მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ის გერმანული კლუბის მმართველ გუნდში მუშაობის დაწყებას არ აპირებს.
მიმდინარე სეზონში, “ბაიერნი” ისეთ შედეგებს აჩვენებს, რომ “რეკორდმაისტერისთვისაც” კი სარეკორდოა. ცნობილია, რომ ამ რეკორდების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი იუპ ჰაინკესი გუნდს ზაფხულში დატოვებს და მას სხვა კლუბთან ერთად ასევე არაერთი რეკორდის დამმყარებელი პეპ გვარდიოლა ჩაანაცვლებს. 67 წლის სპეციალისტის “ბაიერნში” წარმატებით მუშაობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის პენსიაზე გასვლას გეგმავს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. ამ უკანასკნელმა, ცოტა ხნის წინათ, განაცხადა, რომ “ბაიერნი” ჰაინკესის კლუბის სტრუქტურაში დასაქმებას შეეცდება. თუმცა, თავად ჰაინკესი ამის წინააღმდეგია.
“არამგონია, ფეხბურთელობისა და მწვრთნელობის 15 წლის შემდეგ, ოფისში მუშაობას დავთანხმდე. ეს ჩემი სამყარო არაა.” – აცხადებს იუპ ჰაინკესი.