სექტემბრის ბაშოს მე-13 დღე ქართველი სუმოისტებისთვის წარუმატებლად დაიწყო. საკუთარი ბრძოლები გაგამარუმა და კოკაიმ დათმეს, მდგომარეობა კი ტოჩინოშინიმ გამოასწორა, რომელმაც კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) გაფორმებისთვის უაღრესად საჭირო გამარჯვება იზეიმა.
დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე კომუსუბის ტიტულის დაბრუნებას ცდილობს, მე-7 გამარჯვება კი მონღოლ მე-5 მაეგაშირა ჰაკუბასთან იზეიმა. 22 წლის ქართველმა გოლიათმა მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მსუბუქი (124 კგ.) წევრი დოჰიოდან ცურიდაშით გაიყვანა.
გორგაძეს დადებითი ბალანსისთვის დარჩენილი ორი ბრძილიდან ერთის მოგებაც ჰყოფნის, რაც მისი რეიტინგში დაწინაურების წინაპირობა იქნება. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე აკი ბაშოს ერთ-ერთი აღმოჩენა მე-12 მაეგაშირა ტაკეკაძე იქნება, რომელსაც 13-დან 11 ბრძოლა აქვს მოგებული. საინტერესოა ისიც, რომ “პატარა ტანკად” წოდებულმა იაპონელმა ზედიზედ 9 (!) შერკინება სათავისოდ დაასრულა და ამ სუპერსერიის განმავლობაში ქართველებს – გაგამარუსა და კოკაისაც აჯობა.
მიმდინარე წელს ტოჩინოშინი ტაკეკაძეს უკვე ორჯერ გადაეყარა და აშკარა უპირატესბას ფლობს. ქართველმა იაპონელს იანვარში ოშიდაშით სძლია, მარტში კი იორიკირით აჯობა.
ცნობისთვის, ტაკეკაძე დაუმარცხებელი იოკოძუნა ჰაკუჰოს ერთ-ერთი მადევარია, მეორე მოულოდნელად დაწინაურებული იაპონელი კი მე-11 მაეგაშირა იოშიკაძეა, რომელმაც მე-11 გამარჯვება ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურიასთან მიითვალა.
28 წლის იოშიკაძემ სასტარტო შეჯახებისთანავე “შავი ზღვა” დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია, რის შემდეგაც მეტოქის კორპუსში შესვლა შეძლო და იორიტაოშის წყალობით ქართველი მაყურებლებში მტკივნეულად გადაისროლა.
კოკაის “რიოგოკუ კოკუგიკანში” მე-5 მარცხი კი შეემთხვა, თუმცა, ზურგს 8 გამარჯვება უმაგრებს და წოდებაში დაწინაურება (ამჟამად, ლევანი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას ტიტულით ასპარეზობს) განაღდებული აქვს.
ხვალ, აკი ბაშოზე ქართული დუელის მომსწრენი გავხდებით. ცაგურიას მეტოქე თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ იქნება, რომელსაც თანამემამულის დარი ბალანსი (8 მოგება, 5 მარცხი) გააჩნია. გასულ ბრძოლაში, მაკუუჩის ყველაზე მძიმე (202 კგ.) წევრს მე-11 მაეგაშირა კოტოკასუგას მარჯვენა მხრიდან შეტევა “გაეპარა” და სუკუინაგეთი დამარცხდა. გაგამარუს კაჩი-კოში უკვე დაფიქსირებული აქვს და მომავალ ბანძუკეში აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებას უკეთეს ტიტულზე გაცვლის.
ცაგურია და ჯუღელი ერთმანეთს პირველად გასულ ივლისის ბაშოზე გადაეყარნენ და მაშინ გაცილებით გამოცდილმა კოკაიმ ცუკიოტოშით იმარჯვა.
ფენომენალურ შედეგზე მიდის მონღოლი ჰაკუჰო, რომელმაც ტოკიოს ბაშოზე ზედიზედ მე-13, სულ კი მიჯრით მე-60 (!) გამარჯვება მიითვალა. “თეთრ ფენიქსად” წოდებულმა 25 წლის მონღოლმა ამჯერად მე-2 ევროპელი ოძეკი ბარუტო არ დაინდო და ესტონელი სუმოისტი დოჰიოს უვატენაგეთი დაანარცხა.
ჰაკუჰოს იმპერატორის თასის დასაკუთრების შანსი მომავალ ბრძოლაში ექნება, როდესაც ოძეკი კოტოოშუს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, მონღოლი მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდება. ცნობისთვის, გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული ულან-ბატორელ გოლიათს ველიკო ტარნოვოში დაბადებული ბულგარელი ზედიზედ ექვსჯერ ჰყავს დამარცხებული.
და ერთიც. ჰაკუჰო სულ უფრო უახლოვდება ლეგენდარული ფუტაბიამას რეკორდს, რომელიც კარგა ხანი ხელშეუხებლად მოსჩანდა. ამ უკანასკნელს ზედიზედ 69 ბრძოლა აქვს მოგებული, ამ შედეგის გაუმჯობესება კი (თუ ყველაფერი კარგად წარიმართა), მონღოლს ნოემბრის ბაშოზევე შეეძლება.







