იოკოძუნების არჩევისთვის შექმნილმა კომიტეტმა მონღოლი ჰაკუჰოს სპეციალური პრიზით დაჯილდოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ “თეთრმა ფენიქსმა” ლეგენდარული ფუტაბიამას რეკორდი ვერ დაამხო.
9 იანვარს, ჰაცუ ბაშოს გახნის დღეს ტოკიოს დარბაზ “კოკუგიკანის” დოჰიოზე 25 წლის სუმოისტი საპატიო სიგელსა და ქანდაკებას მიიღებს, რომელსაც ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი და სკულპტორი რიოჰეი მიიატა დაამზადებს.
როგორც აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე ცურუკამ აღნიშნა, “ზედიზედ 63 გამარჯვება უდიდესი მიღწევაა”, ამასთან მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დიდი ჩემპიონის მდგრადობას, რომელიც ნოემბრის ბაშოს მე-2 დღეს კისენოსატოსთან მარცხის მიუხედავად, არ “გატყდა” და ყველა დარჩენილი ორთაბრძოლა მოიგო.
არადა, ფუკუოკაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თავად ჰაკუჰომ აღიარა, რომ აღნიშნული მარცხის შემდეგ “სულისა და სხეულის ერთიანობის შეგრძნება” დაკარგა და ერთი ხანობა ტურნირიდან მოხსნაზეც კი ფიქრობდა, თუმცა, ბოლოს მაინც საღმა აზრმა იმარჯვა.
კითხვაზე თუ რა მიზნებს უსახავს საკუთარ თავს მომავალ ტურნირებზე, მონღოლმა იოკოძუნამ უპასუხა, რომ იოკოძუნა ტაკანოჰანას შედეგის დახობას აპირებს. ცნობისთვის, ამ უკანასკნელს “იმპერატორის თასი” 22-ჯერ აქვს მოგებული, ჰაკუჰოს კი ზურგს უკვე 17 ჩემპიონობა უმაგრებს.
აღსანიშნავია, რომ იმ პრიზით, რომელიც “თეთრ ფენიქსს” გადაეცა, 60 წლის წინ შექმნილ “იოკოძუნათა კომიტეტს” მხოლოდ სამი სეკიტორი ჰყავდა დაჯილდოვებული – ტაიჰო, კიტანოუმი და ტოიონოფუძი.







