კალათბურთი

2:04 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანის სუპერმატჩი მილანში

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ტურის MVP-ს ტიტულს უმიზნებს

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრ რიკი ჰიკმანის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, თელ ავივის “მაკაბიმ” მილანში “ემპორიო არმანის” სუპერმატჩი “შემოუტრიალა” და ევროლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში 101:99 იმარჯვა.

იტალიური გუნდი, რომელიც “ოთხთა ფინალში” გასვლის შემთხვევაში, მინი-ტურნირის მასპინძელიც იქნება, თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა. მილანელები დასკვნით მეოთხედს 12-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ და იგივე სხვაობა იყო, როდესაც საფინალო სირენამდე 01:55 წუთი რჩებოდა. ამ დროში აღნიშნული ჩამორჩენის აღმოფხვრა თითქოს წარმოუდგენელი სჩანდა, თუმცა...

ხსენებულ ორიოდ წუთში რიკი ჰიკმანმა 6 ქულა ჩააგდო, რასაც მაკაბელთა კიდევ ერთმა ამერიკელმა კალათბურთელმა ტაირის რაისმა 9 წაამატა, “ემპორიო არმანიმ” კი მხოლოდ 3 ქულა მიითვალა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

საინტერესოა, რომ ჰიკმანს და რაისს ტემპი არც ოვერტაიმში დაუგდიათ და თელ ავიველთა 14 ქულიდან 12 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს, უფრო მეტად კი საქართველოს ნაკრების უკანახაზელი გამოირჩა. რიკიმ დამატებით ხუთწუთეულში 8 ქულა მიითვალა, ამასთან, უკანასკნელ 30 წამში 6-ვე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და სტუმრებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

საბოლოოდ, ჰიკმანმა მოედანზე გატარებულ 32:36 წუთში (სტუმართა რიგებში ყველაზე მეტხანს ითამაშა) 26 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. რიკიმ 7-დან 4 ორქულიანი, 3-ვე სამქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 10-ჯერ დაირღვა.

შედეგად, ჰიკმანის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 36-ს უწია და რადგანაც, ეს პლეი ოფის პირველი ტურის შეხვედრებში საუკეთესო მაჩვენებელია, მას უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული თითქმის გარანტირებული აქვს.

გასულ მატჩში მაკაბელთაგან 17-17 ქულით ხსენებული რაისი (მანაც 9-ვე საჯარიმო გამოიყენა) და სოფოკლის შორცანიტისიც გამოირჩნენ, “ემპორიო არმანის” რიგებში კი 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო, რომელთაგან საუკეთესო შედეგი (17 ქულა) სამარდო სამუელსს ჰქონდა.

საინტერესოა, რომ მილანელებმა მეტოქის ფარზე ბურთი 16-ჯერ მოხსნეს (ხუთის საპასუხოდ), სულ კი მოხსნებში სტუმრებს 41:25 (!) აჯობეს, თუმცა, ეს კოლოსალური უპირატესობა სასურველ შედეგში მაინც ვერ გარდასახეს.

“მაკაბი” მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა და რაც ყველაზე მთავარია, იტალიელებს მოედნის უპირატესობა აართვა. გუნდები მე-2 შეხვედრას ისევ მილანში 18 აპრილს ჩაატარებენ, დღეს კი მოედანზე გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსს” და მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაის” ვიხილავთ, რომლებიც შესაბამისად, მადრიდის “რეალს” და “ბარსელონას” ეთამაშებიან. სერიის პირველ მატჩებში ესპანურმა კლუბებმა დამაჯერებლად იმარჯვეს.

0.115794