კალათბურთი

12:57 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ 2 წლით უხელმძღვანელებს

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კიდევ 2 წელი იმუშავებს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა “კლივლენდ კავალერსის” მწვრთნელს თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეუთანხმდა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2014 და 2015 წლების მატჩებში უხელმძღვანელებს.

ჩვენს ეროვნულ გუნდს მიმდინარე წლის აგვისტოში ევროპის ჩემპიონატის შეარჩევ ტურნირში მოუწევს ასპარეზობა ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან. წარმატების შემთხვევაში, საქართველო ზედიზედ მესამედ გავა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელსაც 2015 წელს უკრაინა უმასპინძლებს

კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრები 2008 წელს ჩაიბარა, როცა ის ევროპის B დივიზიონში ასპარეზობდა. სერბი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები პირველივე ციკლში A დივიზიონში გადავიდა, საიდანაც ასევე პირველივე ცდაზე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

2011 წელს, ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო 11 გუნდში მოხვდა. გასულ 2013 წელს ქართველები ღირსეულად გამოვიდნენ სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, რის შემდეგაც იგორ კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება ამოეწურა.

კოკოშკოვის გარდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ეროვნული გუნდის  მწვრთნელობის კიდევ ერთი სერბი კანდიდატი ჰყავდა, თუმცა საფუძვლიანი ანალიზისა და მოლაპარაკებების შემდეგ, არჩევანი ჩვენი ნაკრებისთვის კარგად ნაცნობ კოკოშკოვზე შეჩერდა.

მოლაპარაკებები 10 მარტს დასრულდა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, იგორ კოკოშკოვმა კიდევ 2 წლით ჩაიბარა საქართველოს ეროვნული ნაკრები.

 

იგორ კოკოშკოვი

დაიბადა 1971 წლის 17 დეკემბერს ბელგრადში (იუგოსლავია)

 

საკლუბო კარიერა

• 1992-1994 – “ბკ ბელგრადის” (იუგოსლავია) ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი

• 1994-1995 – “ბკ ბელგრადის” (იუგოსლავია) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი

• 1995-1996 – “ბკ ბელგრადის” (იუგოსლავია) მთავარი მწვრთნელი. 24 წლისა გახდა იუგოსლავიის კალათბურთის ისტორიაში უმაღლესი ლიგის გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი.

• 1996-1997 – ბელგრადის “პარტიზანის” (იუგოსლავია) ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი.

• 1999-2000 – მისურის უნივერსიტეტის (აშშ-ს უმაღლესი სტუდენტური დივიზიონი) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. პირველი ევროპელი, რომელმაც დაიკავა აშშ-ს უმაღლესი სტუდენტური დივიზიონის გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობა.

• 2000-2003 – “ლოს ანჯელეს კლიპერსის” (ნბა) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. პირველი არაამერიკელი, რომელმაც დაიკავა ნბა-ს კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობა.

• 2003-2008 – “დეტროიტ პისტონზის” (ნბა) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

• 2008-2012 – “ფინიქს სანზის” (ნბა) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

• 2012 - დღემდე - ”კლივლენდ კავალიერსის” (ნბა) მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი.

 

სანაკრებო კარიერა

• 1997-1999 – იუგოსლავიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

• 2004 – სერბეთი-ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ათენის ოლიმპიურ თამაშებზე.

• 2005 – სერბეთი-ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ევროპის ჩემპიონატზე.

• 2008 – საქართველოს ეროვნული ნაკრები, მთავარი მწვრთნელი.

www.gbf.ge

0.116884