ევროპის ლიგაზე, I საკვალიფიკაციოს შემდეგ, II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც გაიმართა.
“ზესტაფონის” მეტოქე იქნება მალტის “ჰიბერნიანსსა” და სლოვაკური ტრნავას “სპარტაკს” შორის გასული. დიდი ალბათობით, გია გეგუჩაძის გუნდს სლოვაკური კლუბი შეხვდება, რადგან მალტელებთან აშკარა ფავორიტია. ტრნაველები სლოვაკეთში მესამე პოზიციაზე გავიდნენ და ჩემპიონ “სლოვანს” მთელი 22 ქულით ჩამორჩნენ... ტრნავას “სპარტაკი” 2008 წელს “ვიტ ჯორჯიას” შეხვდა ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციოზე, სლოვაკეთში მატჩი 2:2 დასრულდა, თბილიში კი ვიტელებმა 1:0 იმარჯვეს.
“ზესტაფონი” მეორე ეტაპის პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებს, საპასუხოს – შინ.
საჩხერის “ჩიხურასა” და მაკედონიურ “ტურნოვოს” შორის გასული შეხვდება თურქულ “ბურსასფორს”. ეს კლუბი თასის ნახევარფინალისტია და ჩემპიონატში მერვე ადგილზე გავიდა. ბურსელებს ცნობილი შენოლ გიუნეში წვრთნის, რომელმაც 2002 წელს მუნდიალზე მესამე ადგილზე გაიყვანა თურქეთის ნაკრები. “ბურსასფორმა” შარშან ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციოდან დაიწყო და სერბულ “ვოივოდინასთან” გავარდა: 0:3, 2:2.
‘ჩიხურა” მაკედონიელებს თუ გასცდა, “ბურსასფორთან” მეორე ეტაპზე ჯერ გასვლაზე ითამაშებს, მერე კი – შინ.
ბოლნისის “სიონსა” და ალბანურ “ფლამურტარის” შორის გასული კი რუმინული პლოეშტის “პეტროლულს” ეთამაშება. ამ კლუბმა რუმინეთის ლიგა1 მესამე ადგილზე დაასრულა. გუნდს რაზვან ლუჩესკუ წვრთნის.
“პეტროლული” ქვეყნის 4-გზის ჩემპიონია, თუმცა ბოლოს ეს 1966 წელს მოახერხა. პლოეშტის კლუბის კაპიტანი სახელგანთქმული ადრიან მუტუ გახლავთ – 35 წლის ფორვარდი, რომელმაც ბოლო 6 თვეში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
“სიონი” ალბანელებთან თუ გავა, “პეტროლულთან” ჯერ გასვლაზე ითამაშებს, შემდეგ კი – შინ.
I ეტაპის შეხვედრები 3 და 10 ივლისს, ხოლო II ეტაპის მატჩები 17 და 24 ივლისს გაიმართება.









