ფეხბურთი

12:09 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ილიჩივეცის” თავკაცი: “ოქრიაშვილსა და თარგამაძეს უთხრეს, რომ სერია А-ში ელოდებიან”

უკრაინული გამოცემის football.ua-ს თხოვნაზე, რომ კომენტარი გაეკეთებინა ქართველი ლეგიონერების ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე, მარიუპოლის “ილიჩივეცის” მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა ასეთი პასუხი გასცა: “მათზე კიდევ რა უნდა ვთქვა?”.

თუმცა, საბოლოოდ მაინც დათანხმდა დაეკონკრეტებინა რას გულისხმობდა, როდესაც დნეპროპეტროვსკში ჩატარებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბი ქართულ დუეტთან თანამშრომლობას წყვეტდა.

- როგორ გავიგოთ თქვენი ფრაზა, რომ ოქრიაშვილი და თარგამაძე ნაკრებიდან არ დაბრუნდნენ?

- თქვენ ეტყობა ვერ გაიგეთ: მე ვგულისხმობდი, რომ ისინი დაბრუნდნენ, მაგრამ ტრავმირებულნი. საქართველოს ნაკრებში ტრავმები მიიღეს და ჩვენ მათ უნდა ვუმკურნალოთ.

- ყველამ იფიქრა, რომ ისინი ფიზიკურად არ დაბრუნდნენ?

- არა, მე უკვე განვმარტე რას ვგულისხმობდი.

 

- ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ფეხბურთელები ნაკრებში ჩატარებულ მატჩებში ტრავმებს იღებენ და შემდეგ კლუბები მათ მკურნალობენ. გამოდის, მათი წასვლის მიზეზი სხვაა?

- რა თქმა უნდა, სხვაა. მათ იჯარის ვადა დაუმთავრდათ. თავად ბიჭები თვლიან, რომ “ილიჩივეცისთვის” გაიზარდნენ. მათ რაღაც გრანდიოზული გეგმები აქვთ: ვიღაცამ საქართველოში უთხრა, რომ სერია А-ში ელოდებიან.  

- საკადრო თვალსაზრისით თქვენთვის სერიოზული დანაკლისია? თუ მათ გარეშე თამაშს უკვე მიეჩვიეთ?

- გასაგებია, რომ სერიოზული დანაკლისია. ჩვენ სატრანსფერო ფანჯარას კვლავ დანაკარგებით ვიწყებთ: ზაფხულშიც წავიდნენ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები და ახლაც მიდიან. თუმცა, რატომღაც ჟურნალისტები ამის შესახებ არ წერენ.

0.117393