ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა “ლივერპულის” 24 წლის შემტევისთვის, დენიელ სტარიჯისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულში, ბრაზილიის მუნდიალისთვის ის კიდევ უკეთეს ფორმაში იქნება. “დენიელმა “ლივერპულში” გადასვლის შემდეგ აშკარად მოუმატა და კარგი იქნება, ინგლისის ნაკრებშიც ასეთვე ფეხბურთი რომ აჩვენოს, - უთხრა ჰოჯსონმა The Mirror-ს, - ადრე მას ტრავმები აწუხებდა, მაგრამ როცა სტარიჯი ფორმაშია, ის შეუჩერებელია.”
ჰოჯსონმა სტარიჯი ევრო 2012-ზე არ წაიყვანა, თუმცა მას შემდეგ, რაც დენიელმა “ლივერპულის” მაისურით 39 მატჩში 32 გოლი გაიტანა, კვლავ დააბრუნა ეროვნულ გუნდში და ამ ოთხშაბათს, “უემბლიზე,” დანიასთან ამხანაგურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
დღეისათვის სტარიჯს ქვეყნის ნაკრებში ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.