ძიუდო

16:27 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილის ბრინჯაო ბაქოდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს გრანდ სლემი 2 მედლით დაასრულა. უშანგი მარგიანის (81 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ვერცხლს დღეს ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაო მიამატა. 18 წლის სპორტსმენმა აზერბაიჯანულ ტატამზე ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან ოთხში იმარჯვა, თან ოთხივეში იპონით და მედალთან ერთად 200 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

ძირითად ბადეში გამოსვლა ღვინიაშვილმა შვეიცარიელი კირილ გროსკლაუსის ძლევით გახსნა. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე 48 წამში დასცა ბეჭებზე. აზერბაიჯანელ ფირუდინ დადაშოვს ვაზარზე დასაგდებად და შესაბოჭად წუთი და 56 წამში აკმარა. მეოთხედფინალში ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან ერთ წუთში თავად დავარდა ბეჭებზე და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ შაჰინ გაჰრამანოვს წუთსა და 50 წამში ეფექტური სუფთა გდებით მოუმთავრა საქმე. იქამდე კი ვაზარის შესრულებაც მოასწრო.

რეპეშაჟის ფინალში ბექა ღვინიაშვილი იტალიელ ვალტერ ფასენტეს დაუპირისპირდა და წუთსა და 36 წამში შეუსრულა სუფთა გდება.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად ზვიად გოგოჭური იყო განთესილი, მაგრამ ტურნირს პირველივე შეხვედრით გამოეთიშა – საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო და ჰოლანდიელ ჯილომ ელმონთან სამწუთნახევარში მიღებული ოთხი შიდოთი წააგო. ამ შედეგში მთავარი წვლილი მსაჯს მიუძღვის, რომელიც ქართველი ძიუდოისტის მიმართ აშკარად ზედმეტად მკაცრი იყო.

დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს ორივე წონაში ორ-ორი მონაწილე ჰყავდა, მაგრამ ოთხივე მათგანი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა.

ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) ყაზახ მაქსიმ რაკოვთან დამარცხდა. შეხვედრის პირველ სამ წუთში მსაჯმა ორივე ძიუდოისტი სამ-სამჯერ გააფრთხილა. შემდეგ კი რაკოვი გააქტიურდა და ერთწუთიან მონაკვეთში მსხალაძეს ორჯერ შეუსრულა ვაზარი.

გურამ თუშიშვილმა (100 კგ) რუსეთის ნაკრების წევრ ზაფარ მახმადოვთან უშანსოდ წააგო. ორ წუთში ჯერ ვაზარზე დავარდა, შემდეგ იპონზე.

გიორგი ზაქარიაძისთვის (+100 კგ) დაუძლეველი ზღუდე აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაური აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა საქმე შებოჭვით მოამთავრა. როსტომ ხახალეიშვილი (+100 კგ) კი გრანდ სლემს მაროკოელ ელ მეჰდი მალკისთან წაგების გამო გამოეთიშა. ქართველმა მძიმეწონოსანმა მესამე წუთის მიწურულს ვაზარი აიღო, მაგრამ ბოლო ორ წუთში ისე დაიქანცა, ოთხ გაფრთხილებამდე ავიდა და გრანდ სლემს გამოეთიშა.

საქმეში საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთი წევრი ირინე ლეონიძეც (+78 კგ) ჩაერთო, მაგრამ კიმონო მანაც ერთადერთხელ მოირგო – ჩინელ ქსიაონან ქის ბოლომდე თანაბრად ებრძოლა და ზედ საფინალო სირენისას შებოჭვაზე მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114745