ფეხბურთი

13:59 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა და მოიესი საპასუხო მატჩის მოლოდინში

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა დევიდ მოიესმა და მიუნხენის “ბაიერნის” დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ თავიანთი გუნდების დაპირისპირების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მოგეხსენებათ, “მანჩესტერისა” და “ბაიერნის” პირველი 1/4-ფინალური მატჩი 1:1 დასრულდა.

პეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”): “ჩემს გუნდს ვულოცავ. შედეგით სავსებით კმაყოფილი ვარ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია. საგარეო მატჩში გავიტანეთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ისიც უნდა ითქვას, რომ რუნისა და უელბეკის ეპიზოდებში გაგვიმართლა.

მართალია, ბასტიან შვაინშტაიგერი და ხავი მარტინესი საპასუხო მატჩს გამოტოვებენ, მაგრამ მათ ღირსეულ შემცვლელებს აუცილებლად გამოვნახავთ. ფეხბურთში ასეთი შემთხვევები ხშირია და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. პირველი მატჩის 1:1 დასრულების შემდეგ, საპასუხო შეხვედრა ყოველთვის სახიფათოა. 2:1 რომც მოგვეგო, მშვიდად ვერ ვიქნებოდით. ვეცდებით, მიუნხენში გავიმარჯვოთ. დარწმუნებული ვარ, “ბაიერნს” ეს შეუძლია. იმედია, გერმანელი გულშემატკივრებიც ისე დაგვეხმარებიან, როგორც ინგლისელები “მანჩესტერს” ქომაგობდნენ”.

დევიდ მოიესი (“მანჩესტერი”): “გვესმის, რომ “ალიანს არენაზე” გოლის გატანა გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე “ბაიერნი” გავა. პირველი მატჩის წინ, ჩვენი გეგმა იყო, რომ მიუნხენში 1/2-ფინალში გასვლის რეალური შანსით ჩავსულიყავით და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ. “ბაიერნის” მოედანზე 100%-ით უნდა დავიხარჯოთ”.

 

0.111397