სხვა

14:52 | 25.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰოს შემჩერებელი ისევ არ სჩანს

მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს შემჩერებელი არც 2010 წლის ივლისის ბაშოზე გამოჩნდა. 25 წლის “თეთრმა ფენიქსმა” ძიონ-შოთი (ყველა მოგება ტურნირზე) ზედიზედ მე-3 ტურნირი დაასრულა, სულ კი მიჯრით 47-ე მოგება იზეიმა და “იმპერატორის თასის” მფლობელი მეთხუთმეტედ გახდა.
აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში დასრულებული ბაშოს დასკვნით დღეს მუნხბატ დავააჯარგალმა ოძეკი ბარუტო იგივე კაიდო ჰოოველსონი სანახაობრივ ორთაბრძოლაში დაამარცხა. მომავალ რეიტინგში (ბანძუკე) ბალტიისპირელი აღმოსავლეთის მე-2 ოძეკი გახდება, ჰაკუჰოს უახლოეს მდევრად კი მონღოლივე ჰარუმაფუჯი იქცევა, რომელიც აღმოსავლეთის პირველი ოძეკის სტატუსს მიიღებს.
ნაგოიას ბაშოზე ზედიზედ 45 (!) მოგების მქონე ლეგენდარული ტაიჰოს მიღწევის გაუმჯობესების შემდეგ, ჰაკუჰოს მორიგი სამიზნე ტიონოფუძია, რომელსაც ზედიზედ 53 გამარჯვება აქვს მოპოვებული, შემდეგ კი ფუტაბიამა მოდის, რომელსაც 1936-დან 1939 წლამდე პერიოდში წაგების გემო 69 (!) ბრძოლის განმავლობაში არ შეეგრძნო.
ქართველ სუმოისტთაგან ტურნირის დადებითი ბალანსით ანუ კაჩი-კოშით დასრულება მხოლოდ ლევან ცაგურიამ მოახერხა. კოკაის შიკონათი ცნობილმა ქართული სუმოს პიონერმა დასკვნით დღეს მე-8 მაეგაშირა იოშიკაძესთან წააგო, თუმცა, ჯამში 8 გამარჯვებას მაინც გამორჩა და წოდებაში დაწინაურება გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ ნაგოიაში “შავი ზღვა” დასავლეთის მე-12 მაეგაშირას ტიტულით ირჯებოდა.
ტურნირის მიწურულს “გამოღვიძება” კომუსუბის წოდების შესანარჩუნებლად არ ეყო 22 წლის ქართველ სეკიტორ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინის. ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა სუმოისტმა ბაშოს ბოლოსკენ ზედიზედ სამი მოგება (ბოლო კიტატაიკისთან) მიითვალა, თუმცა, 9 მარცხი მოუგროვდა და სექტემბრის ტურნირს ისევ რიგითი მაეგაშირას ტიტულით შეხვდება.
მაკუუჩიში წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა 23 წლის ქართველ სეკიტორ თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც 202-კილოგრამს იწონის. ჩვენებურმა ბაშოს ბოლო დღეს (სენსურაკე) მე-15 მაეგაშირა ბუშუიამასთან იორიკირით წააგო და ბალანსი 5-10-ზე გაუხდა, ასე რომ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებას უფრო დაბალ რანგზე გაცვლის.
ნაგოიას ტურნირზე სანახაობრივი ასპარეზობისთვის პრიზი არავის მიუღია, მებრძოლის სულის გამოვლინებისთვის ოსი არანი და იაპონელი ჰომაშო დაჯილდოვდნენ, ხოლო ტექნიკური რიკიშის ტიტული კაკურიუს (სამივემ 11 ბრძოლის მოგება შეძლო) ერგო.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ არანმა, რომელიც “ერისკაცობაში” ალან გაბარაევად იწოდება, ტურნირზე ზედიზედ 10 გამარჯვება მიითვალა, რისი წყალობითაც სექტემბრისთვის პროფესიული სუმოს მე-3 რანგში ანუ სეკივაკობამდე აღზევდება.
მორიგი რეიტინგი ანუ ბანძუკე 30 აგვისტოს გამოქვეყნდება, ხოლო მომავალი ტურნირი 12-26 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173154