კალათბურთი

15:28 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანის “მაკაბი” ბელგრადში დამარცხდა

რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ევროლიგის მორიგ ტურში ბელგრადში “პარტიზანს” 57:47-ს უგებდა, თუმცა, ბოლო მეოთხედში 13:25 განადგურდა და დასანანი მარცხი განიცადა – 70:72.

შეგახსენებთ, რომ ჰიკმანს ქართული პასპორტი გააჩნია და საქართველოს ნაკრების ღირსებას 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც დაიცავს, ამდენად, მისი თამაში ქართველი ქომაგისთვისაც საინტერესოა.

ამჯერად, რიკის თავი დიდად არ გამოუჩენია. იგი თელ-ავიველთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:16 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ამერიკელმა უკანახაზელმა 3-დან 2 ორქულიანი და 7-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ორჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 8-ჯერ დაირღვა.

ჰიკმანის სარგებლიანობის კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა, რითაც იგი სტუმართა რიგებში მხოლოდ ალექს ტიუსს (14 ქულა, 11 მოხსნა) და სოფოკლის შორცანიტისს (12 ქულა) ჩამორჩა. “პარტიზანს” ბოგდან ბოგდანოვიჩმა ულიდერა 18 ქულით და 6 მოხსნით.

“მაკაბის” 7 მოგების წილ 4 მარცხი მოუგროვდა, თუმცა, ევროლიგის ტოპ-16-ის F ჯგუფში მე-3 პოზიცია შეინარჩუნა და მეოთხედფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვს.

ამავე ჯგუფში დღეს უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” (4 მოგება, 6 მარცხი). თურქული გრანდი უშუალო კონკურენტს – მიუნხენის “ბაიერნს” (5 მოგება, 5 მარცხი) უმასპინძლებს.

0.11661