1966 წელი, 22 სექტემბერი, თბილისის “დინამომ” საბჭოეთის ჩემპიონატის მატჩში 5:0 მოუგო ერევნის “არარატს” და შეხვედრა ერთი კაცის ბენეფისად იქცა – ხუთივე გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა. და თანაც, გეგონება, სულ არაფერიო, ამ ამბავს 23 წუთი მოანდომა.
“არ მინდა, სომეხი მეგობრები გავანაწყენო” – გვითხრა დათუნაშვილმა, როდესაც “მსოფლიო სპორტი” დაუკავშირდა და 45 წლის წინანდელი მატჩის გახსენება სთხოვა.
თუ ვინმემ არ იცის, შევახსენებთ, რომ დათუნაშვილი “დინამოს” 60-იანი წლების “ოქროს ბიჭების” წარმომადგენელია და უმნიშვნელოვანესი გოლები აქვს გატანილი ტაშკენტის “ოქროს მატჩში” მოსკოვის “ტორპედოსთან” – პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია კარში, მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც კიდევ მიითვალა გოლი და საბოლოოდ, “დინამომ” 4:1 მოიგო.
მაგრამ ახლა, “არარატთან” გოლებზე. 9 თებერვალს, საქართველო-სომხეთის ამხანაგური თამაშია კვიპროსზე და ასე ვთქვათ, წინასამატჩო განწყობის შესაქმნელად...
“თამაშის წინ რას წარმოვიდგენდი, რომ ხუთ გოლს გავიტანდი. ჩვეულებრივ ვემზადებოდი, არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ, ისეთ პოზიციებში ვხვდებოდი, უნდა გამეტანა. იღბალიც იყო. ისე არ ყოფილა, თითქოს პასებს არ ვიძლეოდი და მაინცდამაინც მე უნდა გამეტანა” – ამბობს დათუნაშვილი.
სხვათა შორის, ზოგი სტატისტიკური წყაროს ცნობით, დათუნაშვილმა ის 5 გოლი 27-წუთიან ინტერვალში შეაგდო: “არა, გუშინდელივით მახსოვს, მოედნიდან რომ გავდიოდი, ტაბლოს შევხედე და პირველი გოლი მე-2 ტაიმის მე-4 წუთზე მქონდა გატანილი, ბოლო კი – 27-ე წუთზე”.
დათუნაშვილმა გაიხსენა, მეექვსეს გატანაც შემეძლო, მაგრამ ალექსანდრე ილიადიმ დაარტყა ჩემს მაგივრადო.
“მე-6 გამქონდა, თითქმის აღარაფერი აკლდა გოლს, მაგრამ ილიადი გამოხტა და ძელს გაარტყა. მივუბრუნდი, ეს რა მიქენი-მეთქი. სიცილით შემომძახა, რაო, მარტო შენ გინდა გატანაო?”...
“არარატის” გამამწარებელს გასახდელთან ედუარდ შევარდნაძე ელოდებოდა – იმხანად, საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. “გასახდელში რომ შევედით, “დინამოს” საბჭოს თავმჯდომარე, დიდიძე შემოვიდა, ყველას მოგვილოცა მოგება და მე მითხრა, გარეთ გელოდებიანო. გასახდელს გარეთ შევარდნაძე და მისი მოადგილე, ვარლამ შადური იდგნენ. მადლობა გადამიხადეს”.
დათუნაშვილს ვკითხეთ, ამ გოლების კასკადის გამო “არარატის” ფეხბურთელები ან გულშემატკივრები ერევანში მტრულად ხომ არ დახვდნენ, თუმცა... “არა, “დინამოსა” და “არარატის” ფეხბურთელებს მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა, ვმეგობრობდით კიდეც. დღეს ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს, თორემ ადრე ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა. გულშემატკივრებს შორის იყო დაძაბულობა, მაგრამ ერევანში მტრულად ნამდვილად არ დამხვედრიან იმ გოლების გამო. მინდორზე ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. გასატანი მქონდა და არ გამეტანა?”.
და ბოლოს, “დინამო”-“არარატის” ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც დაგაინტერესებთ. საუბარია მხოლოდ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩებზე: გუნდები 64-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 26-ჯერ “დინამომ” მოიგო, 18-ჯერ “არარატმა”, 20 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 82:68 თბილისელთა სასარგებლოდ. 5:0 ყველაზე დიდი სხვაობა იყო, რაც ამ გუნდების მატჩისას დაფიქსირებულა. გუნდების, რომლებიც, ფაქტობრივად, თავიანთი ქვეყნის ნაკრებებს წარმოადგენდნენ.
ილია ნანობაშვილი







