ფეხბურთი

15:01 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იბერია სტარი” – აქ საუბარი არაა რიგით გუნდზე!

პრესკონფერენცია აქციამდე


 

ხუთშაბათს 15 საათზე თბილისის მერიასთან “იბერია სტარის” მხარდასაჭერი აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორები “ქართული სპორტის ქომაგები” არიან და მათ შეუერთდებიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები თვითმართველობისა და საინიციატივო ჯგუფის სახით. დღეს კი სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” პრესკონფერენცია ჩატარდა სწორედ ამ თემაზე – რა იქნება აქციის მიზანი.

პრესკონფერენციაზე სხვადასხვა სასწავლებლების წარმომადგენლები იყვნენ. აქვე, ჩამოვთვალოთ: “ქართული სპორტის ქომაგები”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, სამედიცინო აკადემია, უმაღლესი სასწავლებელი “ჯორჯია”, საავიაციო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, სუხიშვილების უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ღია უნივერსიტეტი, ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია, ბლოგერთა გაერთიანება.

ბექა ნოზაძე (“ქართული სპორტის ქომაგების” წარმომადგენელი): - ჩვენი მოთხოვნაა, რომ თბილისის მერიამ საკუთარ თავზე აიღოს “იბერია სტარის” დაფინანსება. მივიჩნევთ, რომ სპორტის მინისტრიც უნდა შემოგვიერთდეს აქციაზე და ადგილზე გადაჭრას ეს პრობლემა ქალაქის მერიასთან ერთად. მოხარული ვარ, რომ “ქართული სპორტის ქომაგების” გარდა, სხვადასხვა სასწავლებლიდან და გაერთიანებიდან მოვლენ აქციაზე.

-       მაინცდამაინც მერიამ რატომ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა?

-       თბილისის მერია ამ ეტაპზე ვალდებულია, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ კლუბს შეეშველოს. ეს მუნიციპალური ორგანოა.

-       თუ იცით, უეფაში რა რეაქცია აქვთ “იბერია სტარის” შესაძლო დაშლის თაობაზე?

-       ასეთი რამ არ იმალება და ვიცით, რომ ამის გამო შეშფოთებულები არიან. საუბარია არა რიგითი კლუბის, არამედ გრანდის დაშლაზე. როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ეტაპზე “იბერია სტარის” მეტოქეები გაირკვა, ჯგუფის მატჩები უნგრეთში უნდა გაიმართოს და იქ საქართველოს ჩემპიონი ან წავა, ან ვერა. სხვა ქართულ კლუბს არ აქვს ჩანაცვლების უფლება. ეს დიდი დარტყმა იქნება ქართული ფუტსალისთვის.

-       კლუბის პრეზიდენტმა ვახტანგ წერეთელმა ამ კენჭისყრის შემდეგ, ფაქტობრივად, დააანონსა “იბერია სტარის” დაშლა. მას შემდეგ არსებითად არაფერი შეცვლილა?

-       ჩვენ შევხვდით ვახტანგ წერეთელს და ის თანახმაა თანადაფინანსებაზე. 50-პროცენტიან დაფინანსებაზე. სამწუხაროდ, ამ დონის კლუბში ინვესტიციის ჩადება არავინ მოისურვა.

-       თბილისის მერიამ ერთხელ უკვე თქვა უარი კლუბის დაფინანსებაზე. ხვალ რა შეიცვლება?

-       ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ზემოქმედება მოვახდინოთ და დავავალდებულოთ. სხვათა შორის, რამდენჯერმე გაიჟღერა, გულშემატკივრებმა დააფინანსონო. დიდი სიამოვნებით, მაგრამ საამისო სახსრები არ გვაქვს.

-       ლევან ყიფიანს შეხვდით?

-       დიახ. როცა ლევან ყიფიანმა შეიტყო, რომ აქციის გამართვას ვაპირებთ, თავად გამოთქვა შეხვედრის სურვილი. ვისაუბრეთ, თუმცა კონკრეტული ვერაფერი... ზოგადი საუბარი გამოვიდა. მან თქვა, რომ სამინისტროს სახსრები არ აქვს. 

-       ერთი ფაქტორია: თუ მერია “იბერია სტარს” დააფინანსებს, თბილისში კიდევ არიან ფუტსალის კლუბები და ისინიც მოისურვებენ.

-       აქ საუბარი არაა რიგით გუნდზე. ყველამ იცის, საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატი სულს ღაფავს და წინა სეზონი გუნდებმა ძლივს ჩაამთავრეს. “იბერია სტარი”, როგორც იცით, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ მონაწილეობას არ სჯერდება, ელიტაში შედის. ყიფიანი დაგვპირდა, სისტემა შეიცვლება და კლუბები ამოისუნთქებენო, მაგრამ ვფიქრობ, აქ უკვე დროის მომენტია: ამ კლუბს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ამ სისტემის შემოღებამდე, ერთჯერად დახმარებაზეა საუბარი. 

-       დაახლოებით რა თანხაა საჭირო?

-       იმაზე ნაკლები, ვიდრე იმავე სამინისტროსგან გორის “დილას” გადაეცა. მოსკოვში ჩატარდება პრესტიჟული “ერიომენკოს თასი” და ამ ტურნირისთვისაც გათვალისწინებული უნდა იყოს ხარჯები, თუმცა როგორც ჩანს, “იბერია სტარი” “ერიომენკოს თასზე” ვეღარ წავა. 

აი, ასეთ დღეშია კლუბი, რომელიც ბოლო წლებში ქართველ გულშემატკივარს ახარებდა და ბურთით სათამაშო სახეობებიდან რომ მსგავსი წარმატება არცერთ ქართულ კლუბს არ ჰქონია (ბოლო 31 წლის განმავლობაში), ამაზე არაერთხელ დაგვიწერია. ერთიც: ჩვენი ინფორმაციით, მერიასთან 600-700 კაცი მივა აქციაზე.

http://www.youtube.com/watch?v=WHKot_KNE0U&feature=youtu.be

0.114214