წინა სეზონები: მწარე მოგონებები
ერთმანეთის მიყოლებით იაო მინისა და ტრეისი მაკგრეიდის დაკარგვის შემდეგ, კლუბი სუპერვარსკვლავების გარეშე დარჩა, “ჰიუსტონმა” გამოაცხადა ნადირობა ნბა-ს გუნდების ლიდერებზე. გუნდის გენერალური მენეჯერი დერილ მორი ერთვებოდა თითქმის ყველა ვარსკვლავთან მოლაპარაკებებში, მაგრამ ხან კლუბების მთავარი მენეჯერებისგან იღებდა პირდაპირ უარს, თუ არადა, თვით დევიდ სტერნი უშლიდა ხელს – პირდაპირ ხელიდან ამოაცალა რა “როკეთსს” ესპანელი პაუ გასოლი. დიდი მუშაობის შედეგად, გასულ სეზონში, გამოჩნდა დუაიტ ჰოვარდის გადაყვანის რეალური შანსი, რომლის ირგვლივაც შეიძლებოდა ახალი გუნდის აშენება, ამჯერად ჰიუსტონელებს “ორლანდო მეჯიქის” გენერალურმა მენეჯერმა რობ ჰენინგმა უმუხთლა და ბოლო მომენტში სუპერმენი გაუშვა, დასავლეთით –კალიფორნიაში... სიტუაცია კვლავ ძალზე დამძიმდა... ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ ეცადა სუპერვარსკვლავის გადაყვანა და ახალგაზრდა მოთამაშეებით დაეკომპლექტებინა გუნდი მომავლის პერსპექტივით... წარუმატებლობათა ჯაჭვის შედეგად გუნდს ბევრი რამ აქვს დაკარგული: ელიტარული მწვრთნელი რიკ ადელმანის სახით, გუნდური სულისკვეთება, საუკეთესო მოთამაშეები, უამრავი გულშემატკივრის ნდობა და აქამდე მოპოვებული რეპუტაცია. თუმცა, გუნდის მფლობელი ლეს ალექსანდერს ბოლომდე სჯერა გენერალური მენეჯერის ნიჭის – სატრანსფერო ბაზარზე მოეძია მომავალი ვარსკვლავები
მთავარი მწვრთნელი: კევინ მაკჰეილი
ძნელად თუ მოიძებნება სპეციალისტი, რომელიც აგრერიგად არ უხდებოდეს “ჰიუსტონის” სათამაშო სტილს, როგორც ტეხასელთა დღევანდელი მთავარი მწვრთნელი. მოსვლის დღიდანვე იგი თავის წინამორბედი რიკ ადელმანის მიერ შექმნილი ატმოსფეროს ტყვე გახდა. ყველა მოთამაშე, რომელსაც წონიანი სიტყვა ეთქმოდა გუნდში, ადელმანის მხარეზე დარჩა და როცა საქმეები ცუდად წავიდა, ყველაფერი მაკჰეილს დააბრალეს. კევინმა სცადა გუნდის სათამაშო სისტემის შეცვლა “პიკ ენ როლებზე” და 80-იანი წლების დროინდელ საკალათბურთო ელემენტების დაბრუნებით, რომელმაც რა თქმა უნდა, არ გაამართლა. მიუხედავად ამისა “როკეთსი” მთელი სეზონის განმავლობაში არც ისე ცუდად თამაშობდა, მაგრამ როდესაც დადგა რეგულარულის გადამწყვეტი პერიოდი, საჭირო იყო მინიმუმ 2 თამაშის მოგება, რათა მოეხერხებინათ პლეი ოფში გასვლა, “ჰიუსტონმა” მიჯრით 6 თამაში დათმო, აქედან 5 უშუალო კონკურენტებთან და თვითონვე გადაუსვა ხაზი 2011–12 წლის სეზონის პერსპექტივას. ოცნება იმის შესახებ, რომ კევინ მაკჰეილი შეძლებდა და გუნდის „მაღლების“ თამაშს სასიკეთოდ შეცვლიდა, საბოლოოდ დასამარდა.
ახალი იმედი: დონატას მოტეიუნასი
უნიჭიერესი ახალგაზრდა ლიტველი კალათბურთელი, დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ ვარსკვლავური სენით შეპყრობილი და “ემფაირ სტეიტ ბილდინგზე” უფრო მაღალი შეხედულება ჰქონდა საკუთარ შესაძლებლობებზე. 2009 წელს იგი ლიტვის ჩემპიონატიდან მოულოდნელად გადადის იტალიის “ბენეტონში”, სადაც 2 წლის განმავლობაში მასზე გაცემული ავანსების მეათედსაც ვერ ასრულებდა, რამაც დრაფტის სავარაუდო 3 ნომრობიდან მესამე ათეულს ჩამოაცილა. მოვლენები ლოგიკურად განვითარდა და იგი ვერ მოხვდა თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში 2011 წლის ევრიპის ჩემპიონატზე. ამან საბოლოოდ გამოიწვია მოტეიუნასის გამოფხიზლება. იგი გადადის პოლონურ “პროკომში’ და ბრწყინვალე სეზონს ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ არც პოლონეთის ჩემპიონატია უძლიერესი და არც “ვითიბი ლიგა” ყველაზე პრესტიჟული. დონატასი მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებდა მოედანზე და მთელ საკალათბურთო სამყაროს დაანახა ზუსტად ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში მისგან ითხოვდნენ. თუ საკალათბურთო სპეციალისტები წინა სეზონის დაწყებისას ეჭქვეშ აყენებდნენ ბალტიისპირელის შესაძლებლობებს, დღესდღეობით “ახალ პაუ გასოლად” მოიხსენიებენ. დონატასმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპაში თამაში უფრო ძნელია, ვიდრე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ვერავინ ვერ განსაზღვრავს ჯერჯერობით როგორ შეეწყობა იგი ნბა-ს, მაგრამ ერთის თქმა დაზუსტებით შეგვიძლია: დონატას მოტეიუნასის სახით ელიტარული დონის ახალგაზრდა მოთამაშე მოვიდა პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში.
მთავარი რგოლი: ჯერემი ლინი
ჯერემი ლინი დიდი ალბათობით მოხვდება მომდევნო “ყველა ვარსკვლავის” მატჩზე და ეს პროცესი უკვე კარგა ხნის დაწყებულია. იმის სანაცვლოდ, რომ დარბაზში ჩაკეტილიყო და ევარჯიშა, მან აზიაში ტურნე მოაწყო და პოტენციურ ხმებს აგროვებს, რომელიც მას ძალზე წაადგება იანვარში გასამართი მატჩისათვის. ლინმა თავისი გამოჩენით სენსაციური სეზონი ჩაატარა და დიდი გამოხმაურება ჰპოვა სპეციალისტთა შორის. ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ იგი საშუალო გაქანების გამთამაშებელია, მეორე მხარეს სჯერა მისი პოტენციური სუპერმოთამაშეობის. კრიტიკოსები მიუთითებენ გადაცემების დროს ბურთის დაკარგვის ძალიან დიდი რაოდენობაზე, დაცვაში სუსტ თამაშსა და ნებისმიერი დისტანციიდან არასტაბილურ ტყორცნებზე. რიგი სპეციალისტები კი თვლიან, რომ ლინის გაბრწყინებაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ტრავმა და ის ორი ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებული სათამაშო მოდელი რომლითაც მოუწია სადებიუტო სეზონში თავის გამოჩენა “ნიუ-ორკის” რიგებში (ჯერ მაიკ დანტონის ხელმძღვანელობით, მოგვიანებით უკვე მაიკ ვუდსონის). “ჰიუსტონში” ჯერემი მიიღებს ყველანაირ თავისუფლებას, “პიკ ენ როლებზე” აგებული თამაში მის ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის სწრაფი ტემპებით. თუმცა, “ჰიუსტონის” ვერცერთი გულშემატკივარი ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ ლინმა “როკეტსი” პირველ რიგში მომგებიანი ფინანსური მხარის გამო აირჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პოზიციაზე კვლავ ვიხილავდით ლოურის ან დრაგიჩს.
მეხუთე ბორბალი –კევინ მარტინი
მარტინი „ადელმანის მოთამაშედ“ ითვლებოდა დიდი ხნის განმავლობაში და მის წასვლის მერე საერთოდ „ჩაქრა“. კლუბიც და მოთამაშეც კარგად ხვდებიან, რომ საერთო მომავალი მათ არ გააჩნიათ, თუმცა თებერვლამდე ერთად მოუწევთ ყოფნა. მარტინი ყველანაირად შეეცდება არ დაშავდეს და შეინარჩუნოს მაქსიმალური კონდიციები, რათა მოაწონოს თავი წამყვანი კლუბებს, მოური კი შეეცდება რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს კევინის გუნდიდან გაშვებით, რადგან ამ მოთამაშეს აქვს პოტენციალი ნებისმიერ გუნდში სასტარტო ხუთეულში ჩაჯდეს მსროლელის პოზიციაზე, ასევე წარმატებით მოირგოს მეექვსე მოთამაშის როლიც. ბოლო დროს, საკალათბურთო წესებში შეტანილმა ცვლილებებმა, პირდაპირ დაარტყა მის სათამაშო სტილს და აღარ აძლევს იმდენ შანსს დადგეს საჯარიმო ხაზზე, თუმცა შესაშური ინსტინქტები, სწრაფი ფეხები, ბრწყინვალე შორეული ტყორცნა, საკმაოდ კარგი დრიბლინგი და რაც მთავარია, თითქმის უკვე ამოწურული კონტრაქტი კლუბთან, დააფიქრებს თითქმის ყველა საკალათბურთო ორგანიზაციას, რომელთაც მყარად აქვთ გადაწყვეტილი პლეი ოფში წარმატების მიღწევა.
X ფაქტორი: ჯერემი ლემბი
2012 წლის დრაფტზე მეთორმეტე ნომრად არჩეული ახალბედა გახლავთ კევინ მარტინის წასვლის უმთავრესი მიზეზი. სავარაუდოდ, სათადარიგო მოთამაშის რანგში დაიწყებს მომავალ სეზონს, მაგრამ მალე ჩაანაცვლებს სასტარტო ხუთეულში თავის კონკურენტს. ლემბი ძალიან მრავალფეროვანია შეტევაში –შეუძლია დრიბლინგის ხარჯზე 3 წამიან ზონაში შესვლა და ქულების მოგროვება, ასევე შორეული ტყორცნებიც კარგად გამოსდის. სათამაშო სტილიდან გამომდინარე, მომავალ სეზონში ხშირად მოუწევს საჯარიმო ხაზთან დადგომა. მისი თამაშიდან ზუსტი სროლების პროცენტული მაჩვენებელი 47-ს უტოლდება, რაც ბევრზე მეტყველებს. ფიზიკური მომზადება, როგორც ყველა ახალბედას, არ აქვს იდეალურ დონეზე და რეგულარულის საწყის მატჩებში გაუჭირდება მძლავრ მოთამაშეებთან დაცვაში გამკლავება. ჯერემის უყვარს საკუთარ თავზე თამაშის აღება და ურჩევნია რთული სიტუაციიდან ისროლოს, ვიდრე თავისუფალ პარტნიორს გადააწოდოს ბურთი, თუმცა ეს გამოსწორებადია სწორი მუშაობის შედეგად.
სასტარტო ხუთეული: ჯერემი ლინი –კევინ მარტინი – ჩენდლერ პარსონსი –პატრიკ პატერსონი – ომერ აშიკი.
ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში
ქულები: მარტინი – 19,5
მოხსნები: აშიკი – 7,2
გადაცემები: ლინი – 6,1
ბლოკ-შოტები: აშიკი – 1,8
დაკარგვა: ლინი – 3.6
დასკვნა: გენერალური მენეჯერის სატრანსფერო ოპერაციების შემდეგ, “ჰიუსტონი” ახალ ერას იწყებს, შეელია რა ისეთი კალიბრის მოთამაშეებს როგორებიც არიან ლუის სკოლა (“ფინიქსი”), სემუელ დელემბერი (“მილუოკი”), მარკუს კემბი (“ნიუ იორკი” ), გორან დრაგიჩი (“ფინიქსი”) კაილ ლოური (“ტორონტო”), ჩეიზ ბადინგერი (“მინესოტა”), ხოლო მათ მაგივრად გუნდი მაქსიმალურად ახალგაზრდა მოთამაშეებით შეივსო, რომლებთან ერთადაც შეიძლება კლუბის ამბიციებიც მალე გაიზარდოს: პარსონსი, პატერსონი, აშიკი და ჯონსი საკმაოდ კარგი პლაცდარმია, რათა დიდი დახმარება გაუწიონ გუნდის მომავალ ახალგაზრდა ლიდერებს ლემბს და მოტეიუნასს, რომელთაც მართლაც ძალუძთ გუნდის გაძღოლა. თუმცა, შედარებით სუსტია მთავარი მწვრთნელი, სანამ გენერალური მენეჯერი არ შეწყვეტს “გიჟურ” სატრანსფერო მოქმედებებს, მანამდე “ჰიუსტონ როკეთსი” მუდამ რისკის ქვეშ დგას, რომ კვლავ ღრმად არ ჩაყვინთოს ნბა-ს რეგულარული პირველობის ცხრილის ფსკერისაკენ.
გიორგი ბარბაქაძე