მარიუპოლის “ილიჩივეცის” მთავარი მწვრთნელის, ნიკოლაი პავლოვის თქმით, თუ დავით თარგამაძე სასურველ სათამაშო ფორმაში იქნება, მას ხელს არავინ შეუშლის.
“თარგამაძემ გუნდი კი იპოვა, მაგრამ სავიზო პრობლემები შეექმნა. მან დუბლშემადგენლობაში ითამაშა. თუმცა, მთელი მოსამზადებელი პერიოდი გაუცდა. თუ დაამტკიცებს, რომ სასურველ ფორმაში იქნება, მას კვლავ ვენდობით. სპეციალურად არავინ დასჯის” – იუწყება პავლოვის სიტყვებს უკრაინული მედია.
მარიუპოლელთა პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოიკომ კი აღნიშნა, რომ თარგამაძის საკითხი მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია:
“არც კი ვიცი ითამაშებს თუ არა. ეს მთავარი მწვრთნელის საქმეა. მე ამ საკითხებით დაკავებული არ ვარ”.
თარგამაძე, რომელსაც ზამთარში რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ეკატერინბურგის “ურალში” იჯარით გადასვლა ჩაეშალა, ისევ “ილიჩივეცში” დაბრუნდა. მან მარიუპოლელთა სარეზერვო გუნდში დონეცკის “მეტალურგის” დუბლებთან ითამაშა და გოლი გაიტანა. ხსენებული მატჩი “ილიჩივეცმა” 2:1 მოიგო.