ფეხბურთი

11:03 | 3.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გზა მშვიდობისა ჩილე!

განა გასაკვირი ამბავია, რომ საყვარელ ნაკრებს ყველა ფენისა და კატეგორიის ადამიანები გულშემატკივრობენ... ნაკრები იმის ნაკრებია, რომ ყველას ეკუთვნის და თანაბრად გულთან მიმსვლელია ყველა ხელობისა და გაქანების მქონეთათვის, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ ჩილელი მაღაროელების მიერ მათი მშობლიური ქვეყნის ნაკრების მხარდაჭერის ვიდეოკლიპი მაინც გამორჩეული და ემოციური იყო. ეს ის მაღარიელები არიან, რომლებმაც შარშან მრავალი დღე ჩამონგრეულ მაღაროში გაატარეს, სიკვდილს თვალებში ჩახედეს, ბევრი მეგობარი დაეღუპათ, მაგრამ ეყოთ ძალ-ღონე და სიცოცხლისათვის ბრძოლის წყურვილით დღეს ცოცხლები არიან და თავიანთ მძიმე, მაგრამ მაგარ საქმეს კვლავ აკეთებენ!

ჰოდა, აბა როგორ არ აგიჩუყდება გული, როდესაც ეს მრავალ ტანჯვაგამოვლილი ჩილელი მაღაროელები ასე გულმხურვალედ და ომახიანად გულშემატკივრობდნენ ჩილეს ნაკრებს - იმ გუნდს, რომლის მუნდიალიდან გამოვარდნამაც მილიონობით ფეხბურთის გულშემატკივარს დასწყვიტა გული და ჩვენი ცრემლებიც ალალი იყოს ამ ჯიგრიან, მებრძოლ ბიჭებზე.

მოდით შევხედოთ, რიგითი ჩილელებისათვის რამხელა ბედნიერებაა, რომ მათი გუნდის გამოვარდნამ, ამდენი ადამიანი ააცრემლა. შეიძლება ორასი წელი იცოცხლო ადამიანმა და წუთითაც ვერ იგრძნო ის სიამაყე, რაც ჩილელებმა ამ მუნდიალის მიმდინარეობის დროს განიცადეს. არ შეეპუენ არავის - არც სახელებსა და არც ვარსკვლავებს და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ძლევის შემდეგ, საქმე ისე წაუვიდათ, რომ კინაღამ მასპინძლებიც დაიფრინეს. თერთმეტმეტრიანების სერიაში ვის არ წაუგია?! განა ეს წაგება სირცხვილია? განა ასე თამაში არ ღირს ცხოვრებად?...

ახლა კიდევ ერთხელ გადავხედე ინტერნეტ-გვერდებს. თითქმის ერთი კვირა გავიდა ჩილეს ნაკრების მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ და მაინც ყველას ეს გუნდი აკერია პირზე და ყველა ჩილელთა მოსაკლისებას უსვამს ხაზს. ბოღმიან და შეუწყნარებელ ხალხს ამქვეყნად რა დალევს და ისეთებიც არიან, რომლებსაც ჩილე უბრალოდ არ მოუვიდათ თვალში, მაგრამ სადაც საღი აზრია, იქ ჩილეცაა. სადაც ჩილეა, იქაა სწორედ დიდი და ნამდვილი ფეხბურთი. ჩილე ნაკრები უპირველესად მათთვის იყო პასუხი, ვინც მუდმივად ძველს მისტირის და ახლის არაფერი სჯერა. ფეხბურთი არ მომკვდარა ბატონებო. ფეხბურთი ცოცხალია!

იმ ინფორმაციის ზღვაში, რაც ჩილეზე იწერება და ალბათ კიდევ დაიწერება, განსაკუთრებით, ერთი უკრაინელი ნაკლებად ცნობილი მწვრთნელის მოსაზრება მომეწონა. ეს პატიოსანი კაცი ამბობს, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში უკვე ჰქონდათ განსაკუთრებული გუნდის დაბადების მოლოდინი, რადგან ყველას ყელში ამოუვიდა მუდმივად ერთი და იგივე გუნდების წარმატებები და სწორედ ეს ერთფეროვნება აფერხებდა ფეხბურთის განვითარებასო. ამ დროს კი აგერ ჩილე გამოჩნდა, იქვე მექსიკის ნაკრებიცაა, აქით კიდევ კოსტა რიკა და კოლუმბია ამბობენ თავიანთ სათქმელს. ერთი სიტყვით, ხალხს ინტრიგა და განსხვავებული გუნდების ნახვა მოენატრა და მუნდიალის წინ სწორედ ამას ველოდით. ველოდით და მივიღეთ კიდეც!

ჩილეს ეროვნული გუნდი სამშობლოში როდესაც ბრუნდებოდა, ამ ბიჭებს აეროპორტში მისული უამრავი გულშემატკივარი აცილებდა. მათ შორის ზოგს არგენტინისა და ბრაზილიის მაისურებიც კი ეცვათ რაც მოწმობს იმას, რომ ღირსეული ყოველთვის და ყველგან დაფასდება. საცოდავი და უბედური მსოლოდ ისაა, ვისაც თავისი ქვეყნისათვის თავის დადება არ შეუძლია. სამწუხაროდ, ეგეთებიც ბევრი ვიცით...

0.119667