“უდინეზეს” მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო გვიდოლინი პოსტს ტოვებს და მოღვაწეობას ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე განაგრძობს. 58 წლის სპეციალისტმა ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.
“ჩემთვის, ეს კარგი დღეა. მწვრთნელი აღარ ვიქნები, მაგრამ “უდინეზეში” ვრჩები. მოხარული ვარ იმის გამო, რომ გუნდის დატოვება არ მიწევს. ეს, ჩემთვის, ახალი გამოცდილება, ახალი თავგადასავალია, რომლის დაწყებასაც მოუთმენლად ველი.” – აცხადებს გვიდოლინი.
ფრანჩესკო გვიდოლინი “უდინეზეს” 2010 წლიდან წვრთნიდა. პირველი 3 წლის განმავლობაში უდინელებმა სერია A-ში მე-4, მე-3 და მე-5 ადგილები დაიკავეს, ხოლო მიმდინარე სეზონში ისინი მე-13 პოზიციას დასჯერდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გვიდოლინის შეცვლის მთავარი კანდიდატი ლუიჯი დელ ნერია. ასევე სახელდება როლანდო მარანისა და სტეფანო პიოლის კანდიდატურები.