იაპონიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო სესია, ძლიერი წვიმის გამო, კვირისთვის გადაიდო. ეს გადაწყვეტილება, რბოლის ორგანიზატორებმა, გუნდებთან და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასთან (FIA) თათბირის შემდეგ მიიღეს.
სუზუკაზე მთელი ღამე წვიმდა, დილისთვის კი წვიმა კოკისპირულში გადაიზარდა, რის გამოც, ორგანიზატორებმა რბოლა სამჯერ გადადეს იმ იმედით, რომ წვიმა შეწყდებოდა. უსაფრთხოების მანქანამ ტრასას რამდენჯერმე შემოუარა, მაგრამ როცა მასში მჯდომი მსაჯი დარწმუნდა, რომ ამინდს გამოკეთების პირი არ უჩანდა, რბოლის გადადების გადაწყვეტილებამაც არ დააყოვნა.
წვიმისავე გამო, გაუქმდა მესამე თავისუფალი პრაქტიკა. მასზე დრო მხოლოდ ორმა პილოტმა დააფიქსირა. ტრასაზე თითქმის ყველა გამოვიდა, მაგრამ სწრაფი წრის გავლა მხოლოდ ორმა შეძლო, რის შემდეგაც, სესია შეწყდა.
FIA-ს გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო რბოლა კვირას, დილის 10:00 საათზე დაინიშნა. ამასთან, საკვალიფიკაციო პროცედურა ჩვეულებრივ ჩატარდება - რბოლის შემდეგ, ყველა მანქანა აიწონება და შემოწმდება.
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც წვიმის გამო, სუზუკაზე საკვალიფიკაციო რბოლა გადაიტანეს. პირველად ეს 2004 წელს მოხდა, რისი მიზეზიც ტაიფუნი მაონი გახდა.
კვალიფიკაციის გადატანამ იმედები გაუწბილა ათასობით ფანს (ორგანიზატორთა განცხადებით, რბოლისთვის 100 000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული), რომელთა უმეტესობაც, რბოლის დაწყებას ტრასის მიღმა, სახელდახელოდ გაშლილ კარვებში ელოდა. ისინი დილასაც გამოეფინენ ღია ტრიბუნაზე, სადაც წვიმისგან თავს ქოლგებით იცავდნენ, თუმცა მაინც ერთიანად გალუმპულები იყვნენ. ისინი რომ რბოლის დაწყებას ელოდნენ, პილოტები წვიმას ბოქსებში ემალებოდნენ და გარეთ ხანდახან თუ გამოჰყოფდნენ თავს, თან ერთგვარი საცურაო ჟესტიკულაციით, ფანებს ანიშნებდნენ, ახლა რომ გამოვიდეთ, რბოლას კი არა, ცურვას ნახავთო.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







