ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონი, ფინელი მიკა ჰაკინენი, შესაძლოა, რბოლებს დაუბრუნდეს. ოღონდ, რა თქმა უნდა, დიდი პრიზების ცირკში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოასპარეზე ჰაკინენის ხილვა შეუძლებელია. სამაგიეროდ, თუ ფინელი პილოტი ”მერსედეს ბენცის” შეთავაზებას დათანხმდა, ის დიდი ტურიზმის კლასში იასპარეზებს.
ავტომობილი, რომლითაც, შეთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში, მიკას ასპარეზობა მოუწევს, ”მერსედეს SLS”-ა, რომელიც გერმანულმა კომპანიამ GT3 სერიის სპეციფიკაციების შესაბამისად მოამზადა. ავტომობილი, რომლის ღირებულებაც თითქმის 400 000 ევროა, სწორედ რბოლებისთვისაა შექმნილი და შესაძლოა, მერმისს ის ლე მანის რბოლაზეც ვიხილოთ.
საავტომობილო სამყაროში, ”მერსედეს SLS” თოლიას ფრთის სახელითაა ცნობილი და ის ფორმულა 1-ის ოფიციალური პეისქარია. მისი GT3-ვერსიის ტესტირება შტუტგარტელებმა გერმანულ სერია DTM-ის ხუთგზის ჩემპიონს, ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტ ბერნდ შნაიდერს მიანდეს. ავტომობილი უკვე მზადაა სარბოლ ტრასაზე ოფიციალური დებიუტისთვის, რომელიც 25 სექტემბერს, გერმანულ ნურბურგეინგზე, 4-საათიანი რბოლის დროს შედგება.
შეგახსენებთ, რომ ჰაკინენმა თავისი ორი საჩემპიონო ტიტული 1998 და 1999 წლებში მოიპოვა. ბოლოს ის გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატში (DTM) ასპარეზობდა, საიდანაც ორწელიწადნახევრის წინ წავიდა. მაგრამ ცნობილია, რომ ჰაკინენს ”სამქიმიანებთან” ურთიერთობა მას შემდეგაც არ გაუწყვეტია - ის გერმანული კომპანიის სახეა და მის სარეკლამო კლიპებშიც რეგულარულად მონაწილეობს.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







