სტატიები

16:56 | 16.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

იცინიან ვარსკვლავები

ჩვენი საიტი საქართველოს გარდა უცხოეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამის მომსწრე თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ, მეტიც, საზღვარგარეთ მივლინებებში ყოფნისას worldsport ჩემი პატარა კომპიუტერის მუდმივად ჩართული ფანჯარაა და რაკიღა ვებგვერდის უფროსობამ ჩემი საკუთარი ბლოგი გამიხსნა, გადავწყვიტე ისეთი სტატიები დავწერო, მკითხველს აქაც რომ გაახალისებს და ცხრა მთას იქითაც, დანიაში თუ უკრაინაშიც. გავიხსენე ჩემი ჟურნალისტობის დროინდელი სახალისო ამბები, სუფრასა თუ პირად საუბრებში ჩვენი საფეხბურთო ვარსკვლავების ოხუნჯობანი და ძალიან ვინანე, რომ აქამდე არ გამოვეცი წიგნად. ზოგი ამ ქვეყნიდან წავიდა და ვერც მოესწრო წაკითხვას, მაგრამ ვარსკვლავი იმისაა, რომ იმ ქვეყნიდანაც გაახალისოს საკუთარი გულშემატკივარი. პირველად კი თბილისის დინამოს ნომერ პირველი ოხუნჯის, უნიჭიერესი კაცის, ფენომენალურად მსტვენის, და ძალიან მაგარი ფეხბურთელის ჯემალ ზეინკლიშვილის სახალისო ორიოდ ისტორიას გთავაზობთ და თუ მოგეწონათ, იმდენი აქვს ჩადენილი ჯემალს, კარგა ხანს ეყოფა ჩემს ბლოგსაც და თქვენც კარგა ხანს იქნებით სასიამოვნო ხასიათზე...

ჯემალ ზეინკლიშვილი

ბრავო, მუსიე ჟამალ!

1959 წელს დინამო ბელგიასა და საფრანგეთში გამეგზავრა. სამი თამაში გვქონდა პარიზში. შუა ტურნირია და ერთი ემიგრანტი მომადგა – წარმოშობით ბორჯომელი ვანო გელაშვილი, რომელიც ჰიტლერთანაც კი იყო ნამუშევარი. შემომიჩნდა: აქაურმა ქართველებმა დიდი პურმარილი გავაკეთეთ და იქნება სუფრაზე გამოეპარო თქვენს ხელმძღვანელობასო... ბიჭებს ვუთხარი, ვერავინ გაბედა წამოსვლა... ვიშვირე ფეხი და მეორე სართულიდან გადმოვხტი – სუფრა მელოდება, რა გამაჩერებს? შევედი ბრწყინვალე რესტორანში, დიდი სუფრაა გაშლილი. 24 კაცი უზის, ყველა ქართველი და სახეზე ხელი აქვთ აფარებული, ეშინიათ არ ვიცნო და კგბ-ს არ ვუთხრა! გაბრაზებულმა ვუთხარი – რისი გეშინიათ, ხომ 24 კაცი ხართ, 24 ცალი ჭიქა მომიტანეთ-მეთქი! მოიტანეს, ავავსე ყველა და დავიწყე: კომუნისტების დედაც, სტალინის დედაც, ხრუშოვის დედაც, საქართველოს გაუმარჯოს-მეთქი! დავიწყე და 24 ჭიქა დავლიე!!! ყველამ ჩამოიღო სახიდან ხელი და პირი დააღო! წავიდა ქეიფი, მარა რა ქეიფი!!! ყველა დათვრა, მერე მთხოვეს, ერთი შენებურად დაუსტვინეო! ქართულ საბავშვო მულტიპლიკაციურ ფილმში - ჩხიკვთა ქორწილში რომ მაქვს გახმოვანებული ბულბული, ზუსტად ისეთივე სტვენა ავტეხე... ცრემლები წამოუვიდათ! ერთმა მითხრა – დარჩი აქ, ზუსტად ერთ წელიწადში შენი სტვენის პატრონი მილიონერი გახდები, მე გაძლევ გარანტიასო! დამიჯდა ჭკუაში – ვრჩები მეთქი და ორი დღე არ გამოვფხიზლებულვარ! პარიზში კი დიდი ალიაქოთია - თურმე მთელი გუნდი და ხელმძღვანელობა მეძებს! როცა გამოვფხიზლდი, პარიზელ ქართველებს ვუთხარი - მომენატრა საქართველო და მივდივარ-მეთქი! ვერაფრით გადამათქმევინეს და აეროპორტში ზედ გაფრენის წინ მიმიყვანეს, მთელი გუნდი მელოდებოდა. მოსკოვში ტრაპთან დამხვდა უშიშროება – 8 წელიწად ციხეს მაძლევდნენ, მაგრამ საქართველოს მაშინდელმა სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი სიხარულიძემ გადამარჩინა.

პლატონიჩის ხიზილალა

იმავე საფრანგეთში ერთი ქუთაისელი დიდცხვირა უშიშროების ოფიცერი გამოგვაყოლეს, რომელსაც ყველა პლატონიჩს ეძახდა. მიშა მესხი მეუბნება – ჯემალ, ამდენი ხიზილალა, რაც პლატონიჩმა წამოიღო, არასდროს მინახია, თანაც, რამდენიმე ყუთი წითელი ღვინოც აქვსო! მოვიფიქრე გეგმა და მიშას გავანდე: შევდივარ პლატონიჩთან ღვინის ბოთლით, კარგ ხასიათზე ვარ, დავუსხი, თითო ჭიქა ღვინო დავლიეთ და ვეუბნები, პლატონიც, ხიზილალა მქონდა წამოღებული და გავყიდე, იმდენი ფული მომცეს, სად წავიღო არ ვიცი-მეთქი. პლატონიჩს თვალები აენთო და ცხვირი გაუწითლდა – ასე ემართებოდა როცა ნერვიულობდა. ჯემალ, მეც მაქვს წამოღებული ორი ჩემოდანი, თუ კაცი ხარ გამაყიდინე ხიზილალა და პატივს გცემო! მიშას თვალი ჩავუკარი და გეგმა ავამოქმედეთ: წავიღე ცოტა ხიზილალა, წავიყვანე ორივე და შევედი პირველივე მაღაზიაში, ჩვენი სასტუმროდან კილომეტრნახევარში. მიშა და პლატონიჩი კი "ატანდაზე" დავტოვე. წარმოიდგინეთ, რა სასაცილო იყო – მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი და დიდცხვირა კაგებეშნიკი ერთად რომ იდგნენ ატანდაზე!!! შევიკავე სიცილი და შევედი მაღაზიაში – ზერელედ ვათვალიერებ ყველაფერს, გამყიდვლები გაკვირვებული მიყურებენ, იღლიაში რა აქვსო? ნელ-ნელა მივედი კარებთან და ისეთი მოვცოცხე, თვალი ვერავინ მკიდა. ჩავუქროლე პლატონიჩს და მიშას: არიქათ უშიშროება მოგვდევს-მეთქი! გამოიქცა ორივე, წინ მიშა და უკან პლატონიჩი!!! საოცარი სცენა იყო: მირბის მესხი და უკან ქშენით დიდცხვირიანი უშიშროების ოფიცერი!!! გამწარებულმა კინაღამ მიშას გაასწრო სირბილში!!! გეგმის მიხედვით მიშა სასტუმროში შევარდა, პლატონიჩი მიჰყვა, მე კი ვითომ უშიშროება გავიყოლე, ვირბინე ერთი ხუთი წუთი კიდევ, წყალი შევისხი, ვითომ ძალიან დავიღალე და ოფლიანი ვარ, საპნით ავიქაფე და ჩუმად შევიძურწე სასტუმროში. წამოღებული ხიზილალა ბუნებრივია ჩუმად ჩემს და მიშას ოთახში შევიტანე. მივადექი პლატონიჩის ოთახს, ძლივს გამიღო, შევიპარე და ვეუბნები – ნუ გეშინია პლატონიჩ, კგბ კი დაგვეცა, მაგრამ ერთი საათი ვირბინე, ხიზილალა გადავაგდე და გზა-კვალი ისე ავურიე, ვერაფრით მოგვაგნებენ-თქო! პლატონიჩი მეუბნება, ჯემალ შენ გენაცვალე, რაკიღა უშიშროებას გადამარჩინე, ვინ დაეძებს ხიზილალას, აგერ რამდენი მაქვსო! შემოიყვანე მიშა და ვიქეიფოთ ჩვენი გადარჩენისაო! მოკლედ, მე და მიშა მესხს ღვინო და ხიზილალა არ დაგვკლებია ტურნირის ბოლომდე.

ამის მერე გავიდა 10 წელი, ფეხბურთს თავი დავანებე, და ერთხელაც ქუთაისში მოვხვდი მაგარ პურმარილზე. ვხედავ, პლატონიჩი არ ზის? მოვითხოვე სიტყვა, ავედი სკამზე და მოვყევი ათი წლის წინანდელი ისტორია... პლატონიჩს ცხვირი გაუწითლდა, იარაღს ხელი დაავლო და გამომეკიდა მოსაკლავად! ძლივს დააწყნარეს... შენ ჯემალ ზეინკლიშვილი არ იყო, ცოცხალი ვერ გადამირჩებოდიო! 

მამუკა კვარაცხელია

 

 

0.121576