ნამდვილად კარგად დაცადეს ქობულეთის ,,ჩელე არენა’’ გურულებმა. ჯერ იყო და ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თბილისის ,,დინამო’’ დაამარცხეს, შემდეგ რუსთავის ,,მეტალურგსაც’’ სძლიეს, ახლა კი ევროპის ლიგაზე არც თუ ურიგოდ მოასპარეზე გორელები შინ ასევე უქულოდ გაისტუმრეს.
შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის 100%-იანი შესაძლებლობა მიეცათ. კუკულაძემ სტუმართა მცველების შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გაიჭრა. გურულთა კაპიტანს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მან რატომღაც რევიშვილის მოტყუება მოინდომა, ეროვნული ნაკრების კარის დარაჯს ვერ აჯობა და დაწინაურების შანსიც გაანიავა. მომდევნო სახიფათო მასპინძლებმა მე-19 წუთზე შექმნეს. გორელთა შეტევის შემდეგ ბობღიაშვილი ბურთს დაეუფლა და ძლიერი დარტყმით იგი შალამბერიძისკენ გადაამისამართა. გურულთა ნახევარმცველმა მეკარის დაწყებული იერიში გააგრძელა და საჯარიმოში შევარდნილ კოშკაძისკენ გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რომელმაც თანაგუნდელთა კომბინაცია შეუჩერებელი დარტყმით დაასრულა. გურულთა სამწუხაროდ, ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო.
ტაიმის შუაწელიდან სტუმრებიც გამოცოცხლდნენ და თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. ანგარიშში დაწინაურების კარგი შესაძლებლობა გორელებს 23-ე წუთზე მიეცათ. მრავალსვლიანი კომბინაცია მოდებაძემ გააგრძელა და იდეალური პასით აბურჯანია საგოლე პოზიციაში გაიყვანა. მართალია, გორელთა ახალგაზრდა ფეხბურთელმა დარტყმა დროულად შეასრულა, მაგრამ ბობღიაშვილიც შესაშურად გაისარჯა, იგი ნახტომით მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.
სტუმართა სახიფათო ჩხვლეტას გურულებმა 5 წუთში უპასუხეს. კუკულაძემ მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა და საჯარიმოში მყოფ ისიანს მაღლივი, გამიზნული გადაცემით ბურთი პირდაპირ თავზე დაასვა. ლანჩხუთელთა ფორვარდმა თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და თავური დარტყმით ბურთი სტუმართა კარისკენ გადაგზავნა, რომელიც ძელმა აისხლიტა. დამატებაზე მასპინძლებმა ვეღარ ივარგეს.
ამის შემდეგ წვიმა დაიწყო და თამაში შედარებით დამშვიდდა. თუ არ ჩავთვლით მოდებაძის ძლიერ გასროლას საჯარიმოს რკალიდან, რომლის შემდეგაც ბურთმა ხარიხას ზევიდან გადაუფრინა. ტაიმის ბოლომდე აღსანიშნავი აღარაფერი მომხდარა.
შეხვედრის მეორე ნახევარში წვიმამ კიდევ უფრო იმატა და მოედანზე ძალისმიერი ბრძოლა გაჩაღდა. მიუხედავად ამისა, ორმხრივი შეტევები არ შენელებულა და სახიფათო მომენტებიც მრავლად იქმნებოდა.
56-ე წუთზე შალამბერიძის მოწოდებულ კუთხურზე ყველაზე მარჯვე ისიანი გამოდგა. მან ყველას დაასწრო და თავური დარტყმით ბურთი გორელთა კარისკენ გაგზავნა, თუმცა უშედეგოდ. 2 წუთში სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს. გორელიშვილის გადაცემით მაისურაძე ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმული ოდნავ ასცდა მიზანს. მე-60 წუთზე თანაგუნდელებმა ისიანი დასარტყმელ პოზიციაში გაიყვანეს. იგი ოდნავ წინ გადაადგილდა და საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად გაისროლა. რევიშვილმა სწორი პოზიცია დაიჭირა და ხიფათი უვნებელყო.
3 წუთში გურულებმა ანგარიში გახსნეს. მატჩის საუკეთო მოთამაშეს, კობა შალამბერიძეს შრომა დაუფასდა. ლანჩხუთელთა სწრაფი შეტევის დამამთავრებელ ფაზაში საჯარიმოს კუთხესთან ბურთს შალამბერიძე დაეუფლა. იგი ოდნავ ცენტრისკენ გადაადგილდა და ძლიერი დარტყმით გორელთა კარის ბადე შეარხია – 1:0.
იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, სტუმართა დამრიგებელმა ორმაგ შეცვლას მიმართა და მთელი გუნდი შეტევაზე გადააწყო. 67-ე წუთზე მოედნის კიდესთან დანიშნული ჯარიმა შეცვლაზე შესულმა ალადაშვილმა პირდაპირ კარში ჩაახვია. ბობღიაშვილი გამოსვლაზე შეცდა, მაგრამ გურულთა გასახარად ბურთმა კარის მარცხენა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. 5 წუთში გორელებს ანგარიშის გაქვითვის საუკეთესო შესაძლებლობა მიეცათ. ახალშემოსული ქვილითაიას დარტყმა ბობღიაშვილმა გაჭირვებით მოიგერია. მეკარის ბაქნიდან დამატებას გორელი ფეხბურთელები ცდილობდნენ, მაგრამ იობაშვილმა ივაჟკაცა. მეტოქის დარტყმულს ჩაუწვა და თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან იხსნა.
ამის შემდეგ შალამბერიძის ჯერი დადგა. მის აქტიურობას ხუთი წუთის განმავლობაში ზედიზედ სამი სახიფათო მომენტი მოჰყვა. 75-ე წუთზე მან პრაქტიკულად თავისი საგოლე შეტევა გაიმეორა და კარში დარტყმა თითქმის იმავე ადგილიდან განახორციელა, მაგრამ ამჯერად სამიზნემ დააღალატა. ორი წუთის შემდეგ მისი კარგი გადაცემით კოშკაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა რევიშვილმა სიტუაცია სწორად შეაფასა, გურულ ფეხბურთელს ბურთთან წამით მიასწრო და ხიფათი განმუხტა, თუმცა დროებით, ზემოთხსენებული დუეტის აქტიურობას მასპინძელთა მეორე გოლი მოჰყვა. 79-ე წუთზე გურულთა შეტევის შემდეგ შალამბერიძე საჯარიმოს კუთხესთან ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბურთი უკეთეს მდგომარეობაში მყოფ კოშკაძეს გადააწოდა. ლანჩხუთელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს გარჯა დაუფასა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაზარდა – 2:0.
ამის შემდეგ გორელებმა ერთი კიდევ გაიბრძოლეს, მაგრამ 82-ე წუთზე მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ჩუენსუს წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის არბიტრმა ღონღაძე მოედნიდან გააძევა. ათი კაცის წინააღმდეგ დარჩენილმა გურულებმა კიდევ უფრო გაილაღეს და შეხვედრის ბოლოს დიდი ანგარიშით გამარჯვების შანსიც მიეცათ. შეცვლაზე შესული შენგელიას მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ ისიანი ურტყამდა თავით მეკარის ბაქნიდან, მაგრამ ბურთი ამჯერადაც კარის ძელმა აისხლიტა.
ამასობაში არბიტრის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა, რომელმაც ლანჩხუთელთა დამსახურებული გამარჯვება დააფიქსირა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
რომან პოკორა (,,გურია”): ,,ჩემი აზრით დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ,,გურიას’’ მოგება უფრო უნდოდა. ბიჭების დიდი მადლობელი ვარ. მათ ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის. ჩვენი მიზანი დღევანდელი დღით არ შემოიფარგლება. გვინდა, რომ ექვსეულში მოვხვდეთ. მართალია, ქობულეთში თავს კარგად ვგრძნობთ, მაგრამ საკუთარ მოედანზე თამაში გვირჩევნია. როგორც შეგვპირდნენ, 3 ნოემბრიდან საკუთარ არენაზე ვითამაშებთ”.
გიორგი ტუღუში (,,დილა”) - ,,დაძაბული თამაში იყო. პირველი გოლი უხეში შეცდომის შედეგად მივიღეთ. შემდეგ წინ წავედით და გათანაბრება ვცადეთ, თუმცა არ გამოგვივიდა. ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდში ახალი სისტემით თამაში დანერგა. ამას დრო სჭირდება. ყველაფერი უცებ არ გამოდის. იმედი გვაქვს მომავალ შეხვედრებში გავიმარჯვებთ”.
,,გურია” (ლანჩხუთი) - ,,დილა” (გორი) 2:0 (0:0)
6 ოქტომბერი. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 500 მაყურებელი
,,გურია”: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, გაჩეჩილაძე (დარჩიძე 64), კუკულაძე (კ) (შენგელია 61), კოშკაძე, შალამბერიძე, ისიანი (ტორონჯაძე 90);
მთავარი მწვრთნელი: რომან პოკორა
,,დილა”: რევიშვილი, ღონღაძე, კობახიძე, თომაშვილი, ფილიევი (გ. ქვილითაია 67), აბურჯანია, დიასამიძე (დოლიძე 68), გორელიშვილი, მაისურაძე, მოდებაძე (კ), გ. გურული (ალადაშვილი 15);
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გოლები: 1:0 შალამბერიძე (63), 2:0 კოშკაძე (79);
გაფრთხილება: აბურჯანია (38), გაჩეჩილაძე (43), ჯოჯუა (83), დოლიძე (90+3);
გაძევება: ღონღაძე (82);
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი
1. | თბილისი | 8 | 6 | 1 | 1 | 19:7 | 19 | |
2. | ტორპედო | 8 | 5 | 3 | 0 | 13:4 | 18 | |
3. | ჩიხურა | 8 | 5 | 1 | 2 | 17:11 | 16 | |
4. | გურია | 8 | 4 | 0 | 4 | 8:9 | 12 | |
5. | მერანი | 8 | 4 | 0 | 4 | 11:14 | 12 | |
6. | ვიტ ჯორჯია | 8 | 3 | 2 | 3 | 13:11 | 11 | |
7. | დილა | 8 | 3 | 2 | 3 | 10:10 | 11 | |
8. | მეტალურგი | 8 | 3 | 2 | 3 | 9:14 | 11 | |
9. | ზესტაფონი | 8 | 3 | 1 | 4 | 9:7 | 10 | |
10. | სიონი | 8 | 2 | 2 | 4 | 10:13 | 8 | |
11. | ზუგდიდი | 8 | 1 | 2 | 5 | 3:13 | 5 | |
12. | სპარტაკი | 8 | 1 | 0 | 7 | 4:13 | 3 |
ბომბარდირები:
7 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), 6 - დორინ გოგა (დინამო), 5 - ირაკლი მოდებაძე (დილა), 4 - ირაკლი ქობალია (ზესტაფონი), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია), გიორგი კორიფაძე (ვიტ ჯორჯია).
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.