დამარცხდა. ავთო ებრალიძეს სტუმართა რიგებში დისკვალიფიკაციის მიზეზით არ უთამაშია.

ბელარუსის პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა ბრესტის “დინამომ”, რომელშიც უჩა გოგოლაძე გამოდის. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ბრესტელებმა შინაურ კედლებში “მინსკს” 1:0 მოუგეს და გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდს 4 ქულით უსწრებენ. გოგოლაძე “მინსკთან” მატჩში 18-კაციან განაცხადში არ იყო.

უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) მე-20 ტურში, გათამაშების ლიდერმა დონეცკის “ოლიმპიკმა”, რომლის კარსაც ზაურ მახარაძე იცავს, ალჩევსკის “სტალი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. მახარაძემ ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი გუნდი 16-გუნდიან სატურნირო ცხრილს სათავეში 44 ქულით უდგას.

“მიკოლაევმა”, რომელშიც გიორგი ჯგერენაია თამაშობს სტუმრად “ავანგარდთან” 1:3 წააგო. ქართველი მარცხენა მცველი მოედანზე მე-80 წუთზე შეცვლაზე შევიდა. “მიკოლაევს” 18 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-15 პოზიციაზეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 25-ე ტურში, ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკი” ბელგოროდში ადგილობრივ “სალიუტს” დაუზავდა – 0:0. მერაბ ურიდიამ “ნეფტეხიმიკში” 86-ე წუთიდან ითამაშა. ნიჟნეკამსკელებს 15 ქულა აქვთ და 19 გუნდში მე-18 ადგილზე იმყოფებიან.

ვლადიკავკაზის “ალანია”, სადაც გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ირიცხებიან, უფინანსობის გამო ვლადივოსტოკში “ლუჩთან” სათამაშოდ ვერ გამოცხადდა, რის გამო, 0:3 წაგება ჩაეთვალა. ამის მიუხედავად, “ალანიას” 46 ქულით მეორე ადგილი უკავია.

გერმანიის მე-3 ლიგის მე-17 ტურში, “უნტერჰახინგი” “ოსნაბრუკს” ეწვია და 1:3 წააგო. ლუკას ჰუფნაგელი, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “უნტერჰახინგს” 27 ქულა აქვს და 20-გუნდიან მე-3 ლიგაში მე-4 ადგილზეა.

0.12344