ფეხბურთი

4:30 | 6.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

იბრძოლებს “ვალენსია”?

კვირის მთავარი 1/8-ფინალური მატჩების მოლევის შემდეგ, ევროპულ მინდვრებზე სათამაშოდ ის გუნდები გავლენ, რომლებმაც 3 კვირის წინათ ბევრი რამ გაარკვიეს. ტურინულ მატჩს ფორმალობა შეგვიძლია ვუწოდოთ, ხოლო პარიზში, “ვალენსია” გაბრძოლებას შეეცდება.

 

პსჟ-ვალენსია (პირველი მატჩი 2:1)

“ვალენსია” რთულ სიტუაციაში იმყოფება. “ღამურებს” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობის მქონე გუნდთან გასვლაზე მინიმუმ 2 გოლის გატანა და მოგება სჭირდება. თუმცა, ესპანური კლუბის მდგომარეობას გამოუვალი ნამდვილად არ ეთქმის. საქმე ისაა, რომ პსჟ-ს გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ეყოლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარიზული კლუბი არასტაბილურობით გამოირჩევა და ვინ იცის, იქნება ლიგა ერთის გასულ ტურში წაგება კარლო ანჩელოტის გუნდის მცირე ჩავარდნის მიმანიშნებელიც იყოს.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, პსჟ-მ აუტსაიდერთა შორის მყოფ “რეიმსთან” წააგო და დედაქალაქელებმა მდევარ “ლიონს” სხვაობის 2 ქულამდე შემცირების საშუალება მისცეს.

მიუხედავად ლა ლიგის ბოლო 2 ტურში მხოლოდ 2 ქულის აღებისა, “ვალენსია” წინსვლას მაინც განაგრძობს. ესპანეთის ჩემპიონატში 6-მატჩიანი წაუგებელი სერიის მქონე “ღამურებს” ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მე-4 ადგილთან მხოლოდ 1 ქულა აშორებთ.

ფრანგული კლუბი ესპანურ სტუმრებს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. იბრაჰიმოვიჩის გარდა, დისკვალიფიცირებულია მარკო ვერატიც. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ტიაგო მოტა. სავარაუდოდ, გუნდს იმავე მიზეზით დააკლდება ტიაგო სილვაც.

საფრანგეთის დედაქალაქს დანაკლისით ეწვია “ვალენსიაც”. ღამურების 2 ცენტრალური მცველი ადილ რამი და რიკარდუ კოშტა არ ეყოლებათ.

  • პსჟ-ს, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო 5 თამაში მოგებული აქვს;
  • პსჟ ევროტურნირებზე გამართულ ბოლო 22 საშინაო მატჩში დაუმარცხებელია;
  • მიმდინარე გათამაშებაში, პსჟ-მ 16 გოლი გაიტანა და ყველა მათგანი საჯარიმოს შიგნიდან დარტყმით;
  • პსჟ პირველი ფრანგული კლუბია, რომელმაც “ვალენსიას” “მესტალიაზე” დამარცხება მოახერხა;
  • ჯგუფურ ეტაპზე, პსჟ-მ სამივე საშინაო თამაში მოიგო;
  • ევროტურნირების ფლეი ოფის პირველი მატჩი გასვლაზე პსჟ-მ 13-ჯერ მოიგო და პარიზელები შემდეგ ეტაპზე ყველა შემთხვევაში გადიოდნენ;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 20 საშინაო თამაშიდან პსჟ-მ 15 მოიგო;
  • მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 7 თამაშში, პსჟ-მ 4 გოლი გაუშვა, რაც “პორტუსა” და “იუვენტუსის” შედეგთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია;
  • თუ დღეს “ვალენსიამ” მეტოქის კარი აიღო, პსჟ-ს ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე 50 გაშვებული გოლი დაუგროვდება;
  • ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან პსჟ-მ 9 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
  • პსჟ-ს ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ლეონარდო, 1991-93 წლებში, “ვალენსიაში” თამაშობდა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში ეზეკიელ ლავესიმ 4 გოლი გაიტანა;
  • 3 კვირის წინათ გამართულ შეხვედრამდე, “ვალენსიას” ფრანგულ გუნდებთან 17-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა;
  • ფრანგულ გუნდებთან გამართულ შეხვედრაში, “ვალენსია” გოლის გატანას ყოველთვის ახერხებს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფში, პირველი მატჩი საკუთარ კედლებში “ვალენსიამ” 3-ჯერ წააგო. ესპანური გუნდი გათამაშებას სამივე შემთხვევაში გამოეთიშა;
  • თუ “ვალენსიამ” მეტოქის დამარცხება მოახერხა, “ღამურებს” ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე 50 მოგება დაუგროვდებათ;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “ვალენსიამ” 38 ზუსტი დარტყმა განახორციელა და 21 კუთხური მოაწოდა. ორივე ამ მაჩვენებლით, “ღამურები” 1/8-ფინალისტთა შორის ბოლო ადგილზე არიან;
  • გუნდის მთავარ მწვრთნელად ერნესტო ვალვერდეს დანიშვნის შემდეგ, “ვალენსიამ” 9 თამაში მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო. ლა ლიგაში, მე-12 ადგილიდან, “ღამურებმა” მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლეს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, პსჟ-ს შემდეგ ეტაპზე გასვლის 96%-იანი შანსი აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-4-2): სირიგუ, ჟალე, ალექსი, საკო, მაქსველი, ლუკას მოურა, მატუიდი, შანტომი, პასტორე, ლავესი, გამეირო.

ვალენსია (4-2-3-1): ალვესი, პერეირა, ვიქტორ რუისი, მატიო, გუარდადო, პარეხო, ტ. კოსტა, ფეგული, ბანეგა, ჟონასი, სოლდადო.

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).

 

იუვენტუსი-სელტიკი (პირველი მატჩი 3:0)

ამ წყვილში უკვე ყველაფერი გარკვეული. “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები კი აცხადებენ, რომ 1/4-ფინალისტის ვინაობა ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ სავარაუდოდ, საკუთარი სიტყვების თავადაც არ სჯერათ. საკუთარ კედლებში წაგების შემდეგ, სტუმრად სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ფანტასტიკის სფეროა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მომგებიან პოზიციაში “იუვენტუსია”, ხოლო წამგებიანში – “სელტიკი”.

სერია A-ს გასულ ტურში, “იუვენტუსმა” ნეაპოლიდან ძალზე მნიშვნელოვანი ქულა წამოიღო. ტურინელებმა “ნაპოლისთან” 6-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს და თან, მდევართან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გაიფორმეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ “ნაპოლის” ჩემპიონობა სურს, დარჩენილ 11 თამაშში, “იუვენტუსზე” 7 ქულით მეტი უნდა დააგროვოს.

შიდა ასპარეზზე საქმეები კიდევ უფრო კარგად აქვს “სელტიკს”, რომელმაც შოტლანდიის ჩემპიონატის ბოლო 3 თამაშიდან მართალია მხოლოდ ერთი მოიგო, მაგრამ გლაზგოელები გათამაშებას 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.

გუნდები ერთმანეთს მესამედ გადაეყარნენ. წინა ორ შემთხვევაში, უკეთესი შედეგი “იუვენტუსმა” აჩვენა. 1981 წელს, ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე, “იუვემ” სტუმრად 0:1 წააგო და შინ 2:0 მოიგო. 20 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე, ტურინში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს, ხოლო გლაზგოში გამარჯვება “სელტიკს” დარჩა, ანგარიშით 4:3. “იუვენტუსი” ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო “სელტიკი” – მესამეზე.

ტრავმების გამო, “იუვენტუსს” დე ჩელიე, პეპე და ბენდტნერი დააკლდებიან. საეჭვოა კასერესისა და ანელკას თამაში.

სტუმართა რიგებში კარგი ამბავი ისაა, რომ “იუვენტუსთან” პირველი თამაშის გაცდენის შემდეგ, გუნდს გეორგიოს სამარასი უბრუნდება. სამაგიეროდ, გლაზგოელებს სკოტ ბრაუნი და მიკაელ ლუსტიგი დააკლდებიან.

  • გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან. “იუვენტუსს” 3 მოგება აქვს, “სელტიკს” – ორი;
  • გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში 15 გოლი გავიდა;
  • “იუვენტუსს”, ევროტურნირებზე, თითქმის 3 წელია არ წაუგია. ამ დროის განმავლობაში, ტურინელებმა 8 თამაში მოიგეს და 9 ფრედ დაასრულეს;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 4 თამაში “იუვენტუსმა” მშრალად მოიგო;
  • ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 22 საშინაო თამაშიდან “იუვენტუსმა” მხოლოდ 1 წააგო. ამ 22 თამაშიდან 14-ში, ტურინელებმა კარის მშრალად შენახვა მოახერხეს;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “იუვენტუსმა” 4 გოლი გაუშვა, რაც “პორტუსა” და პსჟ-ს შედეგთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, “იუვენტუსს” გოლი უკვე 400 წუთია არ გაუშვია, რაც მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მაჩვენებელია;
  • ევროტურნირების ფლეი ოფში, პირველი მატჩი სტუმრად “იუვემ” 34-ჯერ მოიგო. ტურინელები შემდეგ ეტაპზე 34-ჯერ გავიდნენ;
  • ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ფლეი ოფის პირველი მატჩის საკუთარ კედლებში 0:3 წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე არავინ გასულა;
  • “სელტიკს” იტალიაში არასდროს მოუგია;
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, სტუმრად ჩატარებულ ბოლო 23 თამაშში “სელტიკს” მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “სელტიკმა” 11 გოლი გაუშვა, რაც 1/8-ფინალისთა შორის, “არსენალთან” ერთად, ყველაზე ცუდი შედეგია;
  • ევროტურნირების ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში “სელტიკმა” 6-ჯერ წააგო. შოტლანდიელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს;
  • ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 გასვლითი თამაშიდან “სელტიკმა” მხოლოდ 3 მოიგო;
  • გეორგიოს სამარასმა გოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 გასვლით მატჩში გაიტანა;
  • ევროტურნირების ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, “იუვენტუსს” შემდეგ ეტაპზე გასვლის 99.4%-იანი შანსი აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, პელუზო, პირლო, ლიხტშტაინერი, ვიდალი, მარკიზიო, ასამოა, ვუჩინიჩი, ჯოვინკო.

სელტიკი (4-3-3): ფორსტერი, მეტიუზი, ამბროზე, უილსონი, იზაგირე, ლედლი, ვანიამა, კომონსი, ფორესტი, ჰუპერი, სამარასი.

მსაჯი: ფირათ აიდინუსი (თურქეთი).

 

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.

0.142338