ფეხბურთი

11:10 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილასი: “მეოთხედფინალის მწარე გამოცდილებას ნახევარფინალში გავითვალისწინებთ”

დორტმუნდის “ბორუსიასთან” საპასუხო მეოთხედფინალურ პაექრობაში 0:2 განცდილი მარცხის შემდეგ მადრიდის “რეალის” ლეგენდარული მეკარე იკერ კასილასი ჟურნალისტებს გაესაუბრა და მათ ჩემპიონთა ლიგის 2 ნახევარფინალურ მატჩში სანტიაგო ბერნებეუელთა მიერ დაცვაში უფრო მეტად ყურადღებიან თამაშს დაჰპირდა.

 - საკუთარ მინდორზე 3:0 მოგების შემდეგ “რეალის” ქომაგები ნაკლებად ელოდნენ, თუკი დორტმუნდში ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში საქმე სანერვიულოდ გაუხდებოდათ. პირადად თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო მეოთხედფინალის მეორე რაუნდის ამგვარი მსვლელობა?

- პირველი გოლი სულელური შეცდომის შედეგად გავუშვით, მეორე კი მინდვრის ცენტრში ბურთის გაუმართლებელ დაკარგვას მოჰყვა. ამასთან მეორე ტაიმში დავამტკიცეთ, ფსიქოლოგიურად მდგრადი ფეხბურთელები რომ ვართ. პენალტის გაფუჭებისა და 0:2 ანგარიშის მიუხედავად, არ გავტყდით და შესვენების შემდეგ სიტუაციის კონტროლს ვახერხებდით. ნახევარფინალში ამგვარი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს.

შესაძლოა, კარგიცაა მწარე გაკვეთილი მეოთხედფინალში რომ მივიღეთ. ფინალამდე ერთადერთი ნაბიჯის გადადგმა დაგვრჩა და ყოველმხრივ შევეცდებით, დორტმუნდში მიღებული გამოცდილება გავითვალისწინოთ.

- გულშემატკივრებს ჰპირდებით, რომ ნახევარფინალში “რეალი” ამგვარ შეცდომებს აღარ დაუშვებს?

- ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაგეცით – ალბათ, უმჯობესია, მწარე გაკვეთილი მეოთხედფინალში რომ მივიღეთ. ახლა მთავარია მომხდარი სათანადოდ გავაანალიზოთ და შაბათს, პრიმერა დივიზიონის მატჩს “ალმერიას” წინააღმდეგ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შევხვდეთ.

- “რეალში” მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში იცავთ გუნდის კარს. ეს ნაკრებში შემაფერხებელ მომენტად ხომ არ გექცევათ?

- კონკურენციისთვის ყოველთვის მზად ვარ. მომწონს გამოწვევა და მუდმივად იმის დამტკიცება, ჩემთვის კარის დაცვის მინდობა სწორი გადაწყვეტილება რომ გამოდგება. მეტად მონდომებული ვვარჯიშობ და ყოველ მატჩზე ისეთი განწყობით გავდივარ მინდორზე, თითქოს უკანასკნელ შეხვედრას ვატარებდე.

- თქვენი წარმატებული და ხანგრძლივი სამეკარეო კარიერა უპირველესად ამის დამსახურებაა?

- საკუთარი თავისადმი მეტად მომთხოვნი ვარ. ყოველწლიურად ახალ-ახალი სიმაღლეების დალაშქვრას ვგეგმავ და ვცდილობ, მუდმივად ოპტიმალურ ფორმაში ვიყო. სხვაგვარად მადრიდის “რეალში” არათუ დიდი ხნით ვერ მოიკიდებ ფეხს, ვერცკი მოხვდები.

- მრავალი წლის განმავლობაში “რეალისა” და “ფურია როხას” შემადგენლობაში უმაღლესი რანგის ტიტული მოიპოვეთ. საკუთარი კარიერით ბოლომდე კმაყოფილი ხართ?

- საკუთარ თავს ყოველთვის კრიტიკულად ვუდგები. როდესაც მადრიდის “რეალი” ან ესპანეთის ნაკრები გოლს უშვებს, მიზეზს საკუთარ თავში ვეძებ და არა პარტნიორებში. ამგვარი მიდგომა ხანდახან თამაშში ხელს მიშლის კიდეც. არასდროს მტოვებს განცდა, რომ მეტის გაკეთება შემეძლო. ზურგს მეტად წარმატებული საფეხბურთო კარიერა მიმაგრებს, მაგრამ გულშემატკივარს “მოკლე მეხსიერება” აქვს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მომავალზე ვარ ორიენტირებული და ვიმედოვნებ, წინ ბევრი გამარჯვება მელის.

0.122544