ფეხბურთი

0:08 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

,,გურიამ” ზედა ექვსეული გაინაღდა

ფრუიძე მინდვრის საფარით უკმაყოფილო დარჩა

 

ლანჩხუთში გამართულ დღევანდელი მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გასულ ტურში თბილისის ,,დინამოსთან” დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, საჩხერელთათვის ზედიზედ მეორე დამარცხება მათ ამბიციებს გვარიანად შეარყევდა. რაც შეეხება გურულებს, წინა ტურში ,,სპარტაკთან” წაფორხილების მიუხედავად, მათ ზედა ექვსეულში მოხვედრის მშვენიერი შანსი ჰქონდათ და გამარჯვების შემთხვევაში სანუკვარ მიზანს თითქმის ინაღდებდნენ.

მატჩის დებიუტშივე საჩხერელთა ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი მოედნის ცენტრს დაეუფლნენ და მეტოქეს წინ წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. უპირატესობის მიუხედავად სტუმრებმა მეტ-ნაკლებად ხეირიანი სახიფათო მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს.

ტაიმის მესამედის მიწურულს გურულებიც გამოცოცხლდნენ და პირველივე გააზრებული შეტევის შედეგად კინაღამ ანგარიშიც გახსნეს. კვირტიას აქტიურობის შემდეგ ძამსაშვილი ბურთს მეკარის ბაქნის კუთხესთან დაეუფლა და ძლიერი დარტყმა განახორციელა. გამოცდილმა სომხიშვილმა სწორი პოზიცია შეარჩია და ხიფათი უვნებელყო.

27-ე წუთზე დაწინაურების შანსი ,,ჩიხურასაც” მიეცა. თანაგუნდელებმა ჯიღაური ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს, მაგრამ ჯაბამ ბურთის მიღება-დამუშავებას დიდი დრო მოანდომა, კარში დარტყმაც დააგვიანა და მომენტიც დაიკარგა.

ამის შემდეგ თამაში მასპინძელთა უპირატესობით გაგრძელდა. 31-ე წუთზე ძამსაშვილი მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერად გაისროლა. ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო. წუთის შემდეგ სიტუაცია ცოტათი დაიძაბა. კვერენჩხილაძე ბურთიანად მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ორ მცველთან ჭიდილში გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. გურულები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა თამაში არ გააჩერა, რითაც მატჩზე დამსწრე გულშემატკივართა რისხვა გამოიწვია.

43-ე წუთზე გურულებმა საკუთარ არენაზე ნანატრი გოლის გატანა მოახერხეს. მასპინძლებმა მეტოქის იერიში ჩაშალეს და ბურთი ისიანის მისამართით გაგზავნეს. ლანჩხუთელთა შემტევმა ბოლომდე იბრძოლა, მეტოქის მცველებს აჯობა და ზუსტი დარტყმით სომხიშვილს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.

1:0 – ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.

შეხვედრის მეორე ნახევარიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 56-ე წუთზე შენგელიას ფლანგურ ჩაწოდებულზე შეცვლაზე შესული ვალტერ ხორგუაშვილი ცდილობდა თავით ბურთის კარში გადაგზავნას, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. თითქმის მაშინვე ისიანს ჰქონდა დუბლის შესრულების შესაძლებლობა, მაგრამ სულ ბოლო მომენტში მცველებმა იმარჯვეს და სიტუაცია განმუხტეს.

68-ე წუთზე ,,ჩიხურას” ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიეცა. საკმაოდ შორი მანძილიდან დეკანოიძის დარტყმის შემდეგ ბურთი უცნაური ტრაექტორიით გაფრინდა. ბობღიაშვილმა ივაჟკაცა. იგი თითის წვერებით მისწვდა კარის ზედა კუთხისკენ მიმქროლავ ბურთს და კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგ შეხვედრისთვის დარჩენილი დრო ისევ მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. 75-ე წუთზე ჩუენსუს გამჭოლ გადაცემას შენგელია სწორად ვერ დაუხვდა და ბურთს ფეხი ააცილა. თითქმის მაშინვე მეგრელიშვილის კარგი გადაცემის შემდეგ ისიანი ურტყამდა ხელსაყრელი მდგომარეობიდან, თუმცა დარტყმა მეტისმეტად არაზუსტი გამოუვიდა.

81-ე წუთზე მასპინძლებმა მეორედ გაიხარეს. დიდოსტატურად ითამაშა შეცვლაზე შესულმა ნიქაბაძემ. ვალტერ ხორგუაშვილის პასის შემდეგ მან სომხიშვილი მოძრაობაზე დაიჭირა და კარის საპირისპირო კუთხეში აუღელვებლად დაურტყა – 2:0.

შეხვედრის უკანასკნელ წუთზე მასპინძლებს დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლოთ. ამ შეხვედრაში აშკარად გამორჩეულმა ისიანმა მისი მეურვე ერთი მოძრაობით ჩამოიცილა და საჯარიმოს წინა ხაზიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა. ბურთი ხარიხამ აისხლიტა და მინდორს დაუბრუნდა. დამატებაზე გურულთაგან ვერავინ იყოჩაღა.

ამასობაში არბიტრის საფინალო სასტვენიც გაისმა, რომელმაც ლანჩხუთელთათვის მეტად საჭირო გამარჯვება დააფიქსირა. ამ გამარჯვებით ,,გურიამ’’ ადგილი ზედა ექვსეულში გაინაღდა.

 

პრესკონფერენცია:

დავით მახარაძე (,,გურია’’): ,,ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, თან პირველ წრეში 1:5 გვქონდა წაგებული. ვიცოდით, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეიძლებოდა ზედა ექვსეულში მოვხვედრილიყავით. ბიჭებმა თავი დადვეს და დავალება პირნათლად შეასრულეს. დიდი მადლობა მათ ამისათვის. ცოტა იღბალმაც გადმოგვხედა. სხვა მატჩები ჩვენთვის სასიკეთო შედეგებით დასრულდა და ექვსეულში მოვხვდით, თუმცა ბრძოლას ამით არ შევწყვეტთ და ყველა მომდევნო მატჩში კვლავ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.”

სოსო ფრუიძე:  (,,ჩიხურა “):  ,,პირველ რიგში ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და ექვსეულში მოხვედრას. არ მინდა წაგება ვინმეს დავაბრალო, მაგრამ ასეთი მოედნის გამო ჩვენ საკუთარ არენაზე თამაშის ნება არ დაგვრთეს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ჩემი გუნდის ფეხბურთელებმა მთელი ენერგია მინდვრის საფართან ჭიდილს და მსაჯთან კამათს შეალიეს და თამაშისთვის ძალა აღარ შერჩათ.’’

გურია (ლანჩხუთი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:0 (1:0)
9 მარტი. 15.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე.” 2500 მაყურებელი.

გურია: ბობღიაშვილი (კ), ჩუენსუ, ნ. კილაძე, ქურდაძე, მეგრელიშვილი, გაჩეჩილაძე, ძამსაშვილი,  შენგელია (გაგნიძე 78), კვირტია (ვ. ხორგუაშვილი 52), ისიანი, კვერენჩხილაძე (ნიქაბაძე 62);

მწვრთნელი:  დავით მახარაძე

ჩიხურა: სომხიშვილი (კ), გ. კვარაცხელია, ჯიღაური (ნ. კვასხვაძე 54), გაბედავა, ელ. გრიგალაშვილი, ლომაშვილი, გ. დათუნაიშვილი (წინამძღვრიშვილი 66), შ. კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე, ხმალაძე;

მწვრთნელი:  სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 ისიანი (43), 2:0 ნიქაბაძე (81);

გაფრთხილება:  ოდიკაძე (15), გაბედავა (31), გ. დათუნაიშვილი (35), შენგელია (54);

მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი

 

 

 

0.15801