თელ ავივის “მაკაბის”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი რიკი ჰიკმანი იცავს, ევროლიგის “ოთხთა ფინალამდე” ერთი გამარჯვება რჩება.
მას შემდეგ, რაც მილანის “ემპორიო არმანისთან” საგარეო ტურნედან შინ საყაიმო ანგარიშით (1:1) დაბრუნდა, ებრაულმა გრანდმა მშობლიურ “ნოკია არენაზე” პირველი შეხვედრა ჩაატარა და 11 060 ქომაგის თვალწინ იოლად – 75:63 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი მეოთხედი მილანელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა, დარჩენილ დროში კი მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ, რაშიც ჰიკმანმაც სოლიდური წვლილი შეიტანა.
რიკი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 27:59 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. “მაკაბის” უკანახაზელმა 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
ჰიკმანის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 20-ს უწია, რითაც იგი მხოლოდ თანაგუნდელ ალექს ტიუსს (21) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 14 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს 3 კალათბურთელი გადასცდა: დენიელ ჰეკეტი (14), კეიტ ლენგფორდი (12) და კერტის ჯერელსი (11).
23 აპრილს “მაკაბი” “ემპორიო არმანის” კიდევ ერთხელ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, “ოთხთა ფინალის” საგზურს მიიღებს, ხოლო თუკი მილანელებმა იყოჩაღეს, 25-ში გადამწყვეტ მატჩს შინ მიიღებენ.