პროფესიული სუმოს უძლიერესი სეკიტორი – იოკოძუნა ჰაკუჰო მორიგი “იმპერატორის თასისკენ” დამაჯერებლად მიიწევს. ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის ტურნირზე, “თეთრ ფენიქსად” წოდებულმა მონღოლმა, ზედიზედ მე-10 გამარჯვება იზეიმა და ვინაიდან, მისმა კონკურენტებმა კიდევ ერთხელ წაიფორხილეს, ლიდერობაც გაიმყარა.
27 წლის ჰაკუჰომ სეკივაკე კოტოშოგიკუ ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაანარცხა, ჩემპიონობაზე მეოცნებე ევროპელ ოძეკებს კი, ცუდი დღე ჰქონდათ. ესტონელმა ბარუტომ რუს არანთან ცურიდაშით წააგო, ბულგარელ კოტოოშუს კი, მე-4 მაეგაშირა ჰომაშომ ოშიდაშით სძლია. ოძეკების მონაგარი 8 მოგება და 2 მარცხია.
მორიგი “შავი ტური” ჰქონდათ ქართველ სუმოისტებს, რომელთაგან გამარჯვება ვერცერთმა ვერ მოახერხა. 23 წლის ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ 10-დან მე-9 (!) მარცხი კომუსუბი კაკურიუსთან განიცადა. ქართველმა, მონღოლმა სეკიტორი დოჰიოს კიდესთან კი მიიმწყვდია, თუმცა, საპასუხოდ ჰატაკიკომი “გაეპარა” და ცუკიოტოშით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ირჯება, თუმცა, ამჟამინდელი შედეგების გათვალისწინებით, საგრძნობი უკუსვლა ელის. ლევანის მომდევნო მოწინააღმდეგე, მონღოლი მე-4 მაეგაშირა ტოკუსეგავა იქნება, რომელიც გასული წლის სექტემბერში იორიკირით ჰყავს დამარცხებული.
ცუდად მიდის ქართული სუმოს პიონერის, ლევან ცაგურიას საქმეებიც, რომელსაც სუმოს სამყაროში კოკაის შიკონათი იცნობენ. 29 წლის “შავ ზღვას”, მარჯვენა იდაყვი აწუხებს და დოჰიოზე, ფაქტობრივად, ცალი ხელით ირჯება, ამ ფონზე კი, წარმატებაზე ფიქრი ძალიან ძნელია.
ამჯერადაც, კოკაიმ კიტატაიკის მავაში მარცხენა ხელით დაიჭირა და შეტევის განხორციელება სამჯერ სცადა, თუმცა, 28 წლის იაპონელმა საფირმო მიგი-უვატე (მეტოქის ქამრის მარცხენა ხელით ზემოდან დაჭერა) დააფიქსირა, შიტატენაგეს დაუძვრა და უვატენაგე განახორციელა.
აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულის მქონე კოკაის, 3 გამარჯვების ფონზე 7 მარცხი მოუგროვდა, ეს კი, იმის მომასწავებელია, რომ კიდევ ერთი წაფორხილების შემთხვევაში, ქართველი სუმოისტი უარყოფით ბალანსს ანუ მაკე-კოშის დააფიქსირებს, აღნიშნული კი, მისი მაკუუჩიდან ძურიოში დაქვეითების მომასწავებელია.
კოკაის ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად, დარჩენილი ხუთივე ბრძოლის მოგება სჭირდება, ამ რთული მისიის შესრულებას კი, მე-12 მაეგაშირა კორიუსთან შეხვედრისას დაიწყებს. ერთი წელია,რაც ქართველი სუმოისტი 26 წლის მონღოლს არ დაპირისპირებია.
მე-6 მარცხი განიცადა მაკუუჩის ყველაზე მძიმე (198 კგ.) სეკიტორმა, თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ, რომლის მეტოქეც, მე-12 მაეგაშირა მოკონამი გახლდათ. 26 წლის მონღოლმა, ქართველი გოლიათი ზურგით ორჯერ შეატრიალა, თუმცა, თეიმურაზმა თავის დაძვრენა ორჯერვე შეძლო.
ბრძოლა მარცხენამხრიან დგომა ჰიდარი-იოცუში გადავიდა, სადაც მოკონამიმ გაგამარუს მავაში დაიჭირა და ქართველს საპასუხო მიგი-უვატე არ დააფიქსირებინა. ჯუღელი შერკინებაში გარდატეხის შეტანას მაინც შეეცადა, თუმცა, მონღოლმა იორიკირი განახორციელა და ხანგრძლივი ორთაბრძოლა სათავისოდ დაასრულა.
გაგამარუს ბალანსი 4-6-ზეა, ასე რომ, მას დადებითი ბალანსის ანუ კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად, დასკვნითი ხუთი შეხვედრიდან, ოთხის სათავისოდ დასრულება სჭირდება. ხვალ დილით, ქართველი სეკიტორი ძალებს 29 წლის იაპონელ ჰომაშოსთან მოსინჯავს. 23 წლის ქართველს მე-4 მაეგაშირა შარშან, ივლისში, შიტატედაშინაგეთი ჰყავს დამარცხებული.







