ჰოლანდიელმა რობინ ჰაასემ კიცბუეილის ტურნირზე ზედიზედ 12-ე მატჩი მოიგო. 2011 და 2012 წლებში მას ამ შეჯიბრების მთავარი პრიზი აქვს მოპოვებული. წლევანდელ მეოთხედფინალში რობინმა ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს 4:6, 6:4, 6:3 სძლია.
“სიცხის გამო თამაში ჭირდა. პირველ სეტში ვერდასკო მშვენივრად ასპარეზობდა და პრაქტიკულად უშანსოდ დამტოვა. მეორე პარტიიდან მოყოლებული თამაში წამივიდა, მეტოქეს წნეხის ქვეშ ვამყოფებდი და მნიშვნელოვანი შეხვედრაც მოვიგე”, - განაცხადა ნამატჩევს ჰაასემ.
კიცბუელში ნახევარფინალი დღეს ჩატარდება, ჰაასეს მოწინააღმდეგე კი კიდევ ერთი ესპანელი მარსელ გრანოლიერსი იქნება. მეორე ნახევარფინალური წყვილი არგენტინელმა ხუან მონაკომ და კიდევ ერთმა ესპანელმა ალბერტ მონტანიესმა შეადგინეს.