ივლისის ტურნირის ტრიუმფალურად მომგებმა მონღოლმა გოლიათმა ჰაკუჰომ სუმოს სამყაროში ატეხილი სკანდალის გამო, “იმპერატორის თასი” კი ვერ ასწია, თუმცა, როგორც გაირკვა, წინ უფრო დიდი დაფასება ელოდა – დაუმარცხებელმა ჩემპიონმა მისალოცი ბარათი თავად იაპონიის იმპერატორისგან მიიღო.
ქვეყნისა და იანოელი ხალხის ერთიანობის სიმბოლომ 25 წლის მონღოლის მიღწევებს საამაყო უწოდა და ისიც დაუფასა, რომ “თეთრმა ფენიქსმა” ნაგოიას ტურნირზე ძიონ-შოს შესრულება (ყველა შეხვედრის მოგება) სუმოს სამყაროსთვის რთულ პერიოდში მოახერხა. ამასთან, იმპერატორმა ჰაკუჰოს ჯანმრთელობა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
ბაშოს გამარჯვებულისთვის განკუთვნილი პირველი პირადი გზავნილის კომენტირებისას, საიმპერატორო სასახლის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ტეინო ჰეიკას ეროვნული სახეობის მიმართა საკუთარი შეხედულება არ შეუცვლია და მომავალშიც გააგრძელებს იმ ადამიანების მხადაჭერას, რომლებიც სუმოში მთელ ძალასა და სულს დებენ.
ცხადია, მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ჰაკუჰოზეც ამაღელვებლად იმოქმედა. “ამაზე მეტი დაფასება ჩემთვის არ არსებობს”, - განაცხადა მონღოლმა იოკოძუნამ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მოწვეულ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ “იმპერატორის თასის” 15-გზის მფლობელ “თეთრმა ფენიქსს” წლეულს უკვე მიჯრით სამი ტურნირი აქვს მოგებული, მარცხის გემო კი 47 (!) ბრძოლაა, არ შეუგრძვნია.
დათო მანჯავიძე







