კალათბურთი

13:50 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი: “უნგრეთმა გამარჯვება დაიმსახურა”

კეჩკემეტში უნგრეთთან განცდილი დასანანი მარცხის (73:74) შემდეგ, შეფასებების დრო დადგა. საინტერესოა, რა კომენტარი გააკეთეს უშუალოდ მატჩის მონაწილეებმა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მეტოქის წარმატებას დამსახურებული უწოდა, უნგრელთა თავკაცმა სტოიან ივკოვიჩმა კი ხაზი მისი გუნდის იღბლიანობას გაუსვა.

იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “რთული და დაძაბული მატჩი იყო. უნგრეთს ბევრი გულშემატკივარი ქომაგობდა. მასპინძლებს ამ გამარჯვებას ვულოცავ. გამარჯვება ორივე გუნდს სჭირდებოდა. მოგების რეალური შანსი გვქონდა, მაგრამ ბოლო წუთზე 2 უხეში შეცდომა დავუშვით. მთლიანობაში, ამ მომენტისთვის უკეთესმა გუნდმა მოიგო. უნგრეთმა კარგად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა“.

სტოიან ივკოვიჩი (უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დღეს საკალათბურთო ღმერთი კეჩკემეტში იყო და უნგრეთის ნაკრებს გადმოხედა. ქართველმა კალათბურთელებმა საუკეთესო საჩუქარი გაგვიკეთეს – ბოლო წუთზე 4 საჯარიმო ააცილეს, ხოლო ჩვენებმა 2 სამქულიანი ჩააგდეს. ეს იღბალია და სხვა არაფერი, თუმცა ბოლო წუთამდე მისვლასაც შნო უნდა. ჩვენმა კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, გულშემატკივარიც გვერდში დაგვიდგა და დღეს უნგრეთს საკალათბურთო ზეიმი ვაჩუქეთ“.

ბექა ბურჯანაძე (საქართველოს ნაკრების მოთამაშე): “ძალიან რთული თამაში იყო და მეტოქეც ძლიერი გახლდათ. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ მათ მოედანზე ვითამაშეთ და ბევრი ხალხი დაესწრო თამაშს. კარგი გულშემატკივრობა ჰქონდათ. რაც შეეხება მათ მოთამაშეებს, დაბლებმაც და მაღლებმაც დიდი ზიანი მოგვაყენეს, როგორც ფარზე, ასევე – პერიმეტრიდან. თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და ბოლოსკენ იღბალოი მათ მხარეს იყო. ახლა, ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და შემდეგ მეტოქე პორტუგალიაზე ვიფიქროთ. ძალიან მძიმე მატჩები გველის და მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ”.

ჟაბა ფერენცი (უნგრეთის ნაკრების მოთამაშე): “თანაბარი და ძალიან დაძაბული თამაში იყო. დიდი მადლობა ფანებს გვერდში დგომისთვის. საქართველოს ნაკრებმა რამდენჯერმე გაგვასწრო, მაგრამ ჩვენ შევძელით ჩამორჩენის გაბათილება. ბოლო წუთებზე მოვახერხეთ მობილიზება და გავიმარჯვეთ. ახლა, ეს მოგება უნდა დავივიწყოთ და ჩეხეთთან მომავალ მატჩზე ვიფიქროთ“.

მატჩის მიმოხილვა

https://www.youtube.com/watch?v=-9KYrg7Gd48

0.116671