“ჰამბურგის” ბუნდესლიგიდან გავარდნის თავიდან ასაცილებლად ამიერიდან მირკო სლომკა იზრუნებს. ჩრდილოგერმანელთა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ის ჰოლანდიელ ბერტ ვან მარვიიკს შეცვლის.
გასული წლის დეკემბერში 46 წლის სლომკამ “ჰანოვერი” დატოვა, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა, ჰამბურგელებთან კი ხელშეკრულებას 2016 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
“მირკო სლომკა ბუნდესლიგის აღიარებული სპეციალისტია და მას საკუთარი პროფესიონალიზმი არაერთხელ გამოუვლენია. ჰანოვერში კი მან დაამტკიცა, რომ რთულ პირობებში მუშაობაც შეუძლია”, - განაცხადა “ჰამბურგის” სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიცერმა.
თავად სლომკა კი ჯერჯერობით ამგვარი კომენტარით შემოიფარგლა: “სასწრაფოდ გუნდის ტექნიკურ-ტაქტიკური შესაძლებლობები უნდა შევისწავლო. უახლოეს დღეებში სწორედ ამ საქმით დავკავდები”.