თელ-ავივის “მაკაბიმ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი რიკი ჰიკმანი იცავს, ისრაელის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და თანაქალაქელი “ჰაპოელი” 90:75 დაამარცხა.
მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 22 ქულის სხვაობით იგებდნენ, ამდენად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა განაცხადში მყოფი 12-ვე კალათბურთელი ათამაშა.
ჰიკმანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 18 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა. რიკი შეტევაში უშეცდომო იყო – ორქულიანი და 2-ვე სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
თელ-ავიველებს 4 მარცხის ფონზე 19 მოგება მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე რჩებიან. “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატში მორიგ მატჩს 23 მარტს უახლოეს კონკურენტ – იერუსალიმის “ჰაპოელთან” ჩაატარებს, 20 მარტს კი ჰიკმანის გუნდის ევროლიგის ეგიდით სერბულ “პარტიზანს” ესტუმრება.