მას შემდეგ, რაც მიუნხენის “ბაიერნი” უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მოგებული თამაშების რაოდენობით რეკორდსმენ “ბარსელონას” გაუთანაბრდა, ბავარიული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ბაიერნი” ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში მოსკოვის “ცსკა”-ს ძლევით ახალი რეკორდის დამყარებას აპირებს.
“მოხარული ვარ, რომ გამარჯვებების სერიით ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევედით. “ბარსელონას” რეკორდის გამეორება მშვენიერია, მაგრამ ახალი რეკორდის დამყარება კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ამრიგად, მომავალი მატჩის წინ სამი ქულისთვის საბრძოლველად კიდევ ერთი დიდი სტიმული დაგვემატა. ამ მიღწევაში უდიდესი წვლილი გუნდის ყოფილ დამრიგებელ იუპ ჰაინკესს მიუძღვის” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
“ბაიერნის” მიერ “ვიქტორია პლზენთან” წუხელ მოპოვებული გამარჯვება (1:0) ზედიზედ მეცხრეა. “ბარსელონამ” ანალოგიური შედეგი 2002-2003 წლებში აჩვენა.