საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატის მორიგ ტურში იერუსალიმის “ჰაპოელს” დაუხვდა და სენსაციური მარცხი განიცადა – 65:93.
იერუსალიმელები მიმდინარე სეზონში ძალიან გაძლიერდნენ და ჩემპიონობის მაძიებლებადაც ითვლებიან, თუმცა, მაკაბელთა საშინაო 28-ქულიანი მარცხს არავინ ელოდა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე თელ-ავიველთა სასტარტო ხუთეულში იყო და მასპინძელთა რიგებში საუკეთესოც გახლდათ, თუმცა, “ჰაპოელის” წინააღმდეგ მარტომ ვერაფერი გააწყო.
ჰიკმანმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და 18 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. რიკიმ 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“მაკაბის” მხრიდან, ჰიკმანის გარდა, 10-ქულიან ზღვარს ვერავინ ასცდა, “ჰაპოელს” კი ისრაელის ნაკრების კალათბურთელებმა იოტამ ჰალპერინმა (20 ქულა) და ლიორ ელიაჰუმ (13 ქულა) ულიდერეს.
ამ წარმატების შემდეგ, იერუსალიმელებმა 19 მოგება და 5 მარცხი მოაგროვეს და “მაკაბის” გაუტოლდნენ. ჰიკმანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 მარტს ჰაიფაში “მაკაბის” წინააღმდეგ ჩაატარებს.