ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა “უემბლის” სტადიონზე ჩერნოგორიის 4:1 ძლევის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნახევარი საქმე გაკეთებულია. ჩასატარებელი ერთი ტურიღა დარჩა და ბრიტანელები მთავარ კონკურენტებს – უკრაინელებს ერთი ქულით უსწრებენ. დასკვნით ტურში ინგლისი პოლონეთს უმასპინძლებს, უკრაინა კი სტუმრად სან-მარინოს ეთამაშება.
“უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და საქმის ნახევარიც გავაკეთეთ. საბოლოო მიზნის მისაღწევად პოლონეთთან მოგება გვჭირდება, რაც ადვილი ამოცანა ნამდვილად არაა. პოლონელებმა უკრაინასთან სტუმრად ჩატარებული მატჩის პირველი ტაიმი მშვენივრად ჩაატარეს. თუ ჩვენთანაც ასევე ითამაშებენ, ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ საწადელს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. საკვალიფიკაციო ეტაპის ცხრა თამაში წაუგებლად ჩავატარეთ და ვფიქრობ, ათი ტურის შემდეგაც დაუმარცხებლები ვიქნებით” – განაცხადა ჰოჯსონმა.