კალათბურთი

14:38 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

იასმინ რეპეშა: “საქართველოს პოლონეთთან გამარჯვება სენსაცია არ ყოფილა”

ხორვატების დამრიგებელმა ქართველთა ძალა ლიტვასთან დაინახა


საქართველოს ნაკრებთან დღევანდელი მატჩის წინ ხორვატთა ეროვნული გუნდის თავკაც იასმინ რეპეშას ადგილას ყოფნას არავინ ისურვებდა. ცელიეში ევრობასკეტის C ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ჩასულმა გუნდმა ესპანეთთან ძალიან უსუსურად ითამაშა და გამოხმაურებაც შესაბამისი მიიღო. სლოვენიაში მრავლად ჩასულმა ქომაგებმა დარბაზში ხომ ნამდვილი ობსტრუქცია მოაწყვეს, ხორვატმა ჟურნალისტებმა კი მწვრთნელიან-კალათბურთელიანად ყველანი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

მიუხედავად ამისა, თამაშის შემდგომ რეპეშა იხტიბარს არ იტეხდა და აღნიშნა, რომ მთავარი ბრძოლები წინაა. საინტერესოა, რომ ხორვატთა დამრიგებელმა C ჯგუფს ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ძლიერი უწოდა და აღნიშნა, ცელიეში დაგეგმილ შეხვედრებში იოლი გასეირნება არავის ელისო.

ცხადია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, თუ რას ფიქრობდა რეპეშა საქართველოს ნაკრებზე, მითუმეტეს, რომ მომავალი მატჩი ხორვატიის ეროვნული გუნდისთვის ფაქტობრივად გადამწყვეტად იქცა. აი, იასმინის კომენტარიც.

“ქართველმა კალათბურთელებმა პოლონეთს ძალიან იოლად მოუგეს და ვერ ვიტყვი, რომ ეს სენსაცია გახლდათ. თუკი მათ მოსამზადებელ ციკლს თვალს ადევნებდით, ნახავდით, რომ ძლიერ გუნდებთან საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდათ. ბოლოს ლიტვასთან ითამაშეს და ჩინებულად გამოიყურებოდნენ. მიუხედავად ამისა, როგორმე ძალები უნდა გამოვნახოთ და მომავალ მატჩში ვიმარჯვოთ. ევრობასკეტის სტარტზე ზედიზედ 2 მარცხი ჩვენს გეგმებს ძალიან არევს”.

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

0.115609