როგორც ვაჟთა, ისე ქალთა მსოფლიო ჭადრაკს, მაგნუს კარდსენისა (ნორვეგია) და ჰოუ იფანის (ჩინეთი) სახით გამოკვეთილი ლიდერები ჰყავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე მათგანი ძალზე ახალგაზრდები არიან და შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, ამ მოჭადრაკეებს უახლოეს მომავალში ჩემპიონის გვირგვინს ვერავინ შეეცილება.
ქალთა შორის გრან-პრის გათამაშების მე-5 ეტაპზე, რომელსაც კურორტმა ლოპოტამ (თელავი) უმასპინძლა, იფანი ასპარეზობის ერთადერთი მონაწილე აღმოჩნდა, რომელმაც ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და პირველი ადგილი ასპარეზობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
გთავაზობთ ინტერვიუს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანთან, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” ლოპოტაზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ ესაუბრა.
- გილოცავთ პირველი ადგილისა და მთავარი პრიზის მოპოვებას.
- დიდი მადლობა
- გრან-პრის მე-3 გათამაშების საუკეთესო მოჭადრაკე მსოფლიო პირველობის ფინალში თქვენი მეტოქე იქნება. თქვენი აზრით, ვის აქვს ფინალში თქვენს წინააღმდეგ თამაშის ყველაზე კარგი შანსი?
- ფიდეს გადაწყვეტილებით, თუ მე შევძელი გრან-პრის მოგება, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იმ სპორტსმენს შევხვდები, რომელიც გრან-პრის გათამაშებაზე მეორე ადგილს დაიკავებს. სავარაუდოდ, ფინალში ჩემი მეტოქე ჰამპი კონერუ (ინდოეთი) იქნება, რადგან ჩვენ საგრძნობლად დავწინაურდით და გრან-პრის გათამაშებაზე I-II ადგილებზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი გვაქვს. ვინც არ უნდა იყოს ჩემი მეტოქე, ყველასთან ბრძოლა მომიწევს. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობაზე ვის შევხვდები.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენ და კარლსენმა რეიტინგში მეტოქეები საგრძნობლად ჩამოიტოვეთ და სულაც არ აპირებთ დაფნის გვირგვინის დათმობას, ჟურნალისტთა გარკვეული რაოდენობა თვლის, რომ თქვენ და კარლსენი გენიოსები ხართ...
- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. რაც შეეხება კარლსენს, მე მას შევხვედრივარ სხვადასხვა ტურნირებში და ვაღიარებ, რომ ის ძალიან ძლიერი მოჭადრაკეა.
- რამ გამოიწვია ბოლო დროს ჩინეთში ჭადრაკის პოპულარობა, რომელიც ადრე თქვენს ქვეყანაში სპორტის ერთ-ერთი, არაფრით გამორჩეული სახეობა იყო?
- სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ, 12-13 წლის წინ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა და ჭადრაკისადმი ინტერესიც ამის შემდეგ გაჩნდა საზოგადოებაში.
- ჭადრაკისადმი თქვენი ინტერესი რამ განაპირობა?
- თავიდან ჭადრაკის მიმართ სერიოზული ინტერესი მაშინ გამიჩნდა, როცა რამდენიმე, სერიოზული ტურნირი მოვიგე.
- თქვენ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობთ. რომელს უფრო დიდ დროს უთმობთ, ჭადრაკს თუ ლექციებზე სიარულს?
- თანაბრად ვანაწილებ.
- ჭადრაკში ამხელა წარმატების შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ მეორე პროფესიის დაუფლება?
- ვფიქრობ, რომ ეს ორი სპეციალობა ერთმანეთს ავსებს.
- საბოლოოდ რომელს აირჩევთ?
- შემიძლია ორივე სპეციალობა ერთმანეთს შევუთავსო.
- ჭადრაკის გარდა სპორტის კიდევ რომელი სახეობა გიტაცებთ?
- მიყვარს ცურვა და სახტუნელებით თამაში.
- თავისუფალ დროს რას საქმიანობთ?
- მიყვარს მოგზაურობა და წიგნების კითხვა. თავიდან კლასიკური წიგნები მომწონდა. ამჟამად ისტორიული და ბიოგრაფიული წიგნებით ვარ დაინტერესებული.
- საქართველო თუ მოგწონთ?
- კარგი ქვეყანაა.
- საქართველოსა და ჩინეთის ბუნებას შორის რაიმე საერთო თუ შეამჩნიეთ?
- საქართველოს კარგად არ ვიცნობ და მიჭირს ამ ორი ქვეყნის შედარება.
- დაქორწინებული თუ ბრძანდებით?
- არა.
- არც შეყვარებული გყავთ?
- ჯერჯერობით არა.
- მნიშვნელობას თუ ანიჭებთ რა ეროვნების იქნება თქვენი მომავალი მეუღლე?
- რა თქმა უნდა, არა. მთავარია კარგი პიროვნება იყოს.
- 20 წლის ასაკში თქვენ უკვე სამჯერ მოახერხეთ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. კიდევ დიდხანს აპირებთ საჭადრაკო დედოფლის ტახტზე ჯდომას?
- მაგის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია. გააჩნია როგორ ფორმაში ვიქნები და როგორი მეტოქეები მეყოლება.