ფეხბურთი

19:55 | 10.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიური მძიმე ნოკაუტი

ჩივაძე ჟურნალისტებს შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ შეხვდება


მატჩის შემდეგ საქართველო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია არ გამართულა. ალექსანდრე ჩივაძე დარბაზში მოვიდა და შემდეგი თქვა: “ბევრს ვერ ვილაპარაკებ. კარგად იცით, რა მდგომარეობაში ვარ. ასე მოვილაპარაკოთ. შოტლანდიასთან თამაში შემდეგ, ვინც დარბაზში ხართ შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ. დიდი მადლობა რომ მოხვედით”.

ჩივაძის მდგომარეობა გასაგებია. საკუთარ მოედანზე ასეთი ანგარიშით წაგება, კრივის ენაზე რომ ვთქვათ, მძიმე ნოკაუტის ტოლფასია და ზოგიერთი მწვრთნელი თანამდებობასაც ტოვებს ხოლმე. აქვე გეტყვით, რომ არსებობის ისტორიაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრები შესარჩევ ციკლში მსგავსი ანგარიშით ერთხელ, 90-იანი წლების შუაგულში სტუმრად იტალიელ თანატოლებთან დამარცხებულა.

ჰოლანდია შესარჩევის დაწყებამდე ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა და თავისი სტატუსი განვლილ მატჩშიც დაამტკიცა. თამაში შემდეგ, “ნარინჯისფერთა” თავკაცმა დიპლომატიურად აღნიშნა, დაფიქსირებული შედეგი გუნდების ძალთა თანაფარდობას რელურად არ ასახავსო, მაგრამ ტაბლო ჯიუტია.

პირველი წუთიდანვე ჩანდა, რომ ჰოლანდია მხოლოდ სამი ქულის ასაღებად იყო თბილისში ჩამოსული. დებიუტშივე ქუინსი პრომესის პასის შემდეგ, სტეფანო დენსვილმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი მკერდით მიიღო და მახვილი კუთხიდან შემოტრიალებით დაარტყა – გიორგი ნადირაძემ ჰოლანდიელს არ გაატანინა. მე-9 წუთზე, დავით სხირტლაძემ ბურთი თავის მოედანზე დაკარგა და ლუკ კასტეინოსმა სისწრაფეში ნიკა კვეკვესკირი და მამუკა კობახიძე დაჩაგრა, მაგრამ  მისი დარტყმის შემდეგ ნადირაძემ ქართველები აშკარა გოლსიგან იხსნა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კასტეინოსი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო, რაზე სტატისტიკაც მეტყველებს. ჰოლანდიელთა “ცხრიანმა” ჰეთ თრიკის გარდა, ორი საგოლე პასიც მიითვალა. მე-12 წუთზე, ვაკო ყაზაიშვილმა ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო და მარცხენა ფლანგზე ჯანო ანანიძეს გადააწოდა, რომელიც ცენტრისკენ შეიწია და შორეულ კუთხეში ბურთი არაზუსტად “მოჭრა”.

ამ ეპიზდოდან ერთ წუთში, კასტეინოსმა ჯერ კვეკვესკირს აუარა გვერდი, შემდეგ საჯარიმოში შესულმა არჩილ ტვილდიანს და ბურთი ჟან-პოლ ბოეტიუსს გადააწოდა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1.

მასპინძლებს გათანაბრების შანსი რამდენიმე წუთის შემდეგ ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენეს. სხირტლაძემ შეტევა წამოიწყო და მარცხენა ფრთაზე ანანიძე მოძებნა, რომელმაც კარგი პასით სხირტლაძე უორნერ ჰანს შეატოვა, თუმცა სტუმართა მეკარემ მასპინძელთა ფორვარდის დარტყმული გაანეიტრალა. მე-20 წუთზე, გიორგი ჭანტურიამ ბურთი ჰოლანდიელთა საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო და ოსტატურად დაარტყა – “ნარინჯისფერები” გოლის გაშვებისგან ზედა ძელმა იხსნა.

34-ე წუთზე, ჭანტურიამ მარჯვენა ფლანგიდან დიაგონალზე რეიდი განახორციელა, სამ მოწინააღმდეგს გასცდა და საჯარიმოს გარედან უზუსტოდ დაარტყა. 37-ე წუთზე, გიორგი პაპავასა და სხირტლაძის აქტიურობის შემდეგ, ჰოლანდიელმა მცველმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგა და სტუმართა საჯარიმოში შესულმა სხირტლაძემ მეტოქესთან ორთაბრძოლის მიუხედავად მაინც დაარტყა – ჰანს პრობლემა არ შექმნია. 43-ე წუთზე, საშუალო მანძილიდან პარუნაშვილის დარტყმის შემდეგ, ბურთი კარს ზემოდან გადასცდა.

ტაიმის ბოლო წუთზე, დავით უბილავამ მარცხენა ფლანგიდან ძალიან ცუდად დაუბრუნა ბურთი ნადირაძეს და კასტეინოსი მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ  გაიყვანა – ჰოლანდიელს, რომელიც კარში ბურთიანად შევიდა, ხელი ვერ კვეკვესკირმა და ვერც კობახიძემ შეუშალეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები სრულად მოიშალა და ჰოლანდიელებს ყველა საგოლე მომენტი რომ გამოეყენებინათ, ალბათ, ანგარიშში სხვაობა ათ ბურთამდე ავიდოდა.

49-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგზე მყოფმა კასტეინოსმა თითქმის კუთხურის ხაზიდან კარის მიმართულებით დაარტყა და ნადირაძის აშკარა შეცდომის შემდეგ, ბურთი კარის გვერდითი ძელიდან ბადეში გაეხვა.

55-ე წუთზე, ჭანტურიამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ხოლო ჰოლანდიელებმა ბურთი ხეირიანად ვერ მოიგერიეს – ჰანმა ჯერ ყაზაიშვილს არ გაატანინა ახლო მანძილიდან, ხოლო მერე – ლაშა პარუნაშვილს.

63-ე წუთზე, ჰოლანდიელთა შეტევის შემდეგ, საქართველოს ნაკრების დაცვა ისევ “ჩავარდა” და ამით ტონი დე ვილენამ ვერ ისარგებლა, რომელიც კარის აღებას “მოჭრილი” დარტყმით შეეცადა, მაგრამ ნადირაძე ბურთს ადგილზე დახვდა.

65-ე წუთზე, კვეკვესკირმა თავის საჯარიმოსთან ახლოს ბოეტიუსის “მოტყუება” მოინდომა, თუმცა ბურთი დაკარგა და შემდეგ მეტოქე წესების დარღვევით შეაჩერა, მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის ქართველების კაპიტანი გააძევა. “სტანდარტული” პრომესმა შეასრულა და ნადირაძეს შანსი არ დაუტოვა – 0:4.

72-ე წუთზე, მასპინძელთა დაცვა კიდევ ერთხელ შეცდა და გუს ჰუპერტსის პასის შემდეგ, ნადირაძესთან პირისპირ კასტეინოსი გავიდა, რომელმაც, გადაცემა პრომესს გაუკეთა, ხოლო ამ უკანასკნელმა თითქმის კარის ხაზიდან პირველ ჯერზე ბურთი ძელს გაარტყა, განმეორებით კი, ზუსტად დაარტყა – 0:5.

79-ე წუთზე, მარჯვნიდან ჰუპერტსის პასის მერე, კასტეინოსმა ჰეთ თრიქის შესრულებასთან ერთად, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:6.

ასეთი ანგარიშის მიუხედავად, სტუმრებს ტემპი არ შეუნელებიათ და გატანის შესაძლებლობა კიდევ ჰქონდათ. მე-80 წუთზე, პრომესის მიერ შორის მანძილიდან დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 85-ე წუთზე, პრომესის პასის შემდეგ, ნათან აკემ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. 86-ე წუთზე, პრომესმა კუთხური მოაწოდა და აკეს თავურის მერე, ტვილდიანმა ბურთი კარის ხაზიდან მოიგერია. მალევე, დე ვილენამ კარგი პასით ნადირაძესთან პირისპირ პრომესი გაიყვანა, რომელმაც ბურთი კარს ააცილა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ჰუპერტსმა ახლო მანძილიდან დაარტყა და კობახიძემ ბურთი კარიდან “გამოიტანა”.

ალბერტ სტაფენბერგი (ჰოლანდიის ფეხბურთელთა 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელი):   “ბუნებრივია, შედეგით მოხარული ვარ. სწრაფი გოლის გატანის მიუხედავად, ვფიქრობდი, რომ საკმაოდ რთული თამაში იქნებოდა. ვვარაუდობდი, რომ მეორე ტაიმში ქართველები ანგარიშის გათანაბრებისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ. დაფიქსირებული ანგარიში ძალთა რეალური თანაფარდობას არ ასახავს, რადგან საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. თბილისში ყოფნით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენს მიმართ ყველა კარგად განწყობილი იყო”.

საქართველო – ჰოლანდია 0:6 (0:2)

საქართველო: ნადირაძე, ტვილდიანი, კვეკვესკირი (კ), უბილავა, მამუკა კობახიძე, ყაზაიშვილი (ჯიღაური, 62), პარუნაშვილი, პაპავა, სხირტლაძე (ფანცულაია, 46), ჭანტურია (სოლომონ კვირკველია, 67), ანანიძე.

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

ჰოლანდია: ჰანი, ბრენეტი, ვან დერ ჰორნი, დენსვილი (ლეტშერტი, 74), აკე, ებესილიო, პრომესი, დე ვილენა, კასტაინოსი (კლასენი, 82), მაჰერი (კ), ბოეტიუსი (ჰუპერტსი, 65).

მთავარი მწვრთნელი: ალბერტ სტაფენბერგი.

გოლები: 0:1 პრომესი (13), 0:2 კასტაინოსი (45), 0:3 კასტაინოსი (49), 0:4 პრომესი (66), 0:5 პრომესი (74), 0:6 კასტაინოსი (79).

გაფრთხილება: დენსვილი (54), პარუნაშვილი (74).

გაძევება: კვეკვესკირი (65).

მთავარი მსაჯი: პაველ რაცკოვსკი (პოლონეთი).

0.314234