ფეხბურთი

17:09 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გურიას” ამბები – მახარაძე იმედიანადაა, ფეხბურთელები კი დააკავეს და ისევ გამოუშვეს

ლანჩხუთის “გურიას” სეზონის სტარტზე განცდილი მარცხი (“ვიტ ჯორჯიასთან” 0:3) არავის გაჰკვირვებია. გუნდიდან სეზონის წინ 14 ფეხბურთელი წავიდა. პირველი შვიდეული ადრე, შემდეგ კი მას მეორე შვიდეული მიჰყვა. ამას მოჰყვა ის, რომ გუშინდელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები დააკავეს ლანჩხუთში – 4 ფეხბურთელი იმ შვიდიდან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გუნდიდან წავიდნენ და უკმაყოფილონი იყვნენ იმ ფაქტით, რომ სხვა მოთამაშეებმა სოლიდარობა არ გამოუცხადეს და თამაშზე უარი არ თქვეს.

შელაპარაკება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა: ფეხბურთელები ლანჩხუთში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და ხელწერილით გაათავისუფლეს.

რა სიტუაციაა ზოგადად გუნდში, ამის გასარკვევად “მსოფლიო სპორტი” “გურიას” მწვრთნელ დავით მახარაძეს დაუკავშირდა:

-    “ვიტ ჯორჯიასთან” ოთხმა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომლებსაც გუნდში ნავარჯიშებიც არ ჰქონდათ. სახელდახელოდ ჩავწერეთ განაცხადში. რაც ჩვენთან ხდება, გეთანხმებით, არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ გამოსწორების იმედი მაქვს. ჩამოსულები არიან ის ადამიანები, რომლებიც დაფინანსებას გვპირდებიან და გაძლიერებაც ნელ-ნელა დავიწყეთ.

-    ვინ მოიყვანეთ?

-    ჯერ მინდია ბობღიაშვილი “სიონიდან” და მამუკა ტორონჯაძე “მერანიდან”. კიდევ იქნებიან ახალწვეულები. და კიდევ, იმ 7 ფეხბურთელის საკითხი, რომლებმაც ბოლოს დატოვეს კლუბი, გასარკვევია. მათთან კონტრაქტებია გაფორმებული და კლუბის ხელმძღვანელობას პრინციპული პოზიცია უკავია.

-    ამბობთ, ფინანსური სიტუაციის გამოსწორების იმედი მაქვსო. რეალურად?

-    არის ინვესტორთა ჯგუფი და მუშაობა მიმდინარეობს ფეხბურთელების დამატებაზე. მათ შორის, უცხოელებისაც: რა თქმა უნდა, მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებზე არაა საუბარი.

-    და იმ 7 ფეხბურთელის საკითხი, რომლებიც ბოლო დღეებში წავიდნენ, როდის გაირკვევა? მათი პოზიცია გასაგებია: კარგა ხანია, კუთვნილი თანხა არ აუღიათ.

-    ძაძამია, კილაძე, ჯანგიძე, შალამბერიძე, კვერენჩხილაძე, დარჩიძე და კილაძე – გასარკვევია მათი საკითხი. კლუბმაც იცოდა, რომ მათ მიმართ დავალიანება იყო, ნაწილის გადახდას 10 აგვისტოს, შემდეგ კი თვის ბოლომდე დაფარვას ჰპირდებოდნენ. მესმის ეს ყველაფერი და ყველას მდგომარეობაში შევდივარ, მაგრამ გამოსწორების იმედი მაქვს.

0.116405