სუმოს ოფიციალურ რეიტინგში ყველაზე მაღლა მდგარ იაპონელ სეკიტორ კოტომიცუკის ივლისის სუპერტურნირის – ნაგოია ბაშოს გამოტოვება მოუწევს.
სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომაზე დამტკიცებულ იქნა სასჯელი, რომელიც ოძეკი კოტომიცუკის მისმა აღმზრდელმა მწვრთნელმა – ოიაკატა სადოგატაკემ დაუწესა.
სეკიტორი თავად გამოტყდა, რომ წლების განმავლობაში კანონს არღვევდა და იატაკქვეშა ტოტალიზატორში ბეისბოლის მატჩებზე მსხვილ ფსონებს “ჩადიოდა”.
ეს ინფორმაცია მაისის მიწურულს ყოველკვირეულმა გაზეთმა “სიუკან სიიტემ” გაავრცელა, თუმცა, თავად 34 წლის სუმოისტი ყველაფერს უარყოფდა და მაშინღა გატყდა, როდესაც შესაბამისი ფაქტები პოლიციამაც წარმოადგინა.
სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას განაგრძობენ და თუკი კოტომიცუკის დანაშაულებრივ სამყაროსთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი დაუმტკიცდა, შესაძლოა, სასჯელი გამკაცრდეს.
ცნობისთვის, იაპონიაში ოფიციალურად ფსონებს მხოლოდ დოღზე, კეირინზე (ველორბოლის სახეობა), ავტო და მოტორბოლებზე იღებენ, იატაკქვეშა ტოტალიზორებს კი ადგილობრივი მაფია – იაკუძა აკონტროლებს.
მცირე ხნის წინ, სუმოს ასოციაციამ შიდაგამოძიების შედეგებიც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კოტომიცუკის გარდა, ბეისბოლზე “ფსონაობაში” კიდევ 28 სუმოისტია შემჩნეული, 36 “გოლიათი” კი მაჯონგზე (დომინოს მსგავსი ჩინური თამაში), იაპონურ ჰანაფუდაზე (კარტის იაპონური სახეობა) და გოლფზე თამაშობდა.
უწესო საქციელში მხილებული პირების სახელები და წოდებები, ჯერჯერობით, არ ხმაურდება.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ განახლებული რეიტინგი ანუ ბანძუკე 28 ივნისს გამოქვეყნდება, ივლისის ბაშო კი სტარტს 11 ივლისიდან აიღებს.







