სუმოს სამყაროში მომხდარი სკანდალის გამო, მარტის ბაშო ხომ გადაიდო და განახლებული რეიტინგის, იგივე ბანძუკეს გამოქვეყნებაც მიზანშეუწონლად ჩაითვალა. სამაგიეროდ, სუმოს ასოციაციამ საცნობარო ცხრილი ანუ ჰაიამი-ჰიო შეადგინა, რომელშიც ქართველ სეკიტორებს დაქვეითება არ ასცდათ.
ერთგვარი დროებითი რეიტინგი პროფესიული სუმოს სკოლებში დაიგზავნა და მისი ოფიციალურად გახმოვანება არ მომხდარა, თუმცა, ცხადია, ძირითადი ცვლილებების შესახებ ცნობილი გახდა.
მის თანახმად, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტული დასავლეთის მე-6 მაეგაშირობაზე გაცვალა, რომლითაც გასულ ტურნირზე თეიმურაზ ჯუღელი ირჯებოდა. თავის მხრივ, გაგამარუს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდება ერგო.
ქართველთაგან ყველაზე მეტად 29 წლის ლევან ცაგურია (კოკაი) დაზარალდა, რომელიც უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში 7-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში აღმოჩნდა.
იოკოძუნას სტატუსი შეინარჩუნა მონღოლმა ჰაკუჰომ, ხოლო ოძეკის ტიტულის ტარების უფლება ბულგარელ კოტოოშუს, ესტონელ ბალტს, მონღოლ ჰარუმაფუჯისა და იაპონელ კაიოს ერგოთ.
ამასთან, მაკუუჩიში ასპარეზობის უფლება მიიღეს 22 წლის იაპონელმა ტოჩინოვაკამ, 24 წლის ბრაზილიელმა კაისეიმა და 33 წლის კორეელმა კასუგაომ.
ცნობისთვის, სრულფასოვანი ბანძუკეს გამოქვეყნება 25 აპრილს იგეგმება, მომავალი – ნაცუ ბაშო კი 8-22 მაისს, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” შედგება.







