მომავალ შაბათ-კვირას, საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის III ტურის დაგეგმილი მატჩებიდან ერთი არ გაიმართება. თბილისის “არმიასა” და “ბათუმის” შეხვედრა ნოემბრისთვის გადაიდო და მაყურებელსაც, თითო დღეს ორ-ორი თამაშის ხილვა მოუწევს.
ტური 16 საათზე, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაიხსნება. წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის “არმაზი”, დედაქალაქურ დერბიში “ჯიქებს” დაუხვდება. ჯერ კიდევ შარშან საკმაოდ გამართული “არმაზი”, წელს უფრო შეიკრა, გუნდი რამდენიმე მორაგბით გაძლიერდა და საწყის ორ თამაშში, 10 შესაძლებლიდან 9 ქულა ჩაიწერა. ბათუმელების პრემიალური ქულით დამარცხების შემდეგ, გასულ ტურში, ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი, “ლოკომოტივი” დაამარცხეს არმაზელებმა და ჯერ კიდევ გათამაშებამდე მათ მიმართ გაცემულ ავანსებს სრულად ამართლებენ.
მაგრამ “არმაზს” მომავალ მატჩში იოლი გასეირნება სულაც არ ელის. “ჯიქები” უმაღლეს ლიგაში შარშან აღზევდა და თავიდანვე დაიგდო მებრძოლი გუნდის სტატუსი, რასაც წელსაც ამართლებს. პირველ ტურში, მისი გარჯა “ლოკომოტივის” დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, გადამწყვეტი ჯარიმა გაუშვა და 2 ქულის სხვაობით დამარცხდა (17:19), რისთვისაც მხოლოდ 1 ქულა მიიღო. ერთი კვირის წინ, “ჯიქები” უკვე “ყოჩებს” ეომა, დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, მერე ჩამორჩა, მაგრამ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა (21:21) და მონაგარს კიდევ ორი ქულა შემატა. ახლა მზარდი პროგრესის შენარჩუნებას და შესაბამისად, გამარჯვების მოპოვებას ეცდება, რაც “შევარდენზე” მისულ მაყურებელს საინტერესო ორთაბრძოლის ხილვას პირდება.
ამავე დღეს, 17 საათზე, “ავჭალაზე” დაიწყება იმ გუნდების დაპირისპირება, რომლებმაც გასული პირველობა ბოლო ადგილებზე დაასრულეს და უძლიერესთა შორის ადგილი გადათამაშების შედეგად შეინარჩუნეს. მაგრამ ახლა, გუნდები განსხვავებულ სიტუაციაში არიან. “აკადემიის” შემთხვევაში არაფერი შეცვლილა, ის კვლავაც მძიმე დღეებს განიცდის, საწყის ორ ტურში პირწმინდად დამარცხდა და სავარაუდოდ, წელსაც უძლიერესთა შორის დასარჩენად მოუწევს ბრძოლა. აი, “ყოჩებმა”, ფინანსური მდგომარეობა გამოასწორა, მორაგბეთა ნაწილი დაიბრუნა და პირველ ტურში ქვეყნის ჩემპიონი “ლელო” სენსაციურად დაამარცხა, მერე კი, “ჯიქებთან” ფრეს გამორჩა, მაგრამ იმდენად დარწმუნებულმა ითამაშა ლელოს გატანაზე, რომ შაბათს ისინი უცილობლად ფავორიტები იქნებიან. ერთიცაა, “ყოჩებს”, ჯერჯერობით, შეთამაშებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და “აკადემია” ამით სარგებლობას ეცდება.
22 სექტემბერს, ქვეყნის ჩემპიონი “ლელო” “ავჭალაზე” რუსთავის “ხარებს” უმასპინძლებს. პრინციპში, ლელოელების შემადგენლობა მნიშვნელოვნად რომ გადახალისდა, შეთამაშების პრობლემა მათაც აქვთ, რაც “ყოჩებთან” მატჩშიც გამოჩნდა, მაგრამ ერთი კვირის წინ, “აკადემია” სოლიდური სხვაობით დაამარცხეს, პრემიალური ქულაც აიღეს და ეს მათ, თავდაჯერებულობას შემატებდა. “ხარებმა” პირველ ტურში ქუთაისში იბრძოლა და იქიდან ქულა წამოიღო, მაგრამ გასულ კვირას, საკუთარ ახალ სტადიონზე, “არმიას” წინ ვეღარ აღუდგა და მეტოქეს პრემია იქით გაატანა.
17 საათზე ქუთაისში, “დინამოს” სტადიონზე დაიწყება ტურის ცენტრალური მატჩში და მასში “აია” თბილისის “ლოკომოტივს” დაუხვდება. გადახალისებული შემადგენლობებიდან გამომდინარე, ორივე გუნდი პრაქტიკულად თანაბარ მდგომარეობაშია, მაგრამ სხვაობა მაინცაა. ქუთაისელებმა საწყისი ორი თამაშის მოგება შეძლეს, ერთში პრემიალური ქულაც აიღეს და ერთ-ერთ ლიდერად გვევლინებიან, “ლოკომოტივმა” კი, ჯერ მძიმე ბრძოლაში მოახერხა გამარჯვება, ხოლო მერე “არმაზთან” დამარცხდა და როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, ოპონენტზე მეტი პრობლემა აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გუნდების დაპირისპირება შიდა რაგბში ყოლვეთვის გამორჩეული მოვლენაა, რაზეც გასული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ორივე მატჩში დაფიქსირებული ფრეებიც მეტყველებს და ქუთაისელი გულშემატკივარი ამჯერადაც საინტერესო ბრძოლას იხილავს.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. III რაუნდი
21 სექტემბერი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - აკადემია (თბილისი)
22 სექტემბერი
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ლელო (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
ქუთაისი. “დინამო”. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) (გადაიდო 17 ნოემბრისთვის)
- არმია 2 2 0 0 59-20 9
- არმაზი 2 2 0 0 60-24 9
- აია 2 2 0 0 35-21 9
- ყოჩები 2 1 1 0 54-35 6
- ლელო 2 1 0 1 55-38 5
- ლოკომოტ. 2 1 0 1 26-38 4
- ჯიქები 2 0 1 1 39-41 3
- ხარები 2 0 0 2 23-55 1
- ბათუმი 2 0 0 2 26-57 0
- აკადემია 2 0 0 2 15-63 0