ფეხბურთი

15:49 | 5.04.2013 | ნანახია 966 - ჯერ

“ჰამბურგთანაც” შეგვეძლო მოგება, მაგრამ... გადაღლილები ვიყავით”

კარიერა ფრაზებში: რამაზ შენგელია

რატომ გამოიცვალა გუნდი?

 ვინ იყო პირველი მწვრთნელი? 

თვლის თუ არა, რომ მეტის მიღწევა შეეძლო? 

რომელი თამაშია მის კარიერაში ყველაზე კარგი? 

კითხვები, რომლებსაც ბოლო არ უჩანს და პასუხები, რომლებიც გულშემატკივრებს აინტერესებთ. 

ყველა დიდი სპორტსმენის უკან ძალიან საინტერესო ისტორია იმალება. 

ჩვენს ახალ რუბრიკაში - კარიერა ფრაზებში - ქართული და მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები თავად მოიგონებენ განვლილ გზას, გზას, რომელმაც თანაბრად დაიტია გამარჯვებაც და მარცხიც, სიხარულიც და იმედგაცრუებაც, ტკბილი მოგონებებიც და ცრემლებიც. 

ლეგენდარული სპორტსმენების მოგონებებს პარასკევობით პროექტის ავტორი, ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე წარმოგიდგენთ. 

 რამაზ შენგელია დიდი “დინამოს” დიდი თავდამსხმელი იყო.

ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ორჯერ აღიარეს საბჭოეთის წლის მოთამაშედ. ჩვენი გუნდის იმ დაუვიწყარ წლებში გახდა პირველობის ბომბარდირიც, ლურჯი მაისურით ჩემპიონატიც მოიგო და თასიც, ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც 13 მაისის ღამე გვაჩუქა, მაგრამ ჩინ-მედლებს თავი დავანებოთ, ამას ხომ ყველა ცნობარში ამოვიკითხავთ.

2012 წლის 21 ივნისს, ქართულმა ფეხბურთმა მსოფლიო დონის თავდამსხმელი დაკარგა - რამაზ შენგელია 55 წლის იყო.

* * *

...ქუთაისში თითქმის ყოველ კვირას ტარდებოდა ქუჩების პირველობები, გამარჯვებულები კი ქალაქის ჩემპიონატში ასპარეზობდნენ. მართალი გითხრათ, გამორჩეული არ ვყოფილვარ, მაგრამ რატომღაც, დიდი ბიჭები თავიანთ გუნდებში მათამაშებდნენ. ერთხელ, ჩვენი უბნის (ძველი ქუთაისის რკინიგზის სადგური) პირველობაზე გავიმარჯვეთ და ქალაქის ჩემპიონატზე ამოვყავი თავი. მაშინ პირველად ვითამაშე დიდ მოედანზე და ჩემდა გასაკვირად, 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც ვერ შევეხე ბურთს! საშინლად იმედგაცრუებული ვიყავი, ბრაზი მახრჩობდა! სახლამდე ძლივს შევიკავე თავი, შინ მისულმა კი იცოცხლეთ, დავაღე პირი და ჩამომდის ცრემლი... გადაირია მამაჩემი, რა ხდება, ხო მშვიდობააო? ფეხბურთზე მინდა, ფეხბურთზე მინდა-მეთქი, სლუკუნით ვუთხარი. მანამ არ მოვისვენე, სანამ მამამ ხელი არ დამავლო და “ტორპედოს” ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში თამაზ კენჭაძეს არ ჩამაბარა.

...ამბობდნენ, კარლო ხურციძეს თუ ბავშვი თვალში მოუვიდა, ის აუცილებლად კარგი ფეხბურთელი გამოვაო. ღმერთის წყალობით, ბატონი კარლოს თვალსაწიერში მეც მოვხვდი და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გზა დიდი ფეხბურთისკენ. ისე, თუ ვინმეს ქუთაისიდან დიდი ფეხბურთი უთამაშია, ყველამ ბატონი კარლოს ხელში გაიარა.

...თბილისის “დინამომდე” ქუთაისის “ტორპედოში” ვთამაშობდი. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა: ჯემალ ხერხაძე, როლანდ ფესტვენიძე, მერაბ ჩახუნაშვილი, ჟორა აბზიანიძე, ბადრი ფარულავა, რეზო ბურკაძე, გიორგი გაბიჩვაძე, იური კვერნაძე, თამაზ კოსტავა, თენგიზ სულაქველიძე... გაბიჩვაძე უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო, საოცარი მონაცემები ჰქონდა, 15-20 წუთში დაალაგებდა თამაშს... 1975 წელს, როცა ცხონებული გიგა ნორაკიძე იყო ჩვენი მთავარი მწვრთნელი, სულ ცოტა დაგვაკლდა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად.

...გიგა ნორაკიძემ თავიდანვე ძირითადში დამაყენა. 10 მატჩი ისე გაილია, გოლი ვერ შევაგდე, ასეთ რამეს კი, ქუთაისელი გულშემატკივრები „ცხვირმოუხოცავ ბაღანას“ კი არა, პელეს არ აპატიებენ. ჰოდა, ყოველი თამაშის მერე მესმის: „ვინაა ეს ბოვში?“ „რა უნდა ამას “ტორპედოში?” “... ცხადია, ბატონ გიგასაც უწუნებდნენ არჩევანს, ის კი ჯიუტად ძირითადში მათამაშებდა. მერე, როგორც იქნა, გავიტანე, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ქომაგებიც დაწყნარდნენ. ახლა რომ ვფიქრობ, ნორაკიძეს მაშინ შემადგენლობიდან რომ ამოვეგდე, ჩემს კარიერას, ალბათ, წერტილი დაესმებოდა. ცხადია, ძალიან განვიცდიდი გოლი რომ ვერ გამქონდა, მაგრამ მწვრთნელის ნდობა მაგულიანებდა.

...”დინამოში” ნოდარ ახალკაცმა 1977 წელს მიმიწვია. თბილისში ჩემთან ერთად წამოვიდა თამაზ კოსტავა - ახალკაცი ქუთაისში გვესტუმრა და სანამ საბოლოოდ დაგველაპარაკებოდა, რამდენიმე დღე დაგვაკვირდა. იმის მიუხედავად, რომ მაშინდელი პირველი ლიგა კარგი ტურნირი იყო, უმაღლესისგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა!

...ნოდარ ახალკაცი უნიჭიერესი კაცი იყო. ამასთან ერთად, ძალიან შრომისმოყვარე. ჩვენგანაც იმავეს ითხოვდა. ხასიათი? მძიმე ჰქონდა და მასთან ურთიერთობა არ იყო იოლი. დინამოელებს რაღაც განსაკუთრებული მოკრძალების გრძნობა გვქონდა მის მიმართ. ეგ კი არა, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და კაბინეტში მიხმო სამსახურის შემოსათავაზებლად, ატუზული შევედი, მეგონა, რომ ის მწვრთნელია და მე მისი შეგირდი.

...იმ “დინამოში” ყველა პოზიციაზე უდიდესი კონკურენცია იყო, მაგრამ ჩემსა და რეზო ჩელებაძეს შორის რომ იყო დაპირისპირება - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით - ეგეთი მე არ მახსენდება! ორივეს თამაშიდან თამაშამდე გვიწევდა შანსის გამოყენება და იმის მტკიცება, რომ ძირითადის ღირსები ვიყავით. “ტორპედოში” კონკურენტები არ მყავდა და ამიტომ, თბილისში თავიდან გამიჭირდა.

...სადებიუტო სეზონში, 1977 წელს, ძირითადად შეცვლაზე ვთამაშობდი. ჩემგან განსხვავებით, კოსტავა მალე მოერგო “დინამოს” და ის სეზონი, დათო ყიფიანთან ერთად, უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მე ძირითადში 1978 წლიდან დავმკვიდრდი - მოსამზადებელ შეკრებებზე ბევრს ვვარჯიშობდი და ამან შედეგიც მოიტანა. 21 წლის ბიჭს ძალიან არ მინდოდა სათადარიგო ვყოფილიყავი - “დინამოში” სკამზე ჯდომას ისევ ქუთაისში დაბრუნება მერჩია.

...1978 წელს, როცა ჩვენ 14-წლიანი შესვენების შემდეგ გავხდით ჩემპიონები, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. კი, კარგად ვითამაშე, გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე, მაგრამ ამ ტიტულს მაინც არ ველოდი. მე თუ მკითხავთ, მაშინ მანუჩარ მაჩაიძე იყო ბრწყინვალე და ვფიქრობდი, რომ წლის მოთამაშედ მას აღიარებდნენ.

...სანამ “ლივერპულს” ვესტუმრებოდით, მწვრთნელებმა ინგლისელთა თამაშის ვიდეოჩანაწერი გვანახეს, სადაც მათ მეტოქეს 6:0 მოუგეს. ცოტა არ იყოს, შევშინდი და “ენფილდზეც” აღელვებული გავედი. ამის გამო, საწყის წუთებში რეი კლემენსთან ორჯერ პირისპირ გასულმა, კარგად ვერ ვითამაშე, მაგრამ ნელ-ნელა დავწყნარდი. ისე, იმ შეხვედრის წინ მთელი “დინამო” ნერვიულობდა - საშას წინა ღამით საერთოდ სიცხემ აუწია... თუმცა, მოვახერხეთ და მხოლოდ ერთი ბურთით წავაგეთ - 1:2. სწორად გამიგეთ, კი არ მეამაყება ეს მარცხი, მაგრამ ის “ლივერპული” მაშინ ევროპის კი არა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო და ყველა ჩვენ განადგურებას ელოდა. საპასუხო თამაშში ახალკაცმა ისე მოგვამზადა, ჩვენი გამჩერებელი კაცი არ იყო - 3:0 გავიმარჯვეთ!

...მერვედფინალში “ჰამბურგთანაც” შეგვეძლო მოგება, მაგრამ სეზონის მიწურული იყო, გადაღლილები ვიყავით და გულახდილად რომ ვთქვა, მოკლე პერიოდში ასეთი რთული მატჩებისთვის, სათანადოდ მზად არ ვიყავით. თანაც, მეტოქეს ხომ კევინ კიგანი ჰყავდა, ის კი ევროპის საუკეთესო მოთამაშედ იყო აღიარებული. “დინამოსთან” თამაშებში კიგანი ბრწყინვალე იყო!

...15 წელიწადი ვითამაშე დიდი ფეხბურთი, კარიერის დასრულების შემდეგ, მუდმივად თვალს ვადევნებ მატჩებს, მაგრამ ისეთი უსამართლობა, რაც როტერდამში, “ფეიენოორდთან” შეხვედრაში მსაჯისგან ვნახე, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ გამიგონია! ვოვა გუცაევზე ორჯერ არ დანიშნა პენალტი, მე კი ორი გოლი არ ჩამითვალა... საბედნიეროდ, გავძელით, თუმცა საამისოდ, მართლა არაადამიანური ძალისხმევა დაგვჭირდა!

...თასების თასის ტრიუმფისკენ “დინამო” გეგმაზომიერად მიდიოდა. მანამდე იყო წაგება “ჰერტასთან”, “გრასჰოპერსთან”, “ჰამბურგთან”... მწვრთნელებმა ამ თამაშებიდან სწორი დასკვნები გამოიტანეს და საბოლოოდ, მიზანსაც მივაღწიეთ! შემთხვევით დიდ ტურნირს ვერ მოიგებ - “დინამომ” დიუსელდორფის ტრიუმფამდე სვლა რამდენიმე წლით ადრე დაიწყო.

...მე თუ მკითხავთ, ფინალში ლამაზი სანახაობა იშვიათია. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომზადებას. თასების თასის ფინალშიც ასე არ იყო? სანახაობრივად არ იყო კარგი მატჩი - ახლავე შემიძლია საკავშირო პირველობის მინიმუმ ათი შეხვედრა გავიხსენო, რომელიც “კარლ ცაისთან” თამაშს ორი თავით სჯობდა... დიუსელდორფში “დინამომ” ჩვეულად ვერ ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ვაგებდით, მაინც მოვიგეთ. თითოეულ ჩვენგანს, ამ მატჩის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმოდა! ვფიქრობ, 1981 წლის 13 მაისი “დინამოსთვის” უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე “კარლ ცაისისთვის”.

...ჩემი თაობის ბიჭებისთვის თბილისის “დინამო” გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე მხოლოდ საფეხბურთო გუნდმა შეიძლება დაიტიოს. სამწუხაროდ, ახლანდელ თაობაში იგივეს ვერ ვხედავ. მესმის, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.

...დათო ყიფიანი შეუდარებელი იყო! ისეთ პასს მოგცემდა, ბურთი კარში უნდა გაგეტანა - აცილება უფრო ძნელი იყო. გახსოვთ ლონდონში “ვესტ ჰემთან” თამაში? სწორედ ამაზე ვამბობ.

...1981 წლის შემოდგომით, თბილისში ჩემი გოლებით ჩეხოსლოვაკიის ნაკრები 2:0 დავამარცხეთ - საბჭოთა კავშირი, 12-წლიანი შესვენების შემდეგ, კვლავ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე! ყველას ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ იმხელა საწვრთნელი შეკრება მოგვიწყვეს, ბურთის დანახვა გულს მირევდა!

...მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ყიფოს და გუცაევის არწაყვანა, მწვრთნელთა ძალიან დიდი და უხეში შეცდომა იყო! რაც შეეხება შედეგს, თუ გუნდის „სამზარეულოს“ გავიხსენებ, ვთვლი, რომ ის ლოგიკურიც იყო - მაშინდელი ნაკრები არ იყო ერთიანი კოლექტივი და პირველივე წინაღობაზე დაიშალა.

...ბრაზილიასთან თამაში? ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საუკეთესო მატჩია, მაგრამ ის მართლა ძალიან კარგი გუნდი იყო და მეამაყება, რომ ბრაზილიას გოლიც გავუტანე. მართალია, მსაჯმა არ ჩათვალა, მაგრამ ჩემთვის ის დარტყმა მაინც ჩუმ და ტკბილ მოგონებად რჩება. 1:2 წავაგეთ, მე ის გოლი 1:0-ზე გავიტანე... ეგ კიდევ არაფერი, მალე საჯარიმოში წამაქციეს, მაგრამ არავითარი პენალტი, მსაჯმა თვალი დაიბრმავა! მოკლედ, ძალიან გულდასაწყვეტი თამაში იყო, არადა, ჩვენმა გუნდმა ცუდად ნაღდად არ ითამაშა.

...ნაკრებში პირველად ფინელების წინააღმდეგ ვითამაშე სტუმრად. მატჩის შემდეგ ძალიან დაღლილი ვიყავი და ნომერში ვისვენებდი, როცა ერთ-ერთი თანაგუნდელი მოვიდა და გვითხრა, ბიჭები დალევას აპირებენ, წამოდითო. ვუთხარი, არ შემიძლია-მეთქი. გაგიჟდა, ესე იგი ჩამშვები ხარო და მოკლედ, იმდენი „გვაძაგა“, ავდექით და წავედით. ჩაის ჭიქით დამალევინეს არაყი - ისე ცუდად გავხდი, ოთახში ძლივს დავბრუნდი, გზაში ვფიქრობდი, თუ მომკლეს, რად მინდა ასეთი ნაკრები-მეთქი... მატჩისშემდგომი სმის ორგანიზატორები კიეველები იყვნენ და რუსებიც, ცხადია, მათ მხარს უბამდნენ. უცხოეთში რომ მივფრინავდით,  თითო კიეველი ორ, ან სამ ბოთლ “სტოლიჩნაიას” არაყს იყიდდა და მერე კარგად ილხენდნენ. ძალიან ბევრს სვამდნენ ბესონოვი, დემიანენკო, ჟურავლიოვი... ამ უკანასკნელს სპილოს ეძახდნენ.

...საუკეთესო მცველი, ვის წინააღმდეგაც გავსულვარ, ეს ლივერპულელი ფილ ტომპსონია - პოზიციურად ბრწყინვალედ თამაშობდა! რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს, მოსკოვის დინამოელებს, ნიკულინს და ნოვიკოვს გამოვარჩევ. თუმცა, ისინი კი არ მეთამაშებოდნენ, ნადირობდნენ ჩემზე! მოსკოვის ტორპედოელი ჟუპიკოვიც უსიამოვნოდ მახსენდება. ყველაზე ძალიან კიეველი ბალტაჩას წინააღმდეგ თამაში მიჭირდა, თუმცა ის უხეში არ იყო, უბრალოდ, ძალიან კარგად იცოდა პერსონალურად მეურვეობა.

...კარიერის მანძილზე ერთადერთხელ მივიღე ყვითელი ბარათი, მოსკოვში, ცსკა-ს წინააღმდეგ თამაშისას. მეტოქეს, ლამის, ორმეტრიანი მცველი ჰყავდა, გვარად შვეცოვი, ჰოდა, ერთ მომენტში მოვატყუე და რომ მეგონა გავცდი-მეთქი, თავისი გრძელი ფეხებით ბურთი ამართვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გავბრაზდი და ფეხი დავარტყი. მსაჯმა ეგრევე ყვითელი ბარათი მიჩვენა.

...ერთ ისტორიას მოგიყვებით: მოსკოვის დინამოელი ნიკულინი, სადაც დაიჭერდა დათო ყიფიანს, გაექანებოდა და კოჭებში ურტყამდა. საწყალ ყიფოს სულ დასისხლიანებული ჰქონდა ფეხები. ერთხელაც, დათო მოსკოვში იყო და შემთხვევით ნიკულინი შეხვდა. იფიქრა, მოდი ამ კაცს პატივს ვცემ და იქნებ მოედანზე თავი დამანებოსო. შევიდნენ რესტორანში, გაშალა დათომ ზღაპრული სუფრა და ეს შენი ნიკულინი ისე დათვრა, თავს ვეღარ სწევს მაგიდიდან. დათომ უთხრა, მინდორზე რომ შევხვდებით, იქნებ აღარ დამამტვრიოო და იცით, რა უპასუხა ნიკულინმა? „დავიდ, ნა პოლე დრუზეი ნე ბივაეტ“-ო!

...არასდროს ჩავრეულვარ სხვის კომპეტენციაში, მაგრამ მიმაჩნდა და დღესაც ვფიქრობ, რომ 1982 წლის მიწურულს “დინამოდან” ამდენი გამოცდილი მოთამაშის გაშვება დიდი შეცდომა იყო. მითუმეტეს იმ დროს, როცა ყიფიანი ფეხბურთიდან ახალი წასული იყო, ვიტალი დარასელია კი...

...რატომ ვერ გაიმართა 82-ის მერე “დინამო” წელში? იმიტომ, რომ ბევრმა ახალწვეულმა ღირსეულად ვერ შეცვალა წინამორბედი. მერე და მერე, თითქოს გუნდმა მოტივაციაც დაკარგა. ალალად გეტყვით, პირადად მე, ბოლო წლებში, 80-იანების მიწურულზე ვამბობ, ისეთი სტიმული არ მქონია, როგორც ადრე. თითქოს, წაგებასაც აღარ განვიცდიდი.

...რა მოუტანა “დინამოს” გერმან ზონინის მოსვლამ? განსაკუთრებული არაფერი: მას ჰქონდა საკუთარი კონცეფცია, მაგრამ აზრს უცბად და ხშირად იცვლიდა. ფეხბურთელები ვერ ვგრძნობდით, რომ “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ჰყავდა. გუნდს, ფაქტიურად, ვეტერანები ვმართავდით: ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე და მე.

...ბრემენის “ვერდერმა” ჩვენამდე მოსკოვის “სპარტაკი” 6:2 გაანადგურა. მაშინ “დინამო” შავ დღეში იყო და გერმანიაში, როცა ავტობუსით ბრემენისკენ მივდიოდით, ფეხბურთელებს ასეთი აზრი გაგვიჩნდა: მოდით, თეთრი მაისურებით გავიდეთ სათამაშოდ და როცა “ვერდერი” მესამე გოლს გაგვიტანს, გავიხადოთ და ვიყვიროთ: “დინამო” კაპუტ!” ამაზე ძალიან მაგრად ვიცინეთ. ის შეხვედრა 1:2 წავაგეთ. მოსკოვში დაბრუნებულებს წაგება მოგვილოცეს?! კიდევ კარგი, ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ვნახე!

...ჩვენ გვქონდა შანსი გათამაშებიდან გამოგვეგდო “ვერდერი”. ეს ძალიან დიდი სენსაცია იქნებოდა: ჭომამ (თენგიზ სულაქველიძე) საჯარიმოს გარედან მართლა ლამაზი გოლი გაიტანა, გია გურულმა ძელს გაარტყა ბურთი, თემურ ქეცბაიამ ახლოდან ვერ შეაგდო თავით - რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ... შესვენების შემდეგ “ვერდერმა” უკეთ ითამაშა და ანგარიშიც გაათანაბრა. 1:1-ზე ოლივერ რეკთან პირისპირ გავედი, მაგრამ ვერ გავიტანე - ბურთი ფეხში მოვარტყი. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ის მომენტი ახლაც თვალწინ მიდგას და განვიცდი.

...ფეხბურთს თავი რომ დავანებე, წელიწადზე მეტი უმუშევარი ვიყავი. ყველა ხომ მწვრთნელი ვერ იქნება? მერე შვედეთის მეორე დივიზიონის “ჰოლსმუნდი” შეგვეხმიანა მე და თენგიზ სულაქველიძეს და წავედით. ისე, იმ დროს კაი მოსუქებულები კი ვიყავით. ჩასვლის შემდეგ ორჯერ არ გვათამაშეს და მივხვდით, რომ თუ სერიოზულად არ ვიფიქრებდით წონის დაკლებაზე, მინდორს არავინ გაგვაკარებდა. მერე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ახალკაცმაც ფედერაციაში მიგვიწვია - ცოტა ხანი ეროვნულ ნაკრებში ვიმუშავე საშასთან ერთად. სამწვრთნელო საქმეში არ ვერეოდი - არ იყო ეს ჩემი მოწოდება. ნიჭიერი ბიჭები გვყავდა... გუნდიდან მაინც მალე წავედი - რაღაცნაირად, დავიღალე ყველაფრისგან, თან ის დრო ხომ გახსოვთ?!

...რატომ არ დავუბრუნდი ფეხბურთს? როგორ გითხრათ, არ მქონია სურვილი. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი თავი თანამედროვე ქართულ ფეხბურთში ვერსად დავინახე.

* * *

რამაზ შენგელია

დაიბადა 1957 წლის 1 იანვარს ქუთაისში

გარდაიცვალა 2012 წლის 21 ივნისს თბილისში

1973-1976 წლებში ქუთაისის “ტორპედოს”, 1977-1988 წლებში კი თბილისის “დინამოს” თავდამსხმელი. 1989-1990 წლებში შვედეთის “ესტერსა” და “ჰოლსმუნდში” თამაშობდა

ტიტულები:  სსრკ-ს ჩემპიონი - 1978; სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონი - 1977; სსრკ-ს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1981; სსრკ-ს თასის მფლობელი - 1979; თასების მფლობელთა თასის მფლობელი - 1981; ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის - 1980; საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი (გაზეთი ფუტბოლ-ხოკეი) – 1978, 1981; საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 1981 (23 გოლი); თასების მფლობელთა თასის საუკეთესო ბომბარდირი - 1981-1982 (6 გოლი); სსრკ-ს ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 5-ჯერ მოხვდა: #1 – 1981; #2 – 1978, 1979, 1980; #3 – 1977; საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1980; სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1981

სსრკ-ს ნაკრებში: 26 მატჩი, 10 გოლი (1979-1983)


იუზა კაციტაძის ფოტო

Loading...

კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:11 | 06.04.2013
Tinatin Merabishvili (2)

ღმეთმა ნათელში ამყოფოს მაგარი ფეხბურთელი იყო.1978 რამაზმა 14 გოლი გაიტანა იარცევმა19. გოლის აღნიშვნა იცოდა კარგი.კეფიტ ცხრიანში იტანდა. არარატის კარებში 81-ში 3 თამასში 7 გოლი გაიტანა ახლა ნაკრებს 10 თამასში 2 გოლიც ვერ გაუტანია

00:14 | 06.04.2013
akhali (10758)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს.მართლაც დიდი გუნდი გვყავდა და დღეს რა დღეში ვართ!82ში დათო და ვოვა რომ არ წაიყვანეს სსრკ ნაკრაბს ვერ ვქომაგობდი,მარტო ქართველს მინდოდა გაეტანა.რამაზმა ბრაზილიასთან საუცხოოდ ითამაშა,მაგრამ მსაჯმა მართლაც სუფთა გოლი არ ჩაუთვალა(არადა მაგრად შეასრულა)და ნაღდი პენალტიც არ დადო.
ბაბუ
ჰერტასთან მართლაც ძალიან მაგარი გაიტანა,ვერსად ვნახეიუტუბში
დღეს რა გვჭირს?რა ხდება ჩვენს საფეხბურთო საზოგადოებაში?ერთმანეთის ლანძღვა ,ათასი ჭორი თუ მართალი ,ინტრიგები!ამ ფულის გამო სულ დავკარგეთ ღირსება?რა გიჭირთ ამ ფეხბურთელებს,რომ უკვე ერთმანეთთით ,,ვაჭრობთ,,,,ბარიგობთ,, დ. ხელს უშლით კარიერის აწყობაში,თუ ფული ვერ იშოვეთ.რატომ ეს არ მესმის კალათბურთელებში,რაგბისტებში?თქვენ სხვაგან იზრდებით?როდემდე უნდა ითმინოს ქართველმა გულშემატკივარმა სამარცხვინო შედეგები,რასაც 20წელია ითმენს?ეს იმ გულშემატკივარმა,რომელმაც გერმანიასთან 2საათით ადრე 100000 შეავსო სტადიონი,რომელიც 45000 მოვიდა ესტონეთთან ამხანაგურზე!რომელი ნაკრები დაიკვეხნის ასეთ დასწრებას!ლატვია თუ ესტონეთი?სლოვენია თუ ბოსნია?მონტენეგრო თუ ხორვატია?ეს ყველა ქვეყანა ჩვენზე პატარაა,ზოგი რამდენიმეჯერ!რატომ არ ხართ გუნდი!!!???ერთი გუნდი!!!???

21:36 | 05.04.2013
zebe (1174)

ესე გამოდის ეხლა რომ ბარსა გამოვაგდოთ ლიგიდან იფ იფ რა მაგარი იქნებოდა მთელი საქართველო ამაყობდა დინამოთი მეც მინდა ეგეთი გუნდი

21:27 | 05.04.2013
Zviadi Tsulukidze (1)

რამაზ შენგელია როგორც ფორვარდი არის უნიკალური, ის უნდა გენახათ მხოლოდ მინდორზე უშუალოდ.როგორ მოძრაობდა რას გადაადგილდებოდა როგორ ელოდებოდა მეტოქე მცველის "ჩაძინებას" რაც გარდაუვალი იყო იმ მოძრაობების ფონზე რასაც .რამაზ შენგელია აკეთებდა >ბატონებო ეს უნდა გენახათ , ეს პატარა, თითქოს არაფრით გამორჩეული ტანის და სხვა მონაცემების ფეხბურთელი რას აკეთებდა და რა შეეძლო . მე ის პირადად ვნახე მინდორზე 1982 წელს . უნდა გითხრათ ,რომ ეფექტი იყო განუმეორებელი. პრაქტიკულად მე ვაღიარე ,რომ რამაზ შენგელია მანამდე ნანახი არ მყავდა. არადა ტელევიზიით ნანახი მქონდა მისი თამაშები 1978-1981.წლების.ისიც ცნობილია .რომ როცა ახალ ,მცველს მიიღებდნენ დინამოში ნოდარ ახალკაცი გამოცდის მიზნით ერთ ტაიმს მას ავალებდა რამაზ შენგელიას წინააღმდეგ თამაშს. მე ბედნიერი ვარ რომ ამ კაცს შევხვდი და მოსმენილი მაქვს მისი ოპტიმისტურური აზრი ქართულ ფეხბურთზე.

18:42 | 05.04.2013
ss18 (1696)

მაგარი კარგი და შეგნებული კაცის ინტერვიუა...
ღმერთმა გაცხონოს რამაზ ბატონო

18:04 | 05.04.2013
Dinamo17 (96)

ჩვენ როდისრა მოვესწრებით ასეთ დინამოს?

17:52 | 05.04.2013
giorgi7774519 (16)

trophymanager.com/?c=2866531 საუკეთესო ონლაინ მენეჯერი ელხავე დაიწყეთ მარტივი 5 დავალების შესრულებით

17:20 | 05.04.2013
gadishi (453)

ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი იყო,და ძალიან უბრალო და თავმდაბალი კაცი იყო,მე მაშინ პატარა ვიყავი მაგრამ მახსოვს მისი თამაში,მისი შეუდარებელი გოლები,ძალიან გავს ანდრეი შევჩენკოს შევჩენკოც ასეთი სტილის მოთამაშე იყო,

17:05 | 05.04.2013
ბაბუ (11729)

კარგი სიახლეა, პარასკევობით აბა ველოდები ახალ-ახალ სტატიებს.
რამაზი მაგარი იყო ძალიან მაგარი.ერთი შეხებით ჰერტას გოლი გაუტანა ძალიან მაგარი იყო, ზურგით იდგა კარებთან და არ დაუშვია ბურთი ისე შემოტრიალდა და დაარტყა.

18:41 | 05.04.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ბაბუ გილოცავ 10000!!! საუიბილეოს მაგარი კომენტარისთვის ინახავ ალბათ )))

16:45 | 05.04.2013
Arxitect (33)

ეეეჰჰ მამაჩემი მიყვება იმ ემოციებს რაც მაშინ იყო. ნეტა ვერ მოვესწრები იგივე დონის დინამოს?

16:36 | 05.04.2013
emigranti77 (33455)

Hanescu V. (Rou)
-
Sijsling I. (Ned) ამ თამაშის შოტი სად ვნახო ბიჭებო იქნება დამიდოთ რა ლინკი, ტენისია ეხლა დაწყებული უნდა იყოს მარა სოტს არ წერს ფლაშკორეზე

16:21 | 05.04.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ასეთი დიდი გუნდი როგორ არ უნდა გვყავდეს ქართველებს?! დროდადრო მიწასთან რომ გავასწორებთ ლივეს,ინტერს,რეალს,ბაიერნს...

16:16 | 05.04.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ბრავო კარგი იყო! საპასუხო თამაშში ახალკაცმა ისე მოგვამზადა ჩვენი გამჩერებელი კაცი არ იყო!!! გენაცვალეთ! ლივე შეჭამეს!!! გმერთმა ნათელსი ამყოფოს იმ ბიჭების სული ვინც დღეს ამ დიდი დინამოდან ცოცხალი აღარ არის!

16:08 | 05.04.2013
be_code (164)

საოცარი თავდამსხმელი

15:59 | 05.04.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

აუ რა გუნდი გვყავდა და რა ფეხბურთელები!!!

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.108614