ჰერ ოტო რბილ სავარძელზე ზის და თვლემს. მისი ცოლი გრეტა კი სამზარეულოში ფუსფუსებს და შაშხს აშიშხინებს. დღეს ოტოს დაბადების დღეა, მაგრამ გადაწყვიტა წელს წვეულება არ გააკეთოს. ყველაფერი იღბლისა და დამთხვევის საქმეა. სწორედ ოტოს დაბადების დღეს დაემთხვა “ბორუსია“–“მალაგას“ თამაში და ამ მატჩის გამოტოვებას ოტოს სიკვდილი უჯობს. მით უმეტეს, რომ 90–იანი წლების შემდეგ, მისი “ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა.
სამსახურში ოტომ კბილი, თავი, ყელი – ყველაფერი ერთად აიტკივა და თავის უხიაგ უფროსს ძლივს გაათავისუფლებინა თავი. შემდეგ ნაცნობ პოლონელ ექიმს ყალბი ჯანმრთელობის ცნობა დააწერინა. მერე წავიდა “ვესტფალენშტადიონზე“, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ყველა ბილეთი გაყიდული დახვდა. რა უნდა ექნა კაცს, რომელიც წლების მანძილზე ასეთ მატჩს ელოდა? რა ქნა და წავიდა მაღაზიაში, იყიდა ცოტა ლუდი, შესაწვავი შაშხი, იტალიური ყველი და სამსახურიდან სახლში მისი ადრე მისვლით გაკვირვებულ ცოლს სახლის ტელეფონის გამორთვა სთხოვა. იცოდა, მეგობრები საღამოს დაურეკავდნენ და რაკი თამაშის ცქერა დაბადების დღის წვეულებას თავიდანვე არჩია, თადარიგი ამ შემთხვევაშიც დაიჭირა.
ახლა კი, ჩვენი ოტო ზის თავის სავარძელში და ტკბილად თვლემს... გრეტამ საჭმელი მოამზადა, მაცივრიდან ლუდის ბოთლებიც გამოალაგა და ხმაჩაწერული ტელევიზორის ეკრანზე ყვითლად მოხასხასე “ვესტფალენშტადიონის“ დიდებული ტრიბუნებიც გამოჩნდა. ოტო წელში გასწორდა, სავარძლიდან ლურჯ პუფზე გადაინაცვლა, გვერდით მეორე პუფში ჩამჯდარი ცოლი მოისვა და დაიწყო და რა დაიწყო...
პირველი ტაიმი იყო იდაყვების დაკბენისა და საშინელი ბღავილის 45 წუთი. ესპანელები ისე თავდაჯერებულად და გულმშვიდად ეთამაშებოდნენ კლოპის ხელიხელსაგოგმანებ გუნდს, რომ ოტოს ისღა დარჩენოდა, თავისი ვარამი და კაეშანი ლუდში ჩაეხშო. ხან ადგებოდა, ხან მთელი ტანით კვლავ პუფში ჩაეზნეყვებოდა. გადიოდა, გამოდიოდა, მალიმალ აღებდა ოთახის ფანჯარას – გაზაფხულის გრილი ჰაერი რომ ესუნთქა. მაგრამ “ბორუსია“ მაინც ვერა და ვერ ათამაშდა ისე, როგორც თუნდაც შარშან თამაშობდნენ.
გერმანელების გამათანაბრებელი გოლისა და მეორე ტაიმში “მალაგას მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ, ოტომ ოგრძნო, რომ გული გაუჩერდა. სახეზე მკვდრისფერი დაედო და ცოლს ხელით ანიშნა – წამალი მომიტანე, თორმე გამძვრა სული და ისააო... გრეტა შეშინებული გაიქცა საძინებელ ოთახში, საიდანაც წამლების ასხმულათი დაბრუნდა. ლუდდანალევზე წამლის სმა მთლად კარგი საქციელი რომ არაა, ეს ოტომაც კარგად იცოდა და მისმა ცოლმაც, მაგრამ ამას ახლა ვინღა დაგიდევდათ... სიკვდილ–სიცოცხლის ამბავი წყდებოდა...
მსაჯის მიერ დამატებული ოთხი წუთი ალბათ ყველა იმ ადამიანს ემახსოვრება, ვინც “ბორუსია“–“მალაგას“ მატჩს უყურა. მაგრამ ოტოსათვის ეს ოთხი წუთი იყო ცხოვრებაში ყველაზე გრძელი და ამასთან ყველაზე სულისშემძვრელი ჟამი. ეს იყო გამარჯვება, მაგრამ მხოლოდ სიტყვა “გამარჯვებით“ როგორ უნდა დავაკნინოთ ეს ყველაფერი?! მსაჯის საფინალოს სასტვენის შემდეგ, გრეტა გაკვირვებული შესცქეროდა ფერდაკარგულ, ნერვიულობისგან ხელებდაკბენილ და აკანკალებულ ქმარს, რომელიც მუხლებზე მდგომი თვალმოუშორებლად შესცქეროდა ეკრანს და იმის თავიც კი აღარ ჰქონდა, რაიმე რომ ეთქვა. ეს დღე 48 წლის მოყრილი ჰერ ოტოსათვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო ცხოვრებაში!