სხვა

16:49 | 21.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰოს წაფორხილება ტოჩინოშინის შანსია

ჩინებულ ფორმაში მყოფი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მაისის ტურნირის მოგების შანსს ინარჩუნებს. თუკი ტოკიოს ტურნირის დასკვნით დღეს, 23 წლის ქართველი ოძეკი ჰარუმაფუჯის გაუმკლავდება, ხოლო იოკოძუნა ჰაკუჰო ოძეკი კაიოსთან წაიფორხილებს, ტოჩინოშინსა და მონღოლს შორის დამატებითი შერკინება დაინიშნება და ჩემპიონის ვინაობაც მათ შორის გამოვლინდება.

დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა, თოთხმეტ ტურში მე-12 გამარჯვება სეკივაკე კოტოშოგიკუსთან იზეიმა. გორგოძემ სასტარტო შერკინებისას მარცხნივ გადაინაცვლა და მისთვის მისაღები ჰიდარი-უვატე დააფიქსირა. ფუკუოკელმა სუმოისტმა დოჰიოზე ცამეტ წამს კი გაძლო, თუმცა, ქართველის იორიკირის წინააღმდეგ ვეღარაფერი გააწყო.
კიდევ ერთ ცენტრალურ შერკინებაში, კაკურიუმ ტოსაიუტაკას ცუკიდაშით სძლია და ტოჩინოშინის ერთადერთი მოგებით ჩამორჩება, ლიდერი კი კვლავაც ჰაკუჰოა, რომელმაც ოძეკი ბარუტოსთან არცთუ იოლი შერკინება გადაიტანა, თუმცა, ესტონელი სეკიტორი იორიკირით მაინც დაამარცხა.
არსებობდა ვარაუდი, რომ ნაცუ ბაშოს დასკვნით დღეს, ტოჩინოშინსა და ჰაკუჰოს ერთმანეთს დაუპირისპირებდნენ, თუმცა, განრიგი არ შეცვლილა. როგორც აღვნიშნეთ, ხვალ ბაშოს ფავორიტები ძალებს ოძეკებთან მოსინჯავენ. ტოჩინოშინი მონღოლ ჰარუმაფუჯის მიჯრით მე-6 ბაშოზე დაუპირისპირდება. გორგაძეს 27 წლის დავაანიამ ბიიამბადიორჯი სამჯერ – ცურიდაშით, იორიკირითა და სუკუინაგეთი ჰყავს დამარცხებული, თავად კი ორჯერვე იორიკირით წაუგია.
ბოლო ტურში პრინციპული დაპირისპირება ელის მაკუუჩიში მოასპარეზე მეორე ქართველ თეიმურაზ ჯუღელსაც, რომელსაც სუმოს სამყაროში გაგამარუს შიკონათი იცნობენ. 200-კილოგრამიან ქართველს თანაბარი ბალანსი (7 მოგება-7 მარცხი) აქვს და ხვალ გაირკვევა, ტურნირის დადებითი ბალანსით დაასრულებს თუ – უარყოფითით.
ჯუღელმა ზედიზედ მესამე გამარჯვება “დიდი გზის” მეტსახელით ცნობილ დაიდოსთან იზეიმა, რომელიც ძურიოს დივიზიონიდან ელიტაში ერთი დღით დააწინაურეს. ქართველმა ტოკიოელი ოკურიტაოშით დაამარცხა. აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუ, ბოლო შერკინებას მე-10 მაეგაშირა ვაკაკოიუსთან გამართავს, რომელიც გასული წლის მარტსა და მაისში, ოშიტაოშითა და ოშიდაშით ჰყავს დამარცხებული.
ძურიოს დივიზიონში 5 გამარჯვების წილ მე-9 მარცხი განიცადა ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ, იგივე კოკაიმ. მე-6 რეიტინგის მქონე 30 წლის ქართველს მე-14 ნომერმა ცურუგიდაკემ ოშიდაშით აჯობა. “შავი ზღვა” მაისის ბაშოზე ბოლო ორთაბრძოლას 166 სმ. სიმაღლის მქონე იაპონელი საგაცუკასასთან (მე-12) გამართავს, რომელსაც ზურგს 12 მოგება უმაგრებს და ძურიოს ჩემპიონის ტიტული უკვე განაღდებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097264