ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკოების პრომოუთერული კომპანიის, K2 Promotion-ის მენეჯერმა, ბერნდ ბენტემ დაადასტურა ინფორმაცია, უკრაინელ მძიმეწონოსნებსა და ბრიტანელ დევიდ ჰეის შესაძლო ბრძოლის თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკების დაწყების შესახებ. ბენტე დარწმუნებულია, რომ სუპერშეხვედრა წლეულსვე ჩატარდება, თუმცა, რომელი ძმა ავა რინგზე WBA-ის (მსოფლიო კრივის ასოციაციის) ვერსიით მსოფლიოს უძლიერეს მძიმეწონოსანთან საჩხუბრად, ეს ჯერ დასაზუსტებელია.
“დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკება დადებითად დაგვირგვინდება და კრივის გულშემატკივრები ბოლოს და ბოლოს მიიღებენ ნანატრ ორთაბრძოლას. მჯერა ისიც, რომ შეხვედრა ევროპაში, რომელიმე დიდ სტადიონზე გაიმართება” – განუცხადა მენეჯერმა BoxingScene.com-ს.
შეგახსენებთ, ვლადიმერ კლიჩკო IBF-ისა (კრივის საერთაშორისო ფედერაციის) და WBO-ის (მსოფლიო კრივის ორგანიზაციის) ვერსიების საჩემპიონო ქამრებს ფლობს, ხოლო ვიტალი - WBC-ის (მსოფლიო კრივის კავშირის) ვერსიით, მსოფიოს უძლიერეს მძიმეწონოსნად იწოდება.
ოთარ მაღლაკელიძე







